კომენტარი

მწვანე ალტერნატივა თბილისის სტიქიის შესახებ

16 ივნისი, 2015 • 1449
მწვანე ალტერნატივა თბილისის სტიქიის შესახებ

 

მიზეზების დადგენის  პროცესი უნდა შედგებოდეს კატასტროფის არა მარტო ატმოსფერული, გეოლოგიური თუ ჰიდროლოგიური წინაპირობების შეფასებისგან, არამედ უნდა დადგინდეს, ასევე, სტრუქტურული (ნაგებობები, დაცვითი ღონისძიებები) და არასტრუქტურული (კანონმდებლობა, ინსტიტუციების მუშაობა) ღონისძიებების ადეკვატურობაც. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, რომ მიზეზების დადგენის პროცესი იყოს გამჭვირვალე, ხოლო შედეგები – სანდო.

 

თბილისში 13-14 ივნისს განვითარებული მოვლენების მიზეზების შესახებ ოფიციალური განმარტება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ძალზე მოკლე ხანში,  15 ივნისს გააკეთა. სამინისტროს ვერსია ემთხვევა სოციალურ ქსელებში გამოთქმულ ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ბუნებრივი კატასტროფა წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესების განვითარებას მოჰყვა. ყურადსაღებია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ასევე სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად, თბილისში, ვერეს ხეობაში განვითარებული მოვლენები წინ უსწრებდა წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოწოლას.

 

სამინისტროს დასკვნა სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება, ის მოვლენიდან ძალზე მოკლე პერიოდში გაკეთდა და მისი სანდოობა, ჩემი აზრით,  საეჭვოა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალაქსა და მის შემოგარენში გეოლოგიური მონიტორინგი წლებია აღარ ტარდება. სამინისტროს მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებული სტიქიური მოვლენის  ლამაზი გრაფიკული ვიზუალიზაცია ვერ გააბათილებს დეტალური კვლევის ჩატარების აუცილებლობას; იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა არ შემოიფარგლება (და საზოგადოებაც არ დაკმაყოფილდება) დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით და ჩატარდება ბუნებრივი კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დეტალური კვლევა.

 

ამ კვლევის ჩატარებისას სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, ასევე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: დაამძიმა, თუ არა კატასტროფის შედეგები სათანადო შესწავლის გარეშე ანდა უნებართვოდ აშენებულმა ობიექტებმა? დადგებოდა თუ არა იგივე სიმძიმის შედეგები, საავტომობილო მაგისტრალი, გვირაბები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები რომ არ ყოფილიყო ადიდებული ვერეს გზაზე? დადგებოდა თუ არა იგივე სიმძიმის შედეგები, საავტომობილო გზას სხვა კონფიგურაცია ან გამტარუნარიანობა რომ ჰქონოდა? დადგებოდა თუ არა იგივე შედეგები, ადრეული გაფრთხილების სისტემას გამართულად რომ ემუშავა? დადგებოდა თუ არა იგივე შედეგები, რომ არსებობდეს თბილისის გარემოზე (მათ შორის, გეოლოგიურ პროცესებზე) დაკვირვების გამართული სისტემა?

 

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია იმისათვის, რომ დადგინდეს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების საჭიროება; ასევე, გამოვლინდეს ის თანამდებობის პირები თუ სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც არასწორი ან მიკერძოებული (შესაძლოა, კორუფციული) გადაწყვეტილებები მიიიღეს, ან არ იმოქმედეს და უმოქმედობით გამოიწვიეს ეს შედეგები.

 

ჩემთვის გასაკვირია, რომ ეს საკითხები დღეს რატომღაც პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად იქცა, რადგან წინა (ნაციონალური მოძრაობის) და ახლანდელი (ქართული ოცნების) ხელისუფლებების მიდგომები, პრაქტიკულად, არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსაკუთრებით თვალნათელია მაშინ, როდესაც საქმე ეხება გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ასპექტების, „ეკონომიკური“ ასპექტების თანაზომიერად განხილვას ამა თუ იმ (როგორც წესი, მეტად საეჭვო ეკონომიკური სარგებლის მქონე) პროექტის დაგეგმვა-განხორციელებისას. აქვე შემიძლია მოგიყვანოთ ამის ბოლო მაგალითი: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ამჟამად მუშაობს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ სისტემის  მარეგულირებელ ახალ საკანონმდებლო აქტზე; სამინისტრო ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებს შეესაბამება; ეს მაშინ, როდესაც კანონპროექტი კვლავ არ ცვლის ამჟამად მოქმედ იმ ნორმებს, რომელმაც შესაძლებელი გახადა, მაგალითად, გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების გარეშე.  

 

მინდა დავუბრუნდე კვლავ კვლევის პროცესისა და შედეგების სანდოობას –  მნიშველოვანია, რომ კვლევის ვადები და პროცედურები დროულად და ნათლად იყოს დადგენილი. ასევე, საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, როდის უნდა ელოდოს შედეგებს. შედეგების სანდოობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვლევაში ჩართულთა  კომპეტენციას და მიუკერძოებლობას. ჩემი აზრით, მკვლევართა ჯგუფში არ უნდა იყვნენ ჩართული ის სპეციალისტები ანდა საკონსულტაციო კომპანიები, რომელთაც შესაძლოა გააჩნდეთ მცირედი შეხება მაინც გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძის პროექტთან (და ასევე, საუკეთესო შემთხვევაში, არ ჰქონდეთ რაიმე მიმდინარე დაკვეთა თბილისის მერიასთან).

 

დასასრულს მინდა გავამხვილო ყურადღება იმ საკითხზე, რითიც დავიწყე – მიზეზების შესწავლას, რესურსის დახარჯვას აზრი უნდა ჰქონდეს! თუ პროცესი არ იქნება გამჭვირვალე, თუ შედეგები არ იქნება სანდო, თუ სახელმწიფო ინსტიტუციები არ მიიღებენ, არ გაითავისებენ კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს და არ აიღებენ მათი შესრულების ვალდებულებას, მაშინ კატასტროფის მიზეზების შესწავლა აზრს მოკლებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი