კომენტარი

იმედი მაქვს გალში შეხვედრები აღდგება – ინტერვიუ EUMM-ის ხელმძღვანელთან

22 აპრილი, 2015 • • 1369
იმედი მაქვს გალში შეხვედრები აღდგება – ინტერვიუ EUMM-ის ხელმძღვანელთან

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, EUMM-მა მონიტორების რაოდენობა შეამცირა საქართველოში. თუ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს და თუ ეს ინფორმაცია სწორია, მაშინ რა იყო ამის მიზეზი და ხომ არ იმოქმედებს ეს ფაქტი ნეგატიურად მისიის საქმიანობის ეფექტურობაზე საქართველოში?

EUMM-ის ავტორიზებული მონიტორების ძალის თვალსაზრისით ცვლილება არ ყოფილა, მაგრამ მისიამ განიცადა რეორგანიზაცია, რაც ნორმალურია მისიისთვის, რომელიც უკვე თითქმის 7 წელია არსებობს. მისია გააგრძელებს მანდატით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას და რესტრუქტურიზაციის შედეგად უფრო გააძლიერებს თავის ანალიტიკურ და ნდობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო სამუშაოებს. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები EUMM-ზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს, უფრო პირიქით. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ EUMM-ის მანდატი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა – 2016 წლის დეკემბრამდე. ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის ურყევი ერთგულების საუკეთესო მტკიცებულება.

 

ამ დრომდე ვერ მოხერხდა IPRM-ის შეხვედრების აღდგენა აფხაზურ მხარესთან. რა არის ამის მიზეზი, რა უშლის ხელს ამ შეხვედრების ფორმატის აღდგენას? ანდჟეი ტიშკევიჩის ხელმძღვანელობის დროს აფხაზური მხარე აპელირებდა “მისი არაობიექტურობით” და არ თანხმდებოდა შეხვედრების განახლებას… ახლა თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან და რა არგუმენტაცია აქვთ დღეს მათ?

 

IPRM ძალიან სასარგებლო ფორმატია ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მიზნობრივად მიმართვის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ გალის შეხვედრები 2012 წელს შეწყდა. ჩვენი მხრიდან საჭიროა, რომ ნათლად დავინახოთ განსხვავება საბაბსა და ნამდვილ მიზეზს შორის, რაც შესაძლოა უფრო ღრმად იყოს დამალული.

 

გვაქვს მცდელობა, რომ გალის IPRM-ის რესტარტი დავიწყოთ, ეს არ არის ადვილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალისხმევას, რომელსაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდოამრეებიც ეხმარებიან, შედეგი ექნება და გალში შეხვედრები აღდგება.

 

რა სახის კონკრეტულ პრობლემებს უქმნის მისიას ის ფაქტი, რომ გალში IPRM-ის შეხვედრები აღარ იმართება?


eumm-ის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი/ფოტო - www.delfi.lt
eumm-ის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი/ფოტო – www.delfi.lt

 

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პირდაპირი კონტაქტის არ არსებობა და ფორუმის ნაკლებობა იმისათვის, რომ სენსიტიური საკითხები იყოს განხილული, არაპროგნოზირებად ვითარებას ქმნის და უსაფრთხოებას ასუსტებს. უფრო მეტი კონტაქტის საჭიროება აშკარად არსებობს, მაგალითად, სამართალდაცვის სფეროში, რადგან იგივე გალში კრიმინოგენული მდგომარეობის ხარისხი ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების საგანია.

 

მისიის “ცხელი ხაზი” (სატელეფონო კომუნიკაციის ხაზი, რომელიც IPRM-ის ერთ-ერთი ინსტრეუმენტია) უფრო კარგად მუშაობს, როცა ადამიანები ერთმანეთს პირადად იცნობენ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ყოველდღიურად არაერთი აქტივობა ხორციელდება, ასევე, ფიქსირდება შემთხვევები და ინციდენტები, როგორიცაა ადამიანების დაკავებები და სხვა, რაც დისკუსიას საჭიროებს. ნდობის ჩამოყალიბება და დიალოგისათვის ხელშეწყობა ჩვენი მისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციებია, IPRM-მა კი დაადასტურა, რომ ის ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტია უფრო მეტად პროგნოზირებადი გარემოსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ EUMM საქართველოში უკვე დიდი ხანია რაც საქმიანობს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მაინც არ ფლობს სრულად ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს მისია. ამიტომ, გთხოვთ, მოგვიყვეთ მისიის საქმიანობის დეტალების შესახებ, მაგალითად, როგორ ხდება რეაგირება, როდესაც მოქალაქეს აკავებენ ადმინისტრაციული ხაზის იქითა მხარეს “საზღვრის” უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება დროში? როგორია ცხელ ხაზზე მომართვიანობის დინამიკა, თუ სარგებლობენ ცხელი ხაზით აფხაზური და ოსური მხარეები და რამდენად ხშირად…

 

ადგილზე EUMM-ის მუშაობას ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად აფასებს. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირის ერთგული დამოკიდებულების გამოხატვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის, რომ იქ საომარი მოქმედებები აღარ განახლდება, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. ადგილობრივი მოსახლეობა თავს უფრო დაცულად გრძნობს, რადგან ადგილზე საერთაშორისო წარმომადგენლობა არსებობს, რომელიც დაძაბულობის განმუხტვასა და ინციდენტების პრევენციაზე მუშაობს. 2008 წლიდან მოყოლებული ევროკავშირმა 47 000-ზე მეტი პატრული შემოიყვანა ამ მისიის კონტრიბუციის მიზნით.

 

გარდა ამისა, ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენ ვაგროვებთ ობიექტურ, პირველად ინფორმაციას ადგილიდან. ეს ინფორმაცია, შესაძლოა, იყოს ღობეების გავლების გავლენაზე და თავისუფლად გადაადგილებისათვის შექმნილ სხვა დაბრკოლებებზე, უსაფრთხოების სიტუაციაზე, სამხედრო წვრთნებზე, გადაკვეთის კონდიციებზე, ცხოვრების კონდიციებზე, დაკავებებზე, ვაჭრობაზე, საარსებო საშუალებებზე და სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ მისია გზავნის ანგარიშს (რეპორტს) ბრიუსელში და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში. ეს ინფორმაცია საიმედო და სანდო ბექგრაუნდია ევროკავშირისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

თითქმის ყოველდღიურად ჩვენ ვმასპინძლობთ სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ვაცნობთ ინფორმაციას უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები კარგად არიან ინფორმირებული ადგილზე მცხოვრები ადამიანების რეალობის შესახებ.

ადამიანების დაკავებებს, სამწუხაროდ, კვლავაც აქვს ადგილი. ჩვენ ვაწარმოებთ ზუსტ და მუდმივად განახლებად ოქმს მათ შესახებ და ვცდილობთ, შევაგროვოთ იმ ოდენობის ინფორმაცია, რაც შესაძლებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ასეთი ინციდენტების სრული, ობიექტურად გადამოწმებული ანგარიში იქმნება.

EUMM-ის ცხელი ხაზი ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მისი გააქტიურება და ინფორმაციის მოძიება დაკარგული ადამიანის, დაკავების თუ სხვა ისეთი საკითხის შესახებ, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების სიტუაციას უკავშირდება. ჩვენ განსაზღვრული გვყავს პერსონალი, რომელიც ტელეფონს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში პასუხობს. გასული წლის განმავლობაში ცხელი ხაზი დაახლოებით 1000-ჯერ იქნა გააქტიურებული. ყოველთვის არ არის ადვილი, მაგრამ ის მუშაობს და დაგვხმარებია ბევრ შემთხვევაში: მოპარული აღჭურვილობის დაბრუნების კუთხით, სამართალდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ თემებზე კომუნიკაციისათვის, ასევე, ადამიანების მიერ ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთისათვის სამედიცინო მიზნებით და ა.შ.

რა ტიპის პრობლემები შეიძლება შექმნას კონფლიქტების დარეგულირების პროცესში რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულმა ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებებმა, რომლებსაც თბილისი “ანექსიურ დოკუმენტად” აფასებს?

 

ამ ე.წ. ხეშეკრულებების გავლენის შეფასება ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია. ერთმა [აფხაზეთი] უკვე განახორციელა რატიფიცირება და იმპლემენტაცია დაიწყო, ხოლო მეორე [სამხრეთ ოსეთი] ჯერ კიდევ რატიფიცირების ეტაპს გადის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათი იმპლემენტაციის თაიმლაინები ასევე განსხვავებული იქნება. როგორც ჩვენ გვესმის, ისინი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის განსხვავებულ მოდელებს ითვალისწინებს. რაც უნდა დაარქვა ამ დოკუმენტებს, ისინი უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებენ მოქნილობისთვს, რაც ასე საჭიროა ადგილებზე პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავუწევთ მონიტორინგს სიტუაციას ადგილებზე და მათი იმპლემენტაციის ეფექტებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ თქვა, ამ ე.წ. ხელშეკრულებებზე ხელმოწერა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით გაწეული ძალისხმევის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

 

გაქვთ თუ არა რეკომენდაციები (როგორც გრძელვადიანი, ასევე, მოკლევადიანი) საქართველოს ხელისუფლებისათვის იმისათვის, რომ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით გარკვეული წინსვლა გაჩნდეს?

 

EUMM-ის მანდატი მოიცავს კონტრიბუციას სტაბილურობისთვის, ნორმალიზაციისათვის და ადგილზე ნდობის ჩამოყალიბებაზე მუშაობას, ასევე, სანდო რეპორტინგს. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პრაქტიკულ ძალისხმევას იმისათვის, რომ მოიძებნოს გამოსავალი, რათა ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და დაცული გახდეს. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა 2014 წლის პროგრესის ანგარიში სამეზობლო პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოში და იქ რეკომენდაციებიც არის მოცემული. ეს არის ძალიან კარგი რეკომენდაციები, რომლებიც ჯერაც შესასრულებელია, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა იმის პერსპექტივა, რომ მისიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოახერხოს შესვლა (მუშაობა) და რა პირობებში იქნებოდა ეს შესაძლებელი?

 

მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს. სამწუხაროდ, არ გვაქვს დაშვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვართ შეუიარაღებელი, სამშვიდობო მონიტორინგის მისია და მე ვფიქრობ, ამ კონფლიქტის ყველა მხარე, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს დიდ ბენეფიტებს, თუ ჩვენ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს გვექნება შესაძლებლობა, რომ ვაწარმოოთ მონიტორინგი და ობიექტურად ავსახოთ მოვლენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი