კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

“თბილისისგან განსხვავებით, ბაქოს უარი არ უთქვამს კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტაზე”

20 იანვარი, 2015 • • 1431
“თბილისისგან განსხვავებით, ბაქოს უარი არ უთქვამს კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტაზე”

2015 წლის პირველივე დღეებიდან ყარაბაღი-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაიძაბა: აზერბაიჯანულმა მხარემ იანვრის პირველ რიცხვებში ორი დივერსიული აქტი განახორციელა, რასაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი. ამას შემდეგ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ასევე არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე. თქვენი აზრით, ეს ყველაფერი როგორ აისახება კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე?

 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა მინიმალური წინაპირობაა პოლიტიკური დიალოგის ეფექტურად გასაგრძელებლად აზერბაიჯანს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის. მხარე, რომელიც მუდმივად და უხეშად არღვევს აღებულ სამშვიდობო ვალდებულებებს, ამით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ის არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის და არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა.

 

აზერბაიჯანული მხარე, სომხური მხარისგან (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა) განსხვავებით, უარს აცხადებს მიიღოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინადადებები, რომ გაიყვანოს სნაიპერები გამყოფი ხაზიდან, სადაც დგანან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები; აზერბაიჯანი ფსონს დებს პოლიტიკური პრობლების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრაზე. უკვე რამდენიმე წელია ოფიციალური ბაქო ხელოვნურად ძაბავს ვითარებას ფრონტის ხაზზე, რათა მიაღწიოს ცალმხრივ დათმობას მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხრიდან. სამწუხაროდ, ბაქოში ვერ გაიგეს, რომ საომარი შანტაჟისა და ძალისმიერი მუქარის ენა მიუღებელია სომხური მხარისთვის. აზერბაიჯანის მთავრობის ასეთი ხაზი უპერსპექტივოა. საბოლოო ჯამში, იგი იწირავს ათობით ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს, როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მხრიდან, და ჩიხში შეყავს მოლაპარაკების პროცესი.

 

ზოგიერთი ბოლოდროინდელ დაძაბულობას უკავშირებს სომხეთის გაწევრიანებას ევრაზიულ საბაჟო კავშირში. თქვენ როგორ ფიქრობთ? რას შეცვლის სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლა მოლაპარაკების პროცესში და რა შედეგებს მოიტანს ეს წევრობა?

 

არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის დივერსიული აქტივობები 2015 წლის იანვრიდან რაიმენაირად უკავშირდება სომხეთის ოფიციალურად შესვლას ევრაზიულ საბაჟო-ეკონომიკურ კავშირში. 2014 წლის ზაფხულში უფრო მაღალი დივერსიული აქტივობა დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ სომხეთი არ იყო ამ ახალი ეკონომიკური გაერთიანების წევრი. სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში შესვლა არ შეიძლება უშუალოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე აისახოს. თუმცა სომხეთის წევრობა, სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ნიშნავს სომხეთის უფრო მეტად დაახლოებას რუსეთთან, როგორც ამ ეკონომიკური კავშირის მთავარ მოთამაშესთან. როგორც ცნობილია, რუსეთი ასევე გახლავთ სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას აწვდის გარკვეული პირობებით. რუსეთი იარაღს აზერბაიჯანზეც ყიდის, მაგრამ მსოფლიო ფასებით. მოსალოდნელია, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობის ახალი დონე უზრუნველყოფს სომხეთის და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის ისეთ ზრდას, რაც აიძულებს აზერბაიჯანის მთავრობას უარი თქვას პოლიტიკური საკითხების ძალისმიერი გზით გადაწყვეტაზე.

 

საინტერესოა თქვენი აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი-ქვეყნის – რუსეთის მიუკერძოებელი დამოკიდებულება, რომელიც იარაღს, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღს ყიდის აზერბაიჯანზე, რაც არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის გაისვრის სომხეთისა და ყარაბაღის მიმართულებით…

 

მთლიანობაში, აზერბაიჯანი-ყარაბაღის კონფლიქტი საკმაოდ რთულია და აქვს არა მხოლოდ რეგიონული პარამეტრები, არამედ საერთაშორისო. შუამავალი, ეუთოს მინსკის ჯგუფის სამივე თანათავმჯდომარე ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს ჩვენს რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მოტივაციების გათვალისწინებით, აშშ, რუსეთი და საფრანგეთი/ევროკავშირი დაინტერესებულნი არიან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით სამხრეთ კავკასიაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ამ ქვეყანას აქვს მონოპოლია შუამავლობაზე, რაც ქმნის ინტერესთა ბალანსს. აზერბაიჯანი ყიდულობს რუსეთისგან და სხვა ქვეყნებისგან (თურქეთის და ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების ჩათვლით) შეიარაღების დიდ რაოდენობას იმ მიზნით, რომ ძალთა ბალანსი მის სასარგებლოდ შეცვალოს. არც რუსეთმა და არც სხვა ქვეყნებმა არ უნდა შეუწყონ ხელი თანასწორობის რღვევას, რაც მოიტანს ომის განახლებას. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის იარაღით ვაჭრობა დიდ მღელვარებას იწვევს სომხეთისა და არწახის (ყარაბაღის სომხური სახელწოდება ისტორიულად) საზოგადოებაში. ამ ვაჭრობის შეჩერება ჯერ ვერ ხერხდება და ეს არის ის რეალობა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.

მასის მაილიანი
მასის მაილიანი

ამ კონტექსტში რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ მოლაპარაკების პროცესის ფორმატის შეცვლა? ხომ არ არის რეალურ მოლაპარაკების ფორმატზე გადასვლის დრო, რომელშიც სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას ყარაბაღი?

 

უნდა განვასხვავოთ საშუამავლო და მოლაპარაკების ფორმატები. საშუამავლო ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს, თუკი ეუთოს მინსკის ჯგუფის მომსახურებაზე უარს იტყვის ყარაბაღის კონფლიქტის სამი მხარიდან ერთ-ერთი, ან თუკი თავად შუამავლები აღარ ისურვებენ თავიანთი საშუამავლო მისიის გაგრძელებას. არ მგონია, რომ კონფლიქტის მხარეები ან შუამავლები უარს იტყვიან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატზე. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ეუთოს მინსკის ჯგუფმა დამატებითი ფუნქცია შეიძინა – არაფორმალური სივრცე რეგიონული და სხვა პრობლემების განხილვისთვის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს შორის. განხილვების ეს არხი ეფექტურად ფუნქციონირებდა წარსულში, როცა სერიოზული სირთულეები წარმოიშობოდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში. დღესაც, მწვავე დაპირისპირების მიუხედავად რუსეთსა და დასავლეთს შორის, დიპლომატები აშშ-დან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან, აგრძელებენ თანამშრომლობას მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

 

რაც შეეხება მოლაპარაკების ფორმატს, ის დარღვეულია. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლების იზოლაცია მოლაპარაკების პროცესისგან სერიოზული შეცდომაა. 1997 წლის შუა პერიოდამდე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, როგორც კონფლიქტის სამიდან ერთი მხარის წარმომადგენელი. ყარაბაღის, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსი დაფიქსირებულია ეუთოს შესაბამის დოკუმენტებში. მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სრულფასოვანი მონაწილეობის წყალობით გახდა შესაძლებელი 1994 წლის მაისში ომის შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიღწევა. დოკუმენტის ქვეშ ხელმოწერები დასვეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის, სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებების მეთაურებმა. არასრულფასოვანი და შევიწროებული მოლაპარაკების პროცესი ამცირებს დარეგულირების პროცესის ეფექტურობას.

 

დროა შეიქმნას ისეთი პირობები, როცა ყველა რეალური მონაწილე, რომელიც არის რეგიონში, აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ უფლებებით, არამედ მოვალეობებით. სამმხრივი მოლაპარაკების პროცესის აღდგენა, როგორც ეს 1994 წლის გამოცდილებამ აჩვენა, არა მხოლოდ მიზანმიმართულია, არამედ საშუალებას მისცემს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობას აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მშვიდობასა და სტაბილურობაზე რეგიონში.

 

როგორც თქვენ აღნიშნეთ, მიმდინარე წლის იანვარში გამყოფ ხაზზე დაძაბულობას წინ უძღოდა გასული წლის აგვისტოს მოვლენები. ამას მოჰყვა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდება აზერბაიჯანული მხარის მიერ და შემდგომი დაძაბულობა. როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანი არ არის მზად მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზები განაპირობებს ამას?

 

თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტები არის შედეგი ზემოთ აღნიშნული დესტრუქციული პოლიტიკისა აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან, რომელსაც არ სურს ცნოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უფლება თვითგამორკვევის შესახებ. უნდა აღნიშნოს, რომ აზერბაიჯანის მთავრობას, საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ჯერ არ უთქვამს უარი კონფლიქტის გადაწყვეტის ძალისმიერ მეთოდზე. აზერბაიჯანი დიდძალ თანხას ხარჯავს საომარი მიზნებისთვის და მის ხელმძღვანელობას გაუჩნდა ილუზია, რომ შეიარაღების შეძენით და რეგიონში დაძაბულობის შექმნით მიზნის მიღწევას შეძლებს.

 

რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ე.წ. სნაიპერული ომი, მაგრამ ამან მოსალოდნელი შედეგი არ მოუტანა ინიციატორებს. 2014 წელს კი სნაიპერებთან ერთად გააქტიურდა აზერბაიჯანის დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებები. მაგრამ აზერბაიჯანის მხრიდან ყველა მოქმედებას ადეკვატურად პასუხობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია, რომელიც მნიშვნელოვან შემაკავებელ როლს ასრულებს, არსებითად კი, ის საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ფუნქციას ასრულებს.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ ჩამოგდებულ ვერტმფრენს: თუკი МИ-24-ის გამოჩენა გამყოფ ხაზთან ასე ახლოს კიდევ დამატებით ახსნა-განმარტებას მოითხოვს, არავითარი გამართლება არა აქვს აზერბაიჯანის მხარის მოქმედებას, როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად, 10 დღის განმავლობაში აზერბაიჯანი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა სომეხი მფრინავების ნეშტის გადმოცემას. საბოლოოდ, ეს საკითხი გადაწყდა ყარაბაღის ჯარის სპეცდანიშნულების დანაყოფის ძალისხმევით.

 

ე.წ. ზავის პირობების პერიოდული დარღვევები რეალურად შესაბამის შეფასებებს არ იღებს საერთაშორისო საზოგადოებისგან, მათ შორის, ვინც ჩართულია დარეგულირების პროცესში. ამის ნაცვლად ისმის მოწოდებები მხარეებისადმი – შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავი შეიკავონ მისი დარღვევისგან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ქმედებებით საერთაშორისო საზოგადოება ხელს უწყობს აზერბაიჯანის განზრახვას, გადაჭრას კონფლიქტი ომის გზით?

 

რეალურად, თითქმის ყველა მოწოდება საერთაშორისო სტრუქტურებისა ატარებს უმისამართო ხასიათს, როცა ტოლობის ნიშანი ისმება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამრღვევ და თავდაცვის პოზიციაში მყოფ მხარეებს შორის. ასეთი სიტუაცია ხელს აძლევს აზერბაიჯანს, რომ გაექცეს საერთაშორისო პასუხისმგებლობას მკვლელობებისთვის, რომელიც ჩადენილია გაფორმებული ზავის პირობებში. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ აზერბაიჯანული მხარე ეწინააღმდეგება საერთაშორისო მექანიზმის შექმნას კონფლიქტის ზონაში გამყოფ ხაზზე დაფიქსირებული ინციდენტების გამოძიებისთვის.

 

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ გამონაკლისად იქცა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 2014 წლის 19 ნოემბრის განცხადება ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებით. ამ განცხადებას ჰყავდა ადრესატი. პირველ ნაწილში თანათავმჯდომარეებმა პირდაპირ მიუთითეს აზერბაიჯანზე, რომლის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი. განცხადებიდან ასევე ჩანდა, რომ სწორედ აზერბაიჯანი ეწინააღმდეგებოდა МИ-24-ის ეკიპაჟის წევრების ცეხდრების გამოტანას, რაც არის საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლების დარღვევა.

 

და ბოლო შეკითხვა: შესაძლოა თუ არა საზღვარზე გახშირებული ინციდენტები გახდეს მიზეზი ახალი რეგიონული ცვლილებებისა, მათ შორის უსაფრთხოების ასპექტში და როგორია ამ ყველაფერში სუპერსახელმწიფოებისა და მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ირანის როლი?

 

სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა უკვე ნორმად იქცა, შეიცვალა ამ ინციდენტების ხასიათიც. საერთაშორისო შუამავლები მხოლოდ ძალიან უხეშ დარღვევებზე რეაგირებენ. თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდება, დაძაბულობის ესკალაცია შესაძლოა ახალ ომში გადაიზარდოს, რომელსაც კატასტროფული შედეგები ექნება კონფლიქტის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის და გვერდს არ აუვლის მეზობელ სახელმწიფოებს. სიტუაციის განვითარების ასეთი სცენარი რეგიონის ახალ ფრაგმენტაციამდე მიგვიყვანს.

რამდენადაც რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ახალი ომის თავიდან აცილება იყო და რჩება აქტუალურად, მშვიდობის საუკეთესო გარანტია შეიძლება იყოს სამხედრო-პოლიტიკური ძალების ბალანსი რეგიონში. საერთაშორისო და რეგიონული აქტორები, რომლებიც სინამდვილეში არიან დაინტერესებულნი კავკასიაში სტაბილურობით, უნდა ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ ამ მიმართულებით. ომის პერსპექტივა შესაძლოა დახუროს ისეთმა სცენარმაც, თუკი საერთაშორისო აღიარებას მიიღებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. როგორც თანამედროვე გამოცდილება აჩვენებს, ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო აღიარება არის გაცილებით ეფექტური მექანიზმი კონფლიქტის ზონებში გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი