კომენტარი

კანონპროექტი კრიტიკული აზრის ჩახშობისა და მისი განდევნის საფრთხეს ქმნის

17 იანვარი, 2015 • 1953
კანონპროექტი კრიტიკული აზრის ჩახშობისა და მისი განდევნის საფრთხეს ქმნის

კანონპროექტი, ერთი შეხედვით, თითქოს სიძულვილის ენის რეგულირების (კრიმინალიზების) მცდელობას წარმოადგენს. თუმცა ნორმის შინაარსი  არ თავსდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანთან და მისი რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებთან. პირიქით, წარმოდგენილი ჩანაწერი დომინანტი ჯგუფის სასარგებლოდ ნორმის განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის  რისკებს ქმნის. აღნიშნული ჩანაწერის პირობებში სიძულვილის ენის რეგულირების ინტერესი – შეზღუდვის/რეპრესირების მექანიზმებით ებრძოლოს საზოგადოებაში არსებულ სიძულვილსა და  ძალადობრივ ატიტუდებს, რეალურად არ მიიღწევა და ის კრიტიკული აზრის ჩახშობისა და მისი განდევნის საფრთხეს ქმნის.  

 

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და, მეორე მხრივ, ის პოლიტიკური და კულტურული კონტექსტი, რომელშიც ვარსებობთ და რომელშიც დომინანტი რელიგიურ-პოლიტიკური ინსტიტუცია (მისი გაგრძელებით) ეთნოცენტრიზმისა და პოლიტიკური მართლმადიდებლობის იდეოლოგიის კულტივირებასა და საჯარო ნეიტრალური სივრცეების  (განათლების სისტემა, მედია სივრცე, სოციალური ქსელები) ოკოპაციას ახდენს. სახელმწიფო კი სუსტია შეაკავოს ეს ასიმეტრია ან პირიქით, გადახრილია მისი მიზიდულობისკენ.    

 

სიძულვილის ენა (თუ ის არ ქმნის ძალადობის რეალურ, პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს) და გამოხატვის თავისუფლების მიმართება მოქმედ სამართლებრივ სისტემაში უკვე გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. აღნიშნულ არჩევანს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონისა და ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.104] დადგენილი სტანადარტები ადასტურებს. ეს მიდგომა თავსდება ე.წ. ამერიკულ მოდელში,  რომელიც იდეათა ბაზრის კონცეფციაზე დგას. იდეათა ბაზრის კონცეფციის შესაბამისად, პოლიტიკური სისტემა უშვებს ყველა ფორმის გამოხატვას, მათ შორის სისტემის თვითგანადგურებასთან დაკავშირებულ, ანტიდემოკრატიულ გამოხატვას. აღნიშნული მიდგომა საზოგადოებაში არსებული სიძულვილსა და შიშებთან ბრძოლას მათი ხარჯვისა და რაციონალიზების გზით და არა საჯარო სივრიცდან მათი განდევნით/რეპრესირებით უშვებს. ამ კონცეფციით ხარჯვის მიდგომა სისტემას დაგროვილი ძალადობრივი, დესტრუქციული ვნებების მოულოდნელი  აფეთქებისგან იცავს.  

 

ევროპის ქვეყნებში ანტისემიტიზმის, ფაშიზმის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნებმა სიძულვილის ენის რეგულირების მიდგომა აირჩიეს, რაც იყო ერთგვარი პასუხი არსებულ მძიმე ისტორიულ გამოწვევებზე. ამ მოდელში გამოხატვის თავისუფლების ქვეშ სიძულვილის ენა არ არის დაცული, რადგან მას რაიმე ღირებულება, როგორც გაცნობიერებულ იდეას, არ გააჩნია და ის შიშველი ირაციონალური ვნებების, შიშების მატარებლად განიხილება. იმ პირობებში კი, როდესაც მედიასივრცე მონოპოლიზებულია პოლიტიკური, ფინანსური ჯგუფების მიერ და თავისუფალ იდეათა გაცვლის მიღწევა  თეორიულად შეუძლებელი ხდება, ადვილად შეიძლება განხორციელდეს სიძულვილის, ქსენოფობიის, შოვინიზმის მეინსტრიმიზაცია, ჩაგრული ჯგუფების მარგინალიზაცია და პოლიტიკური სისტემიდან მათი გარიყვა. შესაბამისად, ევროპული მიდგომა საზოგადოებაში მშვიდობის, პლურალიზმისა და თანასწორობის დამკვიდრების მიზნით, სიძულვილის ენის  სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობაზე აკეთებს არჩევანს. აღნიშნული მიდგომის არგუმენტების შესაბამისად, ვერბალური ძალადობა, ძალადობრივი სტერეოტიბების კულტივირება საჯარო სივრცეში იწვევს მის გადაზრდას რეალურ ძალადობაში. იმ პოლიტიკურ და კულტურულ სისტემებში, სადაც დომინანტი რელიგიური ინსტიტუციების გავლენა და საზოგადოებრივი აზრის კონტროლის ნიშნული მაღალია,  ვერბალური ძალადობის რეალურ ძალადობაში გადასვლის რისკი  განსაკუთრებით მაღლა იწევს. ევროპული მიდგომა „ზემოდან“ საზოგადოების მოდერნიზაციისა და  განმანათლებლობის შეტანის პროექტის ფილოსოფიაში თავსდება.   

 

ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ორ კონცეფციაში არჩევანის გაკეთება ფართომასშტაბიანი საჯარო დისკუსიის პირობებში უნდა მოხდეს და ამგვარი დისკუსიის საჭიროება მზარდი ქსენოფობიის, ჰომოფობიის პირობებში ჩვენს საზოგადოებაში რეალურად არსებობს. თუმცა მოდელებს შორის ფილოსოფიური არჩევანის გაკეთების პრობლემა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეალურად არც წამოიჭრება, რადგან ინიცირებული კანონპროექტი მთლიანად აცდენილია სიძულვილისა და ძალადობისგან ისედაც ჩაგრული ჯგუფებისა და თავისუფალი  საჯარო სივრცის დაცვის ინტერესს შემდეგი არგუმენტების გამო:  

 

1. ნორმა არეგულირებს შუღლის გაღვივების მიზნით გაკეთებულ ისეთ მოწოდებას, რომელიც პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების ისახავს მიზნით. თუმცა ნორმა არ იცავს სიძულვილის იმგვარ გამოხატვას, რომელთა ადრესატები/მსხვერპლები რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფები შეიძლება იყვნენ. კანონპროექტის ავტორების მხრიდან სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარირებული მიზნის ნამდვილობის (გულწრფელობის) შემთხვევაში, მათ სწორება პირველ რიგში სწორედ ამგვარ რეგულირებაზე უნდა მოეხდინათ. წარმოდგენილი დეფინიცია არ თავსდება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მე-7 რეკომენდაციაში წარმოდგენილ განმარტებაში, რომელიც სწორედ მარგინალიზებულ ჯგუფებს იცავს რასიზმის, ჰომოფობიისა და რასობრივი უპირატესობების თეორიაზე დაფუძნებული გამოხატვისგან.

 

ვენეციის კომისიის 2008 წლის 23 ოქტომბრის ანგარიშის (CDL-AD(2008)026) შესაბამისად, სიძულვილის საკანონმდებლო რეგულირება უნდა გაიზომოს იმ ინტერესით, უმცირესობების თვითნებობისგან, ექსტრემიზმისგან, რასიზმისგან დაცვის პოტენციური მიზანი ხომ არ იწვევს განსხვავებული აზრების ცენზურას, უმცირესობების გაჩუმებასა და დომინანტი პოლიტიკური, სოციალური და მორალური დისკურსის, იდეოლოგიის გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ინიციატივა სწორედ იმ დისკონფორტისა და კრიტიკის ჩახშობისკენ არის მიმართული, რომელიც დომინანტ დისკურსს/იდეოლოგიას ექმნება.  ამასთან, ჩემი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განხილვის „ჩაგდებული“ საკანონმდებლო ინიციატივის (რომელიც ასევე შსს-ს ეკუთვნოდა) ერთგვარი რეინკარნაციის მცდელობაა, რომლის ინტერესი თავის დროზე სწორედ საპატრიარქოს გააჩნდა.

 

ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების ინიციატივა არ ახდენს საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების რეგულირებას. სიძულვილით მოტივირებულ გამოხატვასთან ბრძოლა სახელმწიფოს სწორედ თვითრეფლექსიით  და თვითშეზღუდვით უნდა დაეწყო.

 

2. ნორმის ტექსტი (მტრობა ამ განხეთქილების ჩამოგდება) საკმაოდ ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას, რაც მისი სხვადასხვაგავრი ინტერპრეტაციის რისკს ტოვებს.  კანონი არ განმარტავს იმ ობიექტურ და რეალურ კრიტერიუმებს, რომლითაც აღნიშნული მიზანი შეიძლება გაიზომოს.

 

3. ნორმა არ ჩამოთვლის სხვა ნიშნებს, მათ შორის, სექსუალურ ორიენტაციის ნიშანს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ობიექტი სწორედ აღნიშნული ჯგუფია და მზარდი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პირობებში (რასაც მათ შორის, ექსტრემისტი ჯგუფების მხრიდან ლგბტ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე ორგანიზებული კამპანია ადასტურებს ) სიძულვილისგან დაცვის ინტერესი სწორედ ამ ჯგუფზე უნდა მოდიოდეს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის/ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში მისი არაკონსტიტუციურად ცნობის რეალური საფუძველი არსებობს.

 

უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზებასა და მაღალი სასჯელების დაწესებას (რის მცდელობასაც აღნიშნულ კანონპროეტში ვხედავთ) სხვა რისკიც გააჩნია. მაღალი სასჯელებით რეპრესირებას ექსტრემისტი/მებრძოლი პირები ჰეროიკულ როლში გადაყავს და ის არა მათი შეკავებას, არამედ მათი იდეოლოგიური ომის გამწვავებას ახდენს. ამ არგუმენტის გათვალისწინებით, სიძულვილის ენასთან ბრძოლის მექანიზმად სახელმწიფოს უფრო „რბილი“, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საშუალებების გამოყენებაზე მსჯელობა შეეძლო, რომელიც ადამიანის უფლებათა სტანდარტებით სათანადო მოწესრიგების პირობებში გამოხატვის თავისუფლების პროპორციულ და ლეგიტიმურ  შეზღუდვად შეიძლება იქნეს მიჩნეული.  

წარმოდგენილი არგუმენტების და შეფასებების გათვალისწინებით მნიშნელოვანია, პარლამენტმა არ მოახდინოს აღნიშნული საკანონმდებლო ცლილების მიღება დაჩქარებულ წესით, ფართო საჯარო დისკუსიების გარეშე და მხედველობაში მიიღოს არსებული კონტექსტები, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის გატანის ნამდვილ ინტერესს ავლენს და ის რისკები, რომელსაც კანონპროექტი კრიტიკულ საჯარო დისკუსიებს და  ადამიანის უფლებებს, პირველ რიგში, გამოხატვის თავისუფლებას  უქმნის.

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე არის იურისტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის – (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი. მანამდე ის მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი