ომბუდსმენი სამართალდამცავებს ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის” უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ორგანიზაცია „იდენტობის“ და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომესაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის ფაქტებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

 

სოციალური ქსელით და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიერ სოციალური ქსელ „Facebook“-ზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებას  მოჰყვა მუქარის შემცველი კომენტარები არაერთი კერძო პირისაგან. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მიმართულია როგორც უშუალოდ ირაკლი ვაჭარაძის, ასევე მთლიანად ორგანიზაცია „იდენტობის“ წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ სოციალური ქსელში დააანონსა საპროტესტო აქცია, რომელიც 2015 წლის 10 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან გაიმართება.

 

ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლება – გამოხატვის თავისუფლება მოიცავს პირის უფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. პირის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად სახელმწიფოს ეკისრება როგორც ნეგატიური ვალდებულება – არ ჩაერიოს პირის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში, ასევე პოზიტიური ვალდებულება – ხელი შეუწყოს ინდივიდის ამ უფლებით სარგებლობას. აღნიშნული გულისხმობს ინდივიდის გამოხატვის თავისუფლების დაცვას სახელმწიფოს მხრიდან მესამე პირებთან ურთიერთობაშიც. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლი დასჯადად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.  

 

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან დაგეგმილი აქციის კანონისმიერ ფარგლებში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი