კომენტარი

ლალი პერტენავა: სახელმწიფო პოსტფაქტუმ დააფასებს საყდრისს საკუთარი რეაბილიტაციისთვის

16 დეკემბერი, 2014 • • 2032
ლალი პერტენავა: სახელმწიფო პოსტფაქტუმ დააფასებს საყდრისს საკუთარი რეაბილიტაციისთვის

საყდრისს მოუხსნეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა არ ვიცით, როდის მიენიჭა…

 

გააუქმეს ის აქტი, რომლის საფუძველზეც ოდიშარიას დროს მოეხსნა ძეგლის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს “მწვანე ალტერნატივასა” და კულტურის სამინისტროს შორის, რომელიც რეალურად მოიგო “მწვანე ალტერნატივამ”, ეს პროცესი გაუქმებულია, რომ გაამართლონ კანონიერება საკუთარი საქციელის, გადაწყვიტეს ხელახლა მოუხსნან ეს სტატუსი. ჩემთვისაც აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ასე გავიგე, როცა განმარტეს იურისტებმა.

 

არის ეს პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც კულტურის სამინისტროს დაავალა, რომ ხელახლა განეხილა საყდრისი მაღაროს საკითხი?

 

არანაირად არ მგონია, რომ ეს არის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. გამოვიდა, რომ აპელაციას აუარეს გვერდი. გარდა ამისა, სტატუსი რომ ეხსნება ძეგლს, არ ნიშნავს, რომ არქეოლოგიური ობიექტი უნდა დაანგრიო.

 

როგორ შეაფასებთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული საბჭოს გადაწყვეტილებას საყდრისისთვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ?

 

სტრატეგიული საბჭო, რომელიც არსებობს ეროვნულ სააგენტოსთან, იღებს გადაწყვეტილებას რაღაცაზე დაყრდნობით, კვლევაზე დაფუძნებით. შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო წინა საშუშაოები. რას ეფუძნება სტრატეგიული საბჭოს გადაწყვეტილება, არ ვიცით. ერთ დღეში როგორ მიიღეს ბრძანებულება, პარასკევს, რომელმაც უფლება მისცა კომპანიას მუშაობის დაწყების, ესეც ძალიან საეჭვოა. იურისტი არ ვარ, მაგრამ როგორ შეიძლება ერთ დღეს კულტურის სამინისტრომ გადაწონოს სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლო პროცესები?

 

რამდენად თანმიმდევრული იყო კულტურის სამინისტრო ამ წელიწადნახევრის განამვლობაში საყდრისის საკითხის მიმართ?

 

მე შემხვდა ნიკოლოზ ანთიძე ნახევარი თვის წინ. სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა, ვთანამშრომლობთ მუზეუმთან და გარანტიას ვიძლევი, რომ ერთი წლის განმავლობაში, სანამ არ მოხდება ძეგლის შესწავლა, იქ კომპანია ვერ იმუშავებსო. ანუ ის კი არა, რომ თავად ინსტიტუცია მიდის პარადოქსებზე, თვითონ ინსტიტუციის მომუშავე ადამიანებიც წინააღმდეგობრივები არიან. ეს წინააღმდეგობრიობა არ ვიცით, რისგან გამომდინარეა.

რამდენად გამჭვირვალეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო?

გამჭვირვალობა ის არის, რასაც სულ მოვითხოვთ წელიწადნახევრის განმავლობაში. ესენი გვეუბნებიან, რომ ვართ გამჭვირვალეები, რამდენადაც თავადაც სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს, ვერ უზრუნველყოფენ ვერანაირად გამჭვირვალობას. მგონია, რომ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სპონტანური, აბსოლუტურად პარადოქსული.

 

მეორედ შევიდნენ ექსკავატორები საყდრისის ბორცვზე. რა შედეგს მოიტანს პროტესტის გაგრძელება?

 

ძალიან მწყდება გული, რომ საზოგადოებამ ვერ მოვახერხეთ ძეგლის დაცვა, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ძეგლი ბოლომდე განადგურებულია. ეს ძეგლი არის მიწის სიღრმეში. იქ რა ხდება, ჯერჯერობით არ ვიცით. გაგრძელდება აქციები, გაგრძელდება მოთხოვნები, რა თქმა უნდა, აუცილებლად შევა სარჩელი პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. აღიძრება საქმე და არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ ერთ დღეში ვიღაცა რაღაცას ანადგურებდეს. ეს იქნება მომავალი სხვა არასამართლიანი ნაბიჯების საბაბი.

 

საყდრისის მაღარო არის შესწავლილი იმდენად, რომ მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ არის უძველესი ოქროს მაღარო. მოვლენები რომ თქვენთვის ყველაზე ცუდი მიმართულებით წარიმართოს და საყდრისის მაღაროზე გაგრძელდეს მუშაობა, ამის მიუხედავად, ის როგორც ძეგლი მაინც იარსებებს?  

 

მგონია, რომ სახელწიფო პოსტფაქტუმ, გმირებს რომ ჯილდოებს ანიჭებენ აფეთქების შემდეგ, მერე რაღაცას გააკეთებს საკუთარი რეაბილიტაციის მიზნით. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. გარკვეული ინფორმაცია ამოღებული იყო ძეგლიდან, მაგრამ შესასწავლი იყო კიდევ რამდენიმე გვირაბი. იმედი მაქვს, რომ ის გვირაბები არ არის განადგურებული. მათ მეცნიერული კერა გაანადგურეს. მომავალი პერსპექტიული მეცნიერული კერა გაანადგურეს საქართველოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ არის ბოლო და შევძლებთ შევაჩეროთ უაზრო ნაბიჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი