კომენტარი

მანანა კობახიძე: დედა რომ მაგინოთ, მადლობა უნდა გითხრათ?

13 სექტემბერი, 2014 • • 3104
მანანა კობახიძე: დედა რომ მაგინოთ, მადლობა უნდა გითხრათ?

“როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინმდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო” – ეს ნამდვილად თქვენი პოსტია?

 

დიახ, ჩემია

 

ამ პოსტიდან გამომდინარე, მიგაჩნიათ, რომ ბილწსიტყვაობის გამო შუბლს თუ გაუხვრიტავენ ვინმე,ს ეს კრიმინალი არ არის?

 

ასე პირდაპირ გაიგეთ?

 

დიახ, მე ასე გავიგე, თუ სხვა რამეს გულისხმობდით, იქნებ განგვიმარტოთ.

 

რა თქმა უნდა, ეს არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი, რომ დედას თუ გვაგინებენ, უნდა ავიღოთ იარაღი და მოვკლათ, მაგრამ ასეთი სიძულვილი, რომელიც, სამწუხაროდ, გამოსჭვივის საზოგადოებაში, გარკვეული კატეგორია ადამიანებისგან, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მიმართ, როცა კრიტიკა აბსოლუტურად არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებას, ფაქტებს და მეორეც, ასევე, მინდა ვთქვა, ლანძღვა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებულ. თუ არ მოსწონთ ხელისუფლება და პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, შეიძლება გვაკრიტიკონ, ნებისმიერი კრიტიკა მოისმინო, ადამიანმა გაიზიარო, ან არ გაიზიარო, მაგრამ “ფეისბუქის” გვერდს რომ გახსნი და ეს გვერდი გახსნილი გაქვს არა საჭორაოდ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს სურთ რაღაცის მოწერა და თავის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცი. გინდა, რომ კონტაქტი გქონდეს ამომრჩველთან თუნდაც “ფეისბუქის” მეშვეობით და არის ინფორმაცის მიღების შესაძლებლობა და არა საჭორაო სივრცე ჩემთვის, აი, იქ ჩემთვის უცხო ადამიანები, თუმცა სახელით და გვარით რომ არსებობენ, მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორად იქცევიან, ძალიან უშვერი, ბილწი, ბინძური სიტყვებით გაგინებენ, შეურაცხმყოფელ სტატუსს დაგიდებენ, რა თქმა უნდა, ადამიანი ხარ შენც პირადად და ადამიანია შენი ოჯახის წევრიც, შვილიც, მეუღლეც, რომელსაც ასევე აქვს წვდომა ამ ინფორმაციასთან. როცა სრულიად დაუმსახურებლად, მით უმეტეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება დაიმსახურო კრიტიკა და თმენის ვალდებულება გვაქვს, რომ მოვისმინოთ. ბილწსიტყვაობა და დედის გინება, რაც, სამწუხაროდ, ასე მომძლავრებულია, თავისთავად შეურაცხყოფაა და თავისთავად დანაშაულია ეს. იმიტომ, რომ ხულიგნობა სხვა არაფერი არაა, როცა საჯაროდ სივრცეში ადამიანს მიაყენებ შეურაცხყოფას, ეს არის ხულიგნობა. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება უნდა ისჯებოდეს, სოციალურ ქსელში შეგაგინებენ, თუ ქუჩაში შეგაგინებენ, ეს არის ხულიგნობა, როცა საჯარო სივრცეში ხდება ასეთი ფაქტი.

 

შეურაცხყოფაზე, პასუხად შუბლის გახვრეტა თქვენთვის ლეგიტიმური პასუხია?

 

მე ეს არ მითქვამს…

 

მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ეს ფრაზა?


ყველას ერთნაირი ნერვები არ აქვს ამ ქვეყანაზე, ყველას ერთნაირი ნერვები და ფსიქიკა შეიძლება არ აქვს.

 

ეს ვერ იქნება გამართლება, ის, რომ ნერვები მოგეშელა და ამიტომ ვიღაცას შუბლი გაუხვრიტე, მოგიწევს პასუხი აგო.

 

კი, ბატონო, თუ ვინმე ჩაიდენს ამას, ის წავა ციხეში და, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს. მე კაცის კვლას კი არ ვამართლებ, მაგრამ შეიძლება ყველას არ აქვს ერთნაირი ნერვები და ყველას  არ აქვს ერთნაირი თმენის უნარი. უმსგავსობის, ამორალობის, სიბინძურის და გინების თმენის უნარი ყველას ერთნაირი შეიძლება არ აღმოაჩნდეს და ამას მოჰყვეს რაღაც რეაქცია, ეს ვთქვი, როგორც შესაძლებლობა, ჰიპოთეზა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ის ადამიანი დაისჯება, ვინც ამას განახორციელებს და მას პასუხს მოთხოვენ, მაგრამ მერე ნუ იტყვით, რომ კრიმინოგენული სიტუაცია დამძიმდა იმიტომ, რომ თუნდაც ყოფით ნიადაგზე ხდება [კრიმინალი].

 

კრიმინალი ყოველთვის რაღაცის გამო ხდება, რატომ არ უნდა ილაპარაკონ მაშინ კრიმინალის გაზრდაზე?

 

თქვენ ახლა რომ დედა მაგინოთ, მე მადლობა უნდა გითხრათ? დაწერეთ ახლა რასაც გეუბნებით, დედა რომ მაგინოთ ბინძური სიტყვებით, მე მადლობა  უნდა გითხრათ?

 

მადლობა არ უნდა მითხრათ, მაგრამ თქვენ თვითონ განმიმარტეთ, რომ ეს არის ხულიგნობა, ხულიგნობის გამო თქვენ შეგიძლიათ მე სამართლებრივად მომთხოვოთ პასუხი, იმაზე კი არ საუბრობთ პოსტში, რომ სამართლებრივად შეიძლება მოეთხოვოს იმ ადამიანებს პასუხი, რომელიც თქვენ მიმართ ან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ იგინება. [არამედ შუბლის გახვრეტით]

 

ხო მაგრამ, მე აქ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი დანაშაული ხდება იმის გამო, რომ ადამიანებს შეიძლება შეურაცხყოფას აყენებდნენ სრულიად დაუმსახურებლად, ადამიანებს დედას აგინებენ და ხშირად შეურაცხყოფის ნიადაგზე ჩვენ ქვეყანაში მომხდარა მკვლელობა, ეს არის რეალობა და რაც არის რეალობა, მეც ზუსტად ეს ვთქვი. მაგრამ ის მკვლელები ისჯებიან და ამაზე პასუხს აგებენ. არავინ არ უსვამს თავზე ხელს, იმიტომ, რომ მან დედის გინებისთვის ვიღაც მოკლა. ეს რეალობაა, რაც ფაქტია, ეს არის. მე ამ რეალობაზე მაქვს საუბარი.

 

ქალბატონო მანანა, თქვენ, როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა, სანამ პარლამენტში მოხვდებოდით, მანამდე უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდით. რადგან თქვენ თვითონვე ამბობთ, რომ ეს არის რეალობა, რატომ არ გააკეთეთ თქვენს სტატუსში პირიქით, სამართლებრივ ჩარჩოებში რეაქციისკენ მოწოდება? რატომ ვსაუბრობთ შუბლის გახვრეტაზე და არა იმაზე, რომ [ვინს შეურაცხყოფას გაყენებთ] სამართლებრივად მოგეთხოვებათ პასუხი?

 

იცით რა არის? უკაცრავად, მაგრამ თქვენ თუ სიტყვა-სიტყვით, პირდაპირი მნიშვნელობით ამ ყველაფერს იგებთ, მაშინ პირდაპირი მნიშვნელობით მოთხოვეთ პასუხი გივი თარგამაძეს, სულის ამოხდით რატომ ემუქრებოდა ხალხს და ეს სულის ამოხდა იყო თუ არა რეალური. მე ვფიქრობ, რომ მის შემთხვევაში ეს იყო რეალური, მართლა ხდიდნენ სულს ადამიანებს და ჩემს შემთხვევაში ნამდვილად არ ამიღია იარაღი, არ წავსულვარ და არ გამიხვრეტია შუბლი იმ ადამიანისთვის, ვინც სრულიად უსაფუძვლოდ და რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ბილწსიტყვაობას, მე არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმეს არ მოსწონს მანანა კობახიძე, როგორც პოლიტიკოსი, შეუძლია მაკრიტიკოს, მაგრამ ის, რომ  უშვერი სიტყვებით ილანძღება და ბილწსიტყვაობს, შეიძლება გარდაცვლილ დედას აგინებს ადამიანს, ამაზე შეიძლება გაგიჩნდეს ასეთი რეაქცია და შეიძლება თქვა, რომ დიახ, პოლიტიკოსიც ადამიანია, სხვათა შორის, ეს მეწერა მე. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ადამიანი არ ვარ და შეგიძლიათ, რომ მე მაგინოთ დედა?

 

არ გეუბნებით, ქალბატონო მანანა, მაგას, გინება და შურაცხყოფა კომუნიკაციის ფორმად საერთოდ არ მიმაჩნია…

 

აბა, რატომ ჩაეჭიდეთ ამ ფრაზას, იარაღი არც მე, არც ჩემ ძმას, არც ჩემს მეუღლეს არ აუღია…

 

გეკითხებით, რატომაც ჩავეჭიდე, რატომ არ მოუწოდეთ/ უთხარით, რომ ასეთი შეურაცხყოფის საპასუხოდ, თქვენ აგებთ სამართლებრივად პასუხს, იმიტომ, რომ ეს არის ხულიგნობა?

 

ვის მოვუწოდო, მითხარით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეშილ ორგანიზაციებს?!

 

ან მიგემართათ სამართალდამცავებისთვის, არ გიფიქრიათ ამაზე?

 

თქვენ რა იცით, რომ არ მიფიქრია?

 

თუ გიფიქრიათ, გეკითხებით და მითხარით

 

იცით რა, მე მგონი, პოლიტიკოსსაც აქვს გამოხატვის თავისუფლება. ვერ გავიგე, პასუხს მთხოვთ, რატომ დავწერე ასე, ვერ გავიგე? გამოხატვის თავისუფლება აქვს პოლიტიკოსსაც, თქვენ არ მოგეწონათ ჩემი ნააზრევი, კი, ბატონო, გამაკრტიკეთ. მე აქ ის განვმარტე, რომ  ძალიან ბევრი აგრესია, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბილწსიტყვაობა, დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება მოდის ადამიანებისგან, ნამდვილად არ არის კარგი და ნერვები ყველას ერთნაირი შეიძლება არ აღმოაჩნდეს. შეიძლება ამ ნიადაგზე მოხდეს დანაშაული, მერე, რა თქმა უნდა, ვიღაცები იტყვიან, რომ კრიმინოგენული ვითარება არის მძიმე, ეს არის რეალობა, მე ფაქტი ვთქვი. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩვენს რეალობაში, ისტორიაში, წარსულში, აწმყოში, როდესაც ადამიანის დედის გინების გამო, საჯაროდ გამოხატული ბილწისტყვაობის გამო, შეიძლება მოხდეს დანაშაული და ადამიანმა აფექტის ნიადაგზე, სულიერი აღელვების ნიადაგზე შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ეს ჩვეულებრივად კრიმინოლოგიაში ახსნადია. დასაბუთებულია, როგორ მიდის ადამიანი უეცარ სულიერ აღელვებამდე,

 

როცა ბილწსიტყვაობის გამო კლავენ ადამიანს და ვინმემ შეფასება რომ მისცეს, რომ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდა, არ არის თქვენთვის სამართლიანი ეს შენიშვნა?

 

ბოდიშს ვიხდი და დაწერეთ ესეც ძალიან გთხოვთ, თქვენ რა გგონიათ, რომ მე ამ სტატუსით, ასე ვთქვათ, კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა/არდაძაბვა ან დანაშაულის რაოდენობის გაზრდა- არგაზრდაზე გავაკეთე აქცენტი? თქვენ ეს გგონიათ, ამაზე მეტს ვერ ჩაწვდით?

 

მე რა შეკითხვებიც გამიჩნდა, გკითხეთ, გეკითხებით თქვენი პასუხებიდან გამომდინარე…

 

კი, ბატონო, მე გამოვთქვი აზრი, პოლიტიკოსს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც თქვენ ჟურნალისტს, ვიღაცას შეიძლება ჩემი ნათქვამი არ მოეწონოს, არც მე  არ მომწონს, როდესაც შევდივარ “ფეისბუქზე” და დედის გინება მხვდება, ეს არაკაცების საქციელია და კაცები არ შეიძლება ეწოდოს და მე ეს არ მომწონს.

 

ქალბატონო მანანა, თქვენ რომ დაგეწერათ, რომ მე ეს [გინება] არ მომწონს, მე თქვენთან არ დავრეკავდი, მაგრამ როცა თქვენ ამბობთ….

 

არსებობს ხო ჰიპერბოლიზაცია, გაზვიადება, გადატანითი მნიშვნელობით ან გაზვიადებული ფორმით თქმა, რომელიც არ ნიშნავს, რომ პირდაპირი გაგებით, მანანა კობახიძე აიღებს იარაღს და ვიღაცას შუბლს გაუხვრიტავს.

 

რადგან თქვენი ეს პოსტი ინტერპრეტაციის ასეთ საშუალებას იძლევა, შეიძლება არა მხოლოდ მე, ბევრმა ადამიანმა იგივენაირად გაიგო ეს პოსტი.

 

თუ მიზანმიმართულად მირეკავთ იმიტომ, რომ მანანა კობახიძეს ისეთი რამ ათქმევინოთ, რომ მერე ჩაიჭერთ ამას, მერე “ნაცმოძრაობა” აიტაცებს, განცხადებებში წამომაძახებენ…

 

მე არ ვიცი, თქვენ ოპონენტები რას და როგორ წამოგაძახებენ

 

კი, ბატონო, მათი უფლებაა, ვინც რა უნდა, ის წამომაძახოს, მაგრამ დედის გინების უფლება არავის არ აქვს. შეიძლება ძალიან არ მომწონს რომელიმე პოლიტიკოსი, პოლიტიკური ძალა, რომელიმე ქმედება, მაგრამ მე არ ვცდები ნორმალური კორექტული კრიტიკის ფარგლებს და არსად ბილწსიტყვაობა არ არის ჩემ საუბარში და არც იქნება, ვეწინააღმდეგები ყველაფერს რაც არის ნორმალური კორექტული კრიტიკის მიღმა, რაც არის ბილწისტყვაობა, შეურაცხყოფა ადამიანისთვის, ქალბატონისთვის, მით უმეტე,ს მამაკაცისგან და ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგები. ასეთი ქმედებები შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ზოგიერთისთვის და შეიძლება სულიერი აღელვების ნიადაგზე ადამიანმა დანაშაული ჩაიდინო. ტყუილად არ არის 11-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, იმიტომ, რომ ხდება ასეთ ნიადაგზე დანაშაულის ჩადენა. ეს არის ცუდი, როცა სიძულვილით, ღვარძლით, ლანძღვით და გინებით აავსეს სოციალური ქსელი და ზოგადად საზოგადოება დამძიმდა, სიძულვილის ფონით, ამაზეა საუბარი და არა იმაზე რომ მე ახლა იარაღს ავიღებ და შუბლს გავუხვრეტ.

 

თქვენი აზრით, ძალადობის ლეგიტიმაციას არ ახდენთ ამ ფორმულირებით და ვიღაცა ვიღაცას რომ შეაგინებს, იმანაც შეიძლება აიღოს იარაღი და შუბლი გაუხვრიტოს?

 

ჩემო ძვირფასო, მე კი არ მოვახდინე ლეგიტიმაცია, 111-ე მუხლი არსებობს  სისხლის სამართლის კოდექსში სწორედ იმიტომ, რომ სულიერი აღელვების ნიადაგზე ადამიანები, სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს და ძალიან ადვილია ამ სულიერი აღელვების პროვოცირება, როცა სიძულვილით დაბინძურებული ფონია, არა მარტო სოციალურ ქსელში, არამედ ყველგან, ეს არის ფაქტი და მე ფაქტი ვთქვი, და თქვენ როგორც გინდათ, ისე გამომედავეთ და დავასრულებ თქვენთან საუბარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი