როდესაც არჩევნები დემოკრატიას აზიანებს: გაკვეთილები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორთა პოზიციას და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზციას

ავტორები:

  • კორნელი კაკაჩია
  •  ბიძინა ლებანიძე

უკანასკნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოში ბევრი ისეთი პრობლემა ამოატივტივა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გროვდებოდა და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს აფერხებდა. ერთი მხრივ, პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევით, საქართველომ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. თუმცა დემოკრატიის კონსოლიდირების გზაზე  ეს იყო ასევე უკან გადადგმული ნაბიჯი, პირველ ყოვლისა, ხმის მიცემის პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო. საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს სჯერათ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესი ნელდება და ფუნდამენტური დემოკრატიული ნორმები, მათ შორის, არჩევნების შედეგების ფართო პოლიტიკური აღიარება, საფრთხის ქვეშ არის. შესაბამისად, საქართველო  ნახევრად დემოკრატიულ ფორმატშია  გაჭედილი. მმართველი პარტია ორ კონფლიქტურ მიზანს შორის იბრძვის — წარმატებით დაასრულოს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი და შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება. მეორე მხრივ, ძირითადი ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ წარსულის აჩრდილებს ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემებიდან ბევრი უკვე კარგა ხანია ქართული პოლიტიკის ნაწილია, რამდენიმე მათგანმა, მაგალითად, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ და ხმების მოსყიდვის მცდელობებმა, ახალი ინტენსივობა შეიძინა.  ქვემოთ გამოვყოფთ რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელიც საქართველოს მოუმწიფებელ დემოკრატიასა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას  განსაკუთრებით  უქმნის საფრთხეს.

უკიდურესი პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის  მედიადამოუკიდებლობას

ქართული საზოგადოების ინტენსიური პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური პარტიებით არ შემოიფარგლება; ის საჯარო სივრცის სხვა სეგმენტებზეც ვრცელდება. უკიდურესი პოლარიზაცია და მედიის მიერ მოვლენების მიკერძოებული გაშუქება ყველაზე საგანგაშო საკითხებია, რომლებმაც საფრთხეში ჩააგდეს მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, როლი. გამოწვევის არსი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლარიზაციასა და პლურალიზმს შორის არსებული სუსტი ხაზის იდენტიფიცირება, რათა გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული განვითარება. სამწუხაროდ, ქვეყნის ძირითადი მედიაგამოცემები — ძირითადად, სატელევიზიო კომპანიები — არსებითად იქცნენ პოლიტიკური პარტიების ინსტრუმენტებად, რითიც სერიოზულად დააზარალეს საკუთარი რეპუტაცია და მათი მაუწყებლობის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები გაზარდეს. ძირითადი სატელევიზიო არხების მხრიდან მოვლენების გაშუქება პოლიტიკურად ტენდენციური იყო იმ დონემდე, რომ აღნიშნული არხები პროფესიული ეთიკის დარღვევასა და ფაქტებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს. სამწუხაროდ, “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც”, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას მიჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ისტორიულად ყოველთვის იყო გამოწვევის წინაშე — როგორ აეძულებინა ხელისუფლება გმხდარიყო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, თუმცა ახლა ეს გამოწვევა განსაკუთრებით დიდია. საერთო ჯამში,  ქვეყანაში გაძლიერებული პოლიტიკური პოლარიზაცია სულ უფრო მეტად იპყრობს ქართულ მედიასივრცეს და ნეგატიურად აისახება მედიასაშუალებების იმიჯზე. 

ხმების ყიდვის ახალი სქემები საფრთხეს უქმნის სამართლიან არჩევნებს

უკანასკნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ბევრი საარჩევნო დარღვევა გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო იყო ამომრჩევლის ხმების სავარაუდო ყიდვა. 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ხმების ყიდვის უპრეცედენტო მაგალითად შეფასდა. ხმების ყიდვა, როგორც არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური პრაქტიკა, მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ პრობლემებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს ამ ტიპის მანიპულაციებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. ხმების ყიდვა ძირს უთხრის არჩევნების არსს, როგორც პროცედურული დემოკრატიის ცენტრალურ ელემენტს, რადგან ის ამომრჩევლებს მოკლევადიანი სარგებლის მისაღებად ხმებით ვაჭრობას აიძულებს, ნაცვლად იმისა, რომ ღირებულებებსა და პოლიტიკურ პრეფერენციებზე დაფუძნებული შეგნებული არჩევანი გააკეთონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების უფლებებში ჩარევით — თავისუფლად გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი და მათი ინტერესების წარმომადგენელი — ხმების მოსყიდვა საქართველოში დემოკრატიის პროცესს აფერხებს. ასევე,  ძირს უთხრის ქვეყნის უნარს, არჩეული ოფიციალური პირების მხრიდან ანგარიშვალდებულება შეინარჩუნოს. 

პოლიტიკური პროცესის მონოპოლიზაცია

დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან აქტორებს არ წარმოადგენენ და ხშირად ვერც მოქალაქეებისა და სამთავრობო პოლიტიკური პროცესების მაკავშირებლის როლს ასრულებენ. თუკი დასავლურ დემოკრატიებში პარტიები დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან, ძლიერი შიდაპარტიული დემოკრატიის სტრუქტურებით, საქართველოში მხოლოდ ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა არსებობს — „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — რომლებსაც ქარიზმატული ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი განკარგავენ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხოლოდ ამ ორ პიროვნებას შესწევს არჩევნებისთვის უზარმაზარი ფინანსური, პოლიტიკური და მედიარესურსების მობილიზების უნარი და არავის შესწევს უნარი — მათი პარტიების შიგნით თუ გარეთ — მოთოკოს მათი ავტორიტარული ინსტიქტები. ასეთი მდგომარეობა სერიოზულ ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს: უზარმაზარი რესურსების მონოპოლიზება სხვა პოლიტიკურ აქტორებს უფუნქციოდ ტოვებს და ქვეყანას სამართლიანი არჩევნების გამართვის რეალურ შესაძლებლობას ართმევს. თუკი პოლიტიკური მონოპოლიზაციის აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა, მან ქართული პოლიტიკა უფრო რადიკალური პოლარიზაციისკენ წაიყვანოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება საქართველოს არაკონსოლიდირებულ დემოკრატიაზე ფატალური შედეგი იქონიოს.

ოპოზიციის (ჩვეული) სისუსტე 

უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი მოწიფულობა აჩვენეს, გვერდზე გადადეს არსებული განსხვავებები და არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირეს. როგორც საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, იმისათვის, რომ მმართველი ძალის ძალაუფლებისგან ჩამოშორებისთვის საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვოს, ოპოზიციამ არჩევნების დროს ძალები უნდა გააერთიანოს. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ნაკლებად  სავარაუდოა, რომ აღნიშნული პარტიები 2020 წლის მნიშვნელოვანი, საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას შეძლებენ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მმართველი პარტიის საქმიანობით უკმაყოფილოა და პოლიტიკური ცვლილებისადმი ღიაა, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლის პროტესტის მობილიზება ვერ შეძლეს. ოპოზიციის აღნიშნულ სისუსტეს ხანგრძლივვადიანი ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოს დემოკრატიაზე, რადგან ის “ქართული ოცნების” მიერ ერთპარტიული რეჟიმის შექმნასა და  ამომრჩეველთა საკმაო ნაწილის ფრუსტრაციას განაპირობებს.

დემონიზაციის პოლიტიკა 

ქართული ოპოზიცია არა მხოლოდ სუსტი და ფრაგმენტირებულია, არამედ ის მმართველი პარტიის მიერ წარმატებით იქნა დემონიზებული. მაშინ, როცა ხელისუფლებამ საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდირება უზარმაზარი რესურსების მობილიზებით შეძლო, ოპოზიციურმა ძალებმა იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვა ვერ მოახერხეს, რომელთაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ აგრესიული და ნეგატიური კამპანიის თავიდან აცილება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო, რამაც ამომრჩეველი საარჩევნო პროცესისგან გააუცხოა. 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ყველა არჩევნები წარმოაჩინა, როგორც ექსკლუზიური ბრძოლა ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელთაგან მეორე ნაკლები ბოროტება იყო.. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი ნარატივი შექმნა — პარტიამ აჩვენა, რომ ის კვლავ რჩება მიხეილ სააკაშვილისა და მისი რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენის ქვეშ. ამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის დღეს არსებულ დინამიკას უარყოფითი გავლენა აქვს პოლიტიკურ პლურალიზმზე საქართველოში, რადგან მათი [ორივე მხარის] მხრიდან დაყოფისა და მარგინალიზაციის მცდელობები ამომრჩეველში მცდარ პოლიტიკურ წარმოდგენებს ქმნის.  შედეგად, ამომრჩევლები  ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობენ, რომელიც ამ ორი პარტიისადმი მათი მიკუთვნებულობით განისაზღვრება. აღნიშნული პროცესი იწვევს საზოგადოებაში ღრმა დაყოფას და პარტიულ ანტაგონიზმს, ასევე, ახალისებს პოლიტიკურ რადიკალიზმს.

დასავლური ინდიფერენტულობა: ახალი რეალობა?

2018 წლის არჩევნების დროს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ბევრ დარღვევას გაუსვეს ხაზი, თუმცა ევროკავშირისა და ბევრი სხვა დასავლური სახელმწიფოს ფორმალური პოზიცია უფრო დაბალანსებული იყო. საერთაშორისო საზოგადოებამ მომენტალურად აღიარა არჩევნების შედეგები, გამარჯვებულისთვის დაუყოვნებლივი მილოცვით, და შედარებით ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს. ამით დასავლეთმა ირიბად დაუჭირა მხარი მმართველი პარტიის პოზიციას და გარკვეულწილად ხელფეხი შეუკრა ოპოზიციას, გაესაჩივრებინათ არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები. დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ნაკლებობა მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, შემდგომ არჩევნებშიც იმავე არადემოკრატიული პრაქტიკის გასაგრძელებლად გამოიყენოს, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, დამღუპველი შედეგი ჰქონდეს.

გამოსავლის ძიებაში

უკანასკნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს მყიფე დემოკრატიის სტაგნაციური მდგომარეობა. ქვეყანამ ვერ შეძლო შეესრულებინა ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღებული ვალდებულება, მოეხდინა დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაცია. ნაცვლად ამისა, საქართველო აგრძელებს ჰიბრიდული და ნახევრად დემოკრატიული სტრუქტურების სტაბილიზაციას: დომინანტური პარტიული სისტემით, პოლიტიზებული სასამართლო სისტემითა და კონკურენტული, თუმცა არა სრულად დემოკრატიული არჩევნებით. ცუდი მმართველობის ზემოაღნიშნული რამდენიმე ასპექტი, როგორიცაა მედიაპოლარიზაცია, პოლიტიკური დემონიზაცია თუ ოპოზიციის სისუსტე, ქვეყანაში არსებული პრობლემების გრძელი სიის უკანასკნელ დანამატებს წარმოადგენს და ქართულ დემოკრატიას კიდე უფრო აფერხებს. განვითარებად დემოკრატიებში, ჩვეულებრივ, სუსტი დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მიზეზი მთავრობაა. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ოპოზიციასაც შეაქვს საკუთარი უარყოფითი წვლილი. ამგვარად, საჭიროა, რომ ყველა ძირითადმა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, ბეჯითად იმუშაოს იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ წარმატებით განაგრძოს სვლა.

pastedGraphic.png

  • კორნელი კაკაჩია დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
    ბიძინა ლებანიძე  უფროსი ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 
  • წინამდებარე სტატია მომზადებულია “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (NED) ფინანსური მხარდაჭერითსტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა” და “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” შეხედულებებს 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი