კომენტარი

რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

27 ნოემბერი, 2018 • 3028
რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

უკვე წლებია მთელი ოჯახი ერთად დავდივართ არჩევნებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ოჯახური ტრადიციაა. ამიტომ, ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ არჩევნები სამუშაო კვირის დღეს ტარდება, სწორედ მაშინ, როდესაც ამსტერდამში მიწევს ყოფნა, ჩვენი პარტნიორების გლობალურ შეხვედრაზე, რომელიც ყოველ წელიწადს იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ერთმანეთისთვის ანგარიშის ჩაბარების და ახალი იდეების შექმნისთვის. მაგრამ არჩევნებზე მისვლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეა ჩემთვის. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ მთელი წელი გაუთავებელი მოგზაურობით, არჩევნების დღეს თბილისში ერთი დღით მაინც ჩამოვალ, ოჯახთან ერთად არჩევნებზე მივალ და მერე ისევ დავბრუნდები უკან.

სულ არ მგონია ცარიელი საუბარი ის, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია. ამაზე ვლაპარაკობ და ამ საქმეს ვაკეთებ აგერ უკვე ბევრი წელია. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ითვლება, არამედ იმიტომაც, რომ არჩევნებზე წასვლა ჩემთვის სამოქალაქო რიტუალია. არჩევნებზე მისვლა იმ დემოკრატიული ტრადიციის ნაწილია, რომლის განმტკიცება და გაძლიერებაც ძალიან გვჭირდება. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის გარეშე, ნაკლებად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ნამდვილად თავისუფალ სახელმწიფოს შევქმნით. არც იმით უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენთვის სრულიად მოსაწონი, იდეალური პოლიტიკოსები გამოჩნდებიან, რომლებსაც სიამოვნებით მივცემთ ხმას. არა, ასე არ იქნება, რადგან ნებისმიერი არჩევანი, მათ შორის პოლიტიკაში, არის ჩვენი პირადი და, სამწუხაროდ, შედარებითი არჩევანი იმის შესახებ, თუ ვინ ვის და რა რას სჯობს.

ხოდა, ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ დაიზარებთ თბილი საბნებიდან გამოძრომას და საარჩევნო უბანზე მისვლას. წუწუნსაც მორჩით იმის თაობაზე, თუ როგორ დაგღალეს პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა და რომ არაფრით არ გამოჩნდა თქვენთვის მოსაწონი პოლიტიკოსი. პატარა აღარ ვართ ეს ქვეყანა, დროა გავიზარდოთ. ხოდა, შევხვდებით არჩევნებზე.

ავტორი – ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ლევან ცუცქირიძის ბლოგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი