არჩილ იაკობაშვილი: მეორე ტური დემოკრატიის ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი

საპარლამენტო დემოკრატიებში, რომლის მთავარი ნიშან-თვისება მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მეთაური არ ითავსებს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ფუნქციებს, ზეპარტიული და ნეიტრალური სახელმწიფოს მეთაურის მისაღებად უპირატესია, რომ ასეთი არბიტრი საზოგადოებამ პირდაპირი წესით აირჩიოს.

პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატიების ერთმანეთთან თავსებადობა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ პოლიტიკური სუბიექტები (პარტიები), რომლებიც წარმომადგენლობით დემოკრატიას განასახიერებენ, სწორედ პირდაპირ არჩევნებში წარუდგენენ საკუთარ კანდიდატებს საზოგადოებას.

შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტის მიერ, მით უფრო თუ ეს სუბიექტი ყველა დონეზე კონსტიტუციური უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის საზოგადოებისათვის შეთავაზება არ წარმოადგენს ამ კანდიდატის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ზეპარტიულობის უზრუნველყოფის წინაპირობას.

ნეიტრალობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ თუნდაც საკუთარი რიგებიდან წარდგენილი კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კონსტიტუციით გაწერილი პროცედურის მიხედვით,გაყინავს საკუთარ პარტიულ მანდატს, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიუკერძოებლობისკენ.

ამ შემთხვევაში პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატია არ გამორიცხავენ, არამედ პირიქით, ავსებენ ერთმანეთს, რომლის პრაქტიკაც წარმატებით მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში (ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ავსტრია).

2007 წლიდან აღიარებული საერთაშორისო გამოცემა The Economist ყოველწლიურად ასაჯაროვებს საერთაშორისო დემოკრატიის ინდექსებს როგორც კონტინენტების და საერთაშორისო რეგიონების, ისე ცალკეული ქვეყნების მიხედვით. 

დემოკრატიის ხარისხის შეფასებით დაკავებულია რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი ევროპასა და ამერიკაში, რომლებიც, ძირითადად, საინვესტიციო ბანკები, საერთაშორისო ფინანსური და საკონსულტაციო კორპორაციების ((Rotshild, Lazard, Goldman Sachs, Solomon Brothers, Sal. Oppenheim, Morgan Stanley, UBS, Credit Suisse, Deutsche Bank, BNP Paribas, Delloitte, McKinsey, PWC etc) დაკვეთით ასრულებენ აღნიშნულ სამუშაოებს. შესაბამისად, მათი კვლევებზე მხოლოდ დამკვეთს აქვს ექსკლუზიური წვდომა, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაცია დახურულია.

ე.ი. The Economist ერთადერთია მსოფლიოში, რომლის დაქვემდებარებაში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტი “Economic Intelligence Unit”(EIU) შესაბამის ანალიტიკურ- სტატისტიკური სამუშაოების შედეგებს ღიად აქვეყნებს (მორიგი განახლება: იანვარი-თებერვალი 2019), ხოლო The Economist-ის გარდა, ავრცელებენ საერთაშორისო ფინანსური სავაჭრო-საინფორმაციო ტერმინალები (Thomson, Reuters, Bloomberg), აგრეთვე საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სამსახურები (Moody’s, Standard&Poors, Fitch, DBRS).

აღნიშნული ინფორმაცია როგორც დამკვეთებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულთ სჭირდებათ საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებისთვის ე.წ. პოლიტიკური რისკების (Country Risk) შესაფასებლად.

EIU-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, ქვეყნები კაპიტალდაბანდების კუთხით მით უფრო მიმზიდველია, რაც უფრო მაღალია პოლიტიკური სტაბილურობა, ე.ი. რაც უფრო მაღალია დემოკრატიის ინდექსები ამ ქვეყნებში.

EIU განასხვავებს დემოკრატიის სამ ძირითად ეტაპს: სრული დემოკრატია (Full Democracy Index Score: 8.01-10.00), გარდამავალი დემოკრატია (Flawed Democracy: 6.01-8.00) და ჰიბრიდული დემოკრატია (Hybrid Democracy: 4.01-6.00).

მიუხედავად იმისა, რომ 2012-2013 წლებში ქულები გაუმჯობესდა, საქართველო დღემდე ირიცხება ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნების ჯგუფში, რომლისთვისაც დამახასიათებელია დეფექტური არჩევნები, კონსტიტუციური ხარვეზები, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისა და სახელმწიფოს მიტაცების მაღალი საფრთხე, პოლიტიკური გავლენები სასამართლოზე, სისტემური ჩავარდნები მართლმსაჯულებასა და იუსტიციაში.

დემოკრატიის ხარისხის დათვლაში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ხელისუფლების განაწილების, საკანონმდებლო ინიციატივების, სახელმწიფო ვერტიკალის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულობის, მრავალპარტიულობის, თავისუფალი არჩევნების, ადამიანთა უფლებების დაცვის ასპექტები.

აღმოსავლეთ ევროპის ვერცერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს სრული დემოკრატიის მოთხოვნებს, მაგრამ რუსეთის გამოკლებით, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა გარდამავალი დემოკრატიების ჯგუფშია; ზოგი – მეტი პროგრესით სრული დემოკრატიისკენ, ზოგიც – ჰიბრიდული რეჟიმისკენ და ავტორიტარიზმისკენ გადახრის გარკვეული რისკებით.

EIU-ის მიერ დემოკრატიის შეფასების ათწლიან ისტორიაში დაგროვდა იმის შემთხვევები, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპრეზიდენტო არჩევნების და ხელისუფლების გადანაწილების გზით (მმართველი პარტია კოალიციური მთავრობით vs ოპოზიციური პარტიის წარდგენილი პრეზიდენტი) აღნიშნულმა ქვეყნებმა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას (2012: სლოვენია; 2013: ლიტვა; 2014: რუმინეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი; 2015: ხორვატია) მიაღწიეს.

აღნიშნული ქვეყნების, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში მეზობელი სომხეთის გამოცდილება ადასტურებს, რომ ხელისუფლების დანიშნულებაა დემოკრატიის პატივისცემა და დაცვა.

განსაკუთრებით საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ხელისუფლების მიერ “დემოკრატიის მართვა” წარმოადგენს უშედეგო ილუზიას და მცდელობას, რადგან დემოკრატიას თავად შეუძლია საკუთარი ხარვეზის გამოსწორება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის წარმოადგენს მნიშნველოვან ტესტს, რომლის შედეგებით, მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის საპირწონედ, უახლოეს პერიოდში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობას მეორე ტურში გადასვლა, ხოლო საკმარის წინაპირობას მეორე ტურში ოპოზიციური პრეზიდენტის გამოვლენა იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი: არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი