მართვადი დემოკრატია – “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შეეშინდა

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

ავტორიტარიზმის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ რომელიმე ქვეყნის პარლამენტში ხელისუფლება წარმოდგენილი იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობით, ფლობდეს სრულ კონტროლს სახელმწიფო ვერტიკალის და ჰორიზონტალის ყველა დონეზე, მაგრამ საკუთარი რიგებიდან ვერ შეძლოს კანდიდატის შერჩევა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.

“თამაშგარე მდგომარეობის” ინსცენირებით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ის არის ავტორიტარულ-ჰიბრიდული რეჟიმის პროდუქტი და სიმბოლო, ხოლო შიდაპარტიული დემოკრატიის ჩავარდნამ დაადასტურა, რომ მისი ტრანსფორმაცია ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიულ პოლიტიკურ სუბიექტად არის და ყოველთვის დარჩება მიუღწევად გამოწვევად.

დემოკრატია ის კი არ არის, რომ საკუთარი უნიათობის, უსუსურობისა და უპასუხისმგებლობის შენიღბვის მიზნით ხელისუფლება ვითომ რაღაცას “დათმობს” , არამედ ის, რომ ხელისუფლება მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რომელშიც შეიძლება დამარცხდეს, შესაძლო მარცხს თვალს გაუსწორებს და აღიარებს.

“ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიისათვის საზარალო გადაწყვეტილების ფონზე იმედია, ხელისუფლება საერთოდ აღარ ჩაერევა საარჩევნო პროცესში, მხარს არ დაუჭერს და არ დაუშვებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ.

წინააღმდეგ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები საბოლოოდ დაკარგავს დემოკრატიულ ხასიათს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღნიშნული ქმედება მოსალოდნელია, რომ შეფასდეს დემოკრატიაში უხეშ ჩარევად და ფასადური სურათის შექმნის მცდელობად.

ავტორიტარულ-ჰიბრიდულ რეჟიმში მყოფი ქვეყნისთვის დემოკრატიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყოველ მომდევნო გაჩერებას ჰქვია დიქტატურა.

ამასთან უნდა გამოვეხმაუროთ იმ შენიღბულ სიცრუეს, რომელიც ბატონმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. თურმე, კობახიძის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკებში ზეპარტიულობის უზრუნველყოფის მიზნით პრეზიდენტებად ნეიტრალურ და დამოუკიდებელ პირებს ირჩევენ. ეს თეზისი არის მტკნარი ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

მაგალითად, როგორც გერმანიის, ისე იტალიის შემთხვევაში არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტები (ე.ი. საარჩევნო კოლეგიის – ე.ი. ხმოსნების მიერ), არამედ ყველა კანდიდატი ყოველთვის იყო ამა თუ იმ პარტიის წევრი, სოლიდური გამოცდილებით როგორც სახელმწიფო-ბიუროკრატიუილ, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში. პრობლემა ის კი არ იქნებოდა, რომ პარტიულმა კანდიდატებმა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, არამედ მთავარია ის, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პირმა აიღოს პოლიტიკური ტაიმაუტი (ე.ი. გაყინოს პარტიული მანდატი) და ქვეყანას ემსახუროს როგორც ზეპარტიული, დამოუკიდებელი და ნეიტრალური სახელმწიფო მეთაური.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი: არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი