კომენტარი

ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

17 მარტი, 2014 • 2014
ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

 

ლელა ნემსაძე
ლელა ნემსაძე

მე გახლავართ ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელიც მონაწილეობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში, კერძოდ, უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტის – სტილისტ-რედაქტორის ვაკანსიაზე. კონკურსის მეორე ტურში (გასაუბრება) მყავდა ორი კონკურენტი, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა სტილისტ-რედაქტორის შესაბამისი განათლება, გამოცდილება. მოგეხსენებათ, სტილისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვა კვალიფიკაციის მქონე პირი ამ თანამდებობისთვის შეუსაბამოა, რადგან საფუძვლიანად არ იცნობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, არ იცის ქართული ენის გრამატიკა (ერთ-ერთ კონკურსანტს დამთავრებული ჰქონდა რუსული ფილოლოგიური, მეორეს – ჟურნალისტიკის  ფაკულტეტი; სპეციალობით მუშაობაზე საუბარი ზედმეტია).

 

 

აქვე, მოკლედ მოგახსენებთ ჩემი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ. განათლებით ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ასევე, უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული ინგლისური ენის თარჯიმნის სპეციალობით. ვმუშაობდი სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად (6 წელი), ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტილისტიკისა და რედაქტირების ლექტორ-მასწავლებლად (2 წელი), შპს „გაზეთ ბათუმელების“ სტილის რედაქტორად (6 წელი), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბეჭდვით ორგანოში –  ა(ა)იპ „ბათუმურ ქრონიკებში“ პასუხისმგებელ მდივნად (3 წელი). გავლილი მაქვს 6-თვიანი სტაჟირება საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო განყოფილებაში სტილისტის პოზიციაზე და მაქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ვარ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამოცემული წიგნის – „საუბრები ქართულ მედიაზე“ –  სტილისტი და სარედაქციო კოლეგიის წევრი.

 

 

ჩემი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიუხედავად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა სხვა კონკურსანტი, პროფესიით ჟურნალისტი, რომელიც ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კონკურსის გამოცხადების პერიოდში.

 

 

მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ საპრეტენზიო წერილით მივმართე უმაღლეს საბჭოში შექმნილ საპრეტენზიო კომისიას და მოვითხოვე: საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტის – სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე ჩემ წარსადგენად უარის თქმის ნაწილში; კონკურსის მეორე ტურის, გასაუბრების ხელახლა დანიშვნა.

 

 

2014 წლის 2 თებერვალს ჩემი საპრეტენზიო წერილის საფუძველზე საპრეტენზიო კომისიამ გადაწყვიტა (რეკომენდაციის სახით), უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ხელახლა ჩაატაროს კონკურსი.

 

 

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ამ თანამდებობაზე დასანიშნად არ წარადგინა არც ერთი კანდიდატი. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად ჩაითვალა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდი არა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას, არამედ მხოლოდ მეორე ტურის, გასაუბრების თავიდან დანიშვნას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ამ გადაწყვეტილებაზე პრეტენზია აღარ გამიცხადებია, ვინაიდან,  ვთვლიდი, რომ კონკურსის ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში წარმატებას მივაღწევდი.

 

 

მოთმინებით ველოდებოდი კონკურსის ხელახლა გამოცხადებას.

 

 

თუმცა… 2014 წლის 11 მარტს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს (20 მარტი) პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტის – სტილისტ-რედაქტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება; მის ნაცვლად იქნება საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. 

 

 

ბატონო ირაკლი, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს ამ დადგენილების პროექტს, შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდება არა უფროსი სპეციალისტის – სტილისტ-რედაქტორის, არამედ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უპირატესობა, რომელიც მე გამაჩნდა, როგორც სტილისტ-რედაქტორს, აღარ მექნება. უფრო მეტიც, აღარ მექნება კონკურსში მონაწილეობის უფლებაც, რადგან ახალი დადგენილების პროექტით, თანამდებობაზე დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. მოქმედი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კი ითვალისწინებდა საჯარო სამსახურში მუშაობის ან/და სპეციალობით მუშაობის ერთწლიან გამოცდილებას.

 

 

ამ დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 20 მარტს მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პირი (ანუ მე), ვისი სამართლიანი და არგუმენტირებული პრეტენზიის შედეგად, ფაქტობრივად, კონკურსი ჩაიშალა. 

 

 

დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

 

გთხოვთ, შეისწავლოთ ზემოაღნიშნული საკითხი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი