კომენტარი

გადაწყვეტილების შემდგომ – გზა მარიხუანის პრაქტიკული ლეგალიზაციისკენ

31 ივლისი, 2018 • 4732
გადაწყვეტილების შემდგომ – გზა მარიხუანის პრაქტიკული ლეგალიზაციისკენ

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

რა მოხდა?

მარტივად რომ ვთქვათ, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა მარიხუანას მოხმარების გამო, ანუ მარიხუანას მოხმარება უკვე სრულიად ლეგალიზებულია. მიუხედავად ამისა, მარიხუანას შეძენა-შენახვისა და მოყვანისთვის პასუხისმგებლობა არ გაუქმებულა. ამ ქმედებების დასჯადობასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ოდენობებთან დაკავშირებული ინფორმაცია ნახეთ აქ.

ახლა რა ხდება?

რაკი მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, წარმოიშვა ლოგიკური კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მის შეძენას, შენახვასა და კულტივირებასთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, ყველას აინტერესებს, თუ რამდენი „მოსაწევი“ შეიძლება გქონდეს ან მოიყვანო იმისთვის, რომ შარში არ გაეხვიო, რაც ცალკე სისხლისსამართლებრივ და ცალკე ადმინისტრაციულ „შარს“ გულისხმობს.

იმის გაგება, თუ რა რეგულაციები არსებობს ამჟამად, რიგითი მოქალაქისთვის არც თუ ისე ადვილია. გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა, მას მოუწევდა გადაეხედა მინიმუმ ორი სხვა კანონისთვის, წაეკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი გადაწყვეტილება, მოეძებნა სპეციალური ნუსხა და შეედარებინა მათში მითითებული ოდენობები გადაწყვეტილებებთან.

მოკლედ, დიდი თავის ტკივილი და ერთი ამბავი.

ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ერთმნიშვნელოვნად პარლამენტია, რომელიც 2015 წლის შემდეგ უარს ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შექმნილი სამართლებრივი რეალობის აღიარებასა და ნარკოტიკებთან, ან თუნდაც მარიხუანასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მიღებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისთავად კი აქვს შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი, მაგრამ მას ნორმის მხოლოდ გაუქმება შეუძლია. შესაბამისად, სხვადასხვა კანონებში თანდათან ჩნდება ჩანაწერები, რომ კონკრეტული სიტყვა, ფრაზა, ან წინადადება, ანდა სულაც მისი ერთ-ერთ ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად არის ცნობილი. თუმცა, რა უნდა იგულისხმებოდეს ამ სიტყვის ან ფრაზის ნაცვლად, ამას კანონმდებლობის კომპლექსური ანალიზი სჭირდება ხოლმე.

კანონი იმდენად მოძველებულია, რომ არაიურისტ ადამიანს მისი წაკითხვის შემდეგ შეიძლება ეგონოს, რომ მარიხუანას ერთი „ჯოინთის“ გამო ციხეში 8 წლით შეიძლება წავიდეს. არადა მარიხუანას მოწევა უკვე ლეგალურია და მის გამო არათუ ციხეში არავინ წავა, ჯარიმითაც კი ვერ დაისჯება ვინმე. ამრიგად, მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად ცნო, მაგრამ მის პრაქტიკულად ამოქმედებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.  

რა უნდა მოხდეს?

მარიხუანის სრული პრაქტიკული ლეგალიზაცია სხვადასხვა გზებით შეიძლება განხორციელდეს. გუშინ შექმნილი სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, ამის მიღწევას ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებიდან რომელიმეს კეთილი ნება ესაჭიროება.

  • პარლამენტი

პრაქტიკული ლეგალიზაციის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრისას პარლამენტი ყველაზე „აშკარა ეჭვმიტანილს“ წარმოადგენს. სწორედ პარლამენტის საქმეა კანონებში ამჟამად დაგროვებული არეულობის დალაგება, ახალი კანონმდებლობის მიღება და მარტივად რომ თქვათ, პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რის გაკეთება რა ოდენობით არის ნებადართული.

ამისათვის პირველ რიგში საჭიროა, რომ პარლამენტმა აღიაროს არსებული მოცემულობა, მით უფრო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ორგანოს დაუტოვა შესაძლებლობა, დააწესოს შეზღუდვები თუნდაც მოხმარებასთან დაკავშირებით ასაკის, პროფესიისა და დაწესებულების მიხედვით. როგორც ჩანს, პარლამენტი ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს და მოხმარების შეზღუდვებთან დაკავშირებით კანონი სწრაფად იქნება მიღებული.

სწორედ ამ ცვლილების ფარგლებში, პარლამენტს შეუძლია აღარ დაელოდოს საკონსტიტუციოს ანალოგიურ გადაწყვეტილებას მარიხუანის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით და თავად განსაზღვროს კონკრეტული ოდენობები, რომლის ფარგლებშიც მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ქონა ლეგალური იქნება. ეს იდეალური გამოსავალი იქნებოდა: ცალკე ჩახლართულ საკანონმდებლო მოცემულობას ეშველებოდა, ცალკე – ყველასთვის გასაგები იქნებოდა თამაშის ახალი პირობები და აწ უკვე შეუქცევადი პროცესიც დროში აღარ გაიწელებოდა.

თუმცა, პარლამენტის პოლიტიკური პროფილიდან გამომდინარე, მოვლენების ამ სცენარით განვითარება ნაკლებ სავარაუდოა, ამიტომ შესაძლოა ლეგალიზაციისკენ სვლის მთავარი მედროშეობა სხვა, წმინდა სამართლებრივმა ორგანოებმა ითავონ.

  • პროკურატურა, შსს, საერთო სასამართლოები

გუშინდელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს მიანიშნა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხები მათი პრიორიტეტების ნუსხაში უმდაბლეს ადგილს უნდა იკავებდეს. მართალია, ამ მინიშნების ამოკითხვა წიქარიშვილის გადაწყვეტილებიდანაც შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არაერთი სახელმწიფოს გამოცდილება აჩვენებს, რომ მარიხუანის პრაქტიკული ლეგალიზაცია შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როცა საკანონმდებლო ორგანო არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

ამჟამად, შეძენა-შენახვა თეორიულად მაინც რჩება დანაშაულად (თუმცა სასჯელის გარეშე). შესაბამისად, შსს-ს შეუძლია, მაგალითად, ბინის ან პირადი ჩხრეკის ან სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე პირთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება, ხოლო პროკურატურას – საქმის სასამართლოში წაღება და ამ ყველაფრის დაკანონება.

თუმცა დროის, ადამიანური და ფინანსური რესურსების ხარჯვა ისეთ გამოძიებაზე, რომლის „დამნაშავე“ ვერ დაისჯება, რასაკვირველია უაზრობაა. ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, პრაქტიკული პოლიტიკის გატარების გზით, თავი აარიდონ კანონის სკრუპულოზურ აღსრულებას. ამ გზით პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის შეძენა-შენახვა და კულტივირება ყოველგვარი უარყოფით შედეგების გარეშე გახდება შესაძლებელი.

ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო სასამართლოებსაც, რომლებიც კონკრეტულ საქმეებს განიხილავენ. თუკი სამართალდამცავი ორგანოები ზემოხსენებულ გზას არ აირჩევენ და მაინც გააგრძელებენ მოქალაქეების დაჯარიმებას ან ფუჭი სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოებას, მაშინ სწორედ საქალაქო, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ უნდა მისცენ მათ ამის უფლება და განმარტონ, რომ ქმედების სოციალური საშიშროების გათვალისწინებით, არ არსებობს პირის დასჯის საზოგადოებრივი სარგებელი. მოქალაქეთა მხარეს დადგომით სასამართლო ყოველგვარ აზრს დაუკარგავდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ დევნის განხორციელებას.

  • საკონსტიტუციო სასამართლო

საერთო სასამართლოების პრაქტიკისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, ზემოთ მოყვანილი სცენარი,  სამწუხაროდ, ასევე ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, ყველაზე რეალისტურ გზად ისევ ის რჩება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაწყებული ლეგალიზაციის პროცესი ისევ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულოს.

ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს ნორმები როგორც სისხლის, ისე – ადმინისტრაციული კოდექსიდან, რომლებიც მარიხუანის შეძენა-შენახვა-კულტივაციას დასჯადად აცხადებს. პარლამენტის უმოქმედობის პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე განსახილველი ექნება ნარკოტესტირებასა და სხვა მსუბუქ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საქმეები.

სამი წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სულისკვეთება აჩვენებს, რომ ამ საქმეებს პერსპექტივა ნამდვილად ექნება. თუმცა, ამ საქმეების წარმოება, დროში უკიდურესად გაწელვის გარდა, სასამართლოს ისედაც შეზღუდულ რესურსს მძიმე ტვირთად დააწვება. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო ორგანო საკუთარ წილ პასუხისმგებლობას არ აიღებს, კიდევ დიდხანს შეიძლება ყველასთვის ბუნდოვანი დარჩეს პასუხი კითხვაზე, „როგორ მოვწიო?“

მასალების გადაბეჭდვის წესი