კომენტარი

არჩილ იაკობაშვილი: გარემოს დაცვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დანაწევრება იყო შეცდომა

9 ივლისი, 2018 • 3224
არჩილ იაკობაშვილი: გარემოს დაცვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დანაწევრება იყო შეცდომა

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

“წვიმის ბრალი იყო მთის ჩამოშლა და წყალდიდობა… თუ წვიმა აღარ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება,” – გვამშვიდებდა და გვაწყნარებდა ჭუბერში, სტიქიის ადგილიდან ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ექვსი წელიწადია “ქართული ოცნების” მთავრობის წევრია.

რას უნდა ველოდოთ ამჯერად “ქართული ოცნების” მთავრობისგან? წვიმის რეგულაციას, თუ პირდაპირ მთავრობის ბრძანებას ან პარლამენტის დადგენილებას სტიქიური შემთხვევების დროს წვიმის აკრძალვისთვის?

მაღალმთიან რეგიონებში რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდებში თოვლის დნობა და ნალექის ზრდაა მოსალოდნელი, ეს გადასახადის გადამხდელებმა უნდა შევახსენოთ სახელმწიფოს?

როდესაც სახელმწიფო კომპეტენციები არ არის დეცენტრალიზებული, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ცენტრალური მთავრობის დონეზე გარემოს დაცვის პოლიტიკა შერწყმულია აგრარულ პოლიტიკასთან, ხოლო ბუნებრივი რესურსების მართვა ეკონომიკის სამინისტროსთვის არის გადაცემული, ამით ხომ ხელისუფლება თავად მოექცა ვაკუუმში და შეზღუდა საკუთარი მოქმედების არეალი?

მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე ნენსკრაზე წარმოაჩინა სახელმწიფოს სერიოზული ჩავარდნები სტიქიური უბედურების ამოცნობის, დროულად რეაგირებისა და ზარალის მინიმიზაციის კუთხით.

სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის შექმნაზე, ბიზნესსუბიექტების მიერ მოგების რეალიზაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და ა.შ.

გარემოს დაცვა გულისხმობს პრევენციულ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან, რომლებზეც ხარჯების გაწევა გამორიცხავს უკუგებაზე ორიენტაციას და ემსახურება საზოგადოებისათვის იმ სერვისების მიწოდებას, რომლითაც თვითუზრუნველყოფა კერძო სექტორის მიერ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ორგანიზაციულადაც შეუძლებელია.

ამიტომ ექსტერნალური ეფექტებისგან (და ექსტერნალური მოვლენებია გარემოს დაბინძურება, სტიქიური უბედურებები და ა.შ.) თავდაცვის მიზნით სახელმწიფოსგან ყოვლად უპასუხისმგებლოა ინსტიტუციონალური დაჩეხვა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დანაწევრება.

2018 წელს ნენსკრას წყალდიდობა იყო გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე 2015 წელს ვერეს წყალდიდობა, მაგრამ ალბათ ნაკლებადზარალიანი იმის გამო, რომ ნენსკრას გასწვრივ ურბანული დასახლებები არ არის, როგორც ეს მდინარე ვერეს შემთხვევაშია.

გაფრთხილების სისტემის სქემა

ვთხოვთ (ვთავაზობთ, ვურჩევთ, მოვუწოდებთ) მთავრობას, დააბრუნოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა ერთი პოლიტიკური ჭერის ქვეშ, როგორც ამას ევროკავშირის დირექტივები და ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, და ბუნებასთან დაკავშირებული ე.წ. გამაფრთხილებელი სისტემების ქსელი (გაზომვა, მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი, წინასწარი შეფასება, გაფრთხილება–გავრცელება, ავტომატური რეაქცია, განგაში, ევაკუაცია, თანდათანობითი განმუხტვა)  მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი