კომენტარი

რუსკა მაყაშვილი: მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულს უნდა დავეხმაროთ

5 ივლისი, 2018 • 2668
რუსკა მაყაშვილი: მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულს უნდა დავეხმაროთ

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

„ნარკომომხმარებლები ციხით არ უნდა ისჯებოდნენ, მით უფრო, როცა საქმე ეხება მსუბუქ, კლუბურ ნარკოტიკს. გაურკვეველი ნივთიერებებით იღუპებიან ადამიანები, რადგან არ არსებობს ეფექტური მიდგომები. ჯანდაცვის სფერო, ფსიქოლოგები უნდა ერთვებოდნენ პრობლემის მოგვარების საქმეში.

მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულს უნდა დავეხმაროთ, ამ დროს ხელის კვრა და ციხეში შეგდება გამოსავალი არ არის.

ძიძა, რომელიც ბავშვს სცემს, 2 წელი იხდის სასჯელს, რამდენიმე აბი კლუბური ნარკოტიკის ფლობისთვის კი წლობით ხვდებიან  ციხეში. რატომ უნდა დაგაპატიმრონ იმის გამო, რომ კლუბში წახვედი, მოწიე და გაერთე.

თუმცა ზუსტად არ ვიცი, სრული ნარკოლიბერალიზაციის შემთხვევაში, ჰოლანდიის მსგავსად რომ იყიდებოდეს მოსაწევი კაფეებში, არის თუ არა მზად ამისთვის ჩვენი საზოგადოება. შესაძლოა პირველი ტალღა იყოს დიდი დაინტერესების და მერე ეს ინტერესი დაცხრეს.

ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ახალგაზრდები გაურკვეველი ნარკოტიკებისგან იღუპებიან. რაღაც შუალედური მიდგომებია საჭირო, რომ აბების გამო წლობით არ დავაპატიმროთ და ისეც არ მოხდეს, რომ ნარკოტიკი გახდეს მარტივად ხელმისაწვდომი.

ერთგვარი პროტესტის ფორმაა ზოგისთვის ნარკოტიკი, ცუდი რეალობისგან გაქცევის საშუალება და ალბათ მოქმედებს აკრძალული ხილისკენ ლტოლვის მომენტიც. ყველაფერს ეშველება, თუ ცოტათი უფრო ჰუმანური ხედვა ექნება სახელმწიფოს.

ქუჩის ნარკოტესტირებების მეთოდი მიუღებელი და დაუჯერებელია, ამ ყველაფრის სანაცვლოდ სჯობს შსს-მ გახშირებულ, მძიმე დანაშაულს მიხედოს“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი