კომენტარი

გიორგი კეკელიძე: ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების დასჯა აბსურდია

5 ივლისი, 2018 • 2959
გიორგი კეკელიძე: ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების დასჯა აბსურდია

გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი

„წლების წინ ვასწავლიდი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რუსთავის კოლონიაში და ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი პერსპექტივა ჰქონოდათ ცხოვრებაში, უბრალოდ, ნარკომოხმარების გამო რეალურად ასრულებდნენ ცხოვრებას.

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა ვფიქრობდი ამ ტიპის ცვლილებებზე და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების დასჯა არის აბსურდი, რადგან დასჯით არც გამოსწორება ხდება, თუ მაინცდამაინც ამ მიმართულებით ვისაუბრებთ. ერთი ნაფაზის გამოც კი შეიძლება ისხდნენ ე.წ. „უპატრონო ხალხი“. ვფიქრობ, რომ ეს არის გარდაუვალად მისახედი საკითხი.

მე თვითონ სიგარეტსაც კი არ ვეწევი და მიმაჩნია, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ყველაფერს სჯობს, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მხარს არ ვუჭერდე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას.

ნარკოტიკზე დამოკიდებულება არის ხაზგასმით პრობლემა, უბრალოდ, ამ პრობლემის მოგვარების გზა არ არის ხალხის განურჩევლად ციხეში ჩაყუდება. ძალიან დადასტურებული ამბავია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ ცვლის ნარკომოხმარებას.

უნდა არსებობდეს სამედიცინო-სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს ნელ-ნელა, ღირსეულად დაუბრუნდნენ იმ ცხოვრებას, რასაც ისინი ნებით თუ უნებლიეთ მოსწყდნენ.

ვერ გეტყვით, რატომ არ ცვლის სახელწიფო ნარკოპოლიტიკას. 90-იან წლებში ნარკოდამოკიდებულებამ ჩვენ ძალიან ტრაგიკული შედეგი მოგვცა და, ბუნებრივია, ხალხში არის განწყობები, რის გამო ყველა საერთო ქვაბში იხარშება და ეს ქმნის დამოკიდებულების შეცვლის პრობლემას.

იმისათვის, რომ შემცირდეს ნარკომოხმარება, პრევენციისთვის აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. განათლების სისტემამ სწორად უნდა დაანახოს ადამიანს საკუთარი ცხოვრების გზა.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი