კომენტარი

სულხან სალაძე: არ შეიძლება მხოლოდ ნარკომომხმარებლის დასჯა იყოს ნარკოპოლიტიკა

5 ივლისი, 2018 • 1863
სულხან სალაძე: არ შეიძლება მხოლოდ ნარკომომხმარებლის დასჯა იყოს ნარკოპოლიტიკა

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

„დღეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ნარკოტიკების პრობლემური მოხმარება საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ თუ კონფლიქტებმა ბუნებრივად გაზარდა გამოწვევები, რაც მანამდე არსებობდა. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არა აქვს ერთიანი, მკაფიო და სწორი ხედვა ნარკოპოლიტიკაზე, ხედვა, რომელიც შეიძლება ალტერნატივა იყოს ადამიანებისთვის.

ცალსახაა, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ნარკომომხმარებლის დასჯა იყოს ნარკოპოლიტიკა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ ახერხებს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. ეს არის პოლიტიკური ნების, კომპეტენციის პრობლემა. არსებობს პოლიტიკური შიშიც, რომ თუკი ამ კუთხით პოლიტიკას შეცვლიან, შეიძლება ქვეყანა დაიქცეს.

არსებულ პირობებში ნარკომომხმარებელი დასჯის შემდეგაც განაგრძობს ნარკოტიკის მოხმარებას, რადგან სასჯელაღსრულებითი სისტემა არაა ისე მოწყობილი, რომ იქ ეხმარებოდნენ ადამიანებს ნარკოტიკისთვის თავის დაღწევაში.

ჩემი აზრით, თუ საუბარია მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარებაზე, ციხე არაა გამოსავალი. არ ვლაპარაკობ რეალიზატორებზე და იმ მასშტაბის მოვლენებზე, რომელსაც კრიმინალთან შეიძლება ჰქონდეს აქტიური შეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემას სხვაგვარად უნდა ვებრძოლოთ და არა ციხით.

საქართველოში 4 აბი ექსტაზის პირადი მოხმარების მიზნით ფლობა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე არასრულწლოვანზე ძალადობა. სხვა ტიპის დანაშაულიც ბევრია, რომელზეც სასჯელი უფრო მცირეა, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებაზე.

იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი ხედვა, პოლიცია დროის მნიშვნელოვან ნაწილს ქუჩის ნარკოტესტირებაზე ხარჯავს, მაშინ როცა ეს რესურსი და ძალისხმევა შეიძლება დაიხარჯოს სხვა, ძალადობრივი საფრთხის შემცველი დანაშაულების აღსაკვეთად.

პირველ რიგში, მაინც ეს საკითხი ეხება ჯანდაცვის და განათლების სფეროებს. აქედან უნდა დაიწყოს რეფორმები. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება რეალურად ისეთი პოლიტიკის შექმნა, რომელიც რეალობას შეცვლის.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი