კომენტარი

ზურაბ გურიელიძე: ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება მკურნალობა და არა დასჯა

5 ივლისი, 2018 • 2072
ზურაბ გურიელიძე: ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება მკურნალობა და არა დასჯა

ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი

„ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს, ამას არ აქვს არავითარი ეფექტი, ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება მკურნალობა და არა დასჯა. დასჯით არა მგონია რამე შეიცვალოს.

როგორც წესი, მხოლოდ აკრძალვას არასოდეს არ აქვს ეფექტი, ზოგ შემთხვევაში პირიქით ხდება, გარკვეული უკუეფექტიც კი აქვს.

პირველ რიგში კანონი უნდა დაიხვეწოს. უნდა მოხდეს ლიბერალიცაზია, არა ლეგალიზაცია – ეს ჩემი მოსაზრებაა.  ამავე დროს ნარკოტიკების გამსაღებლებისადმი კანონი უნდა იყოს მკაცრი.

საგანმანათლებლო პროგრამები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ. კარგად უნდა მოხდეს იმის გაცნობიერება, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკების მოხმარებას. როგორც ბიოლოგს, მაქვს შეხება სხვადასხვა პრეპარატთან და კარგად მესმის, თუ როგორ ზემოქმედებს ეს. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს ნარკოტიკი და რას იწვევს, ამიტომ საგანმანათლებლო საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია.

და, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს რეაბილიტაციის პროგრამები ნარკომომხმარებლებისათვის. როცა დამოკიდებულება ჩნდება, ამას აქვს თავისი ფიზიოლოგიური საფუძვლები, შესაბამისად, სჭირდება გარკვეული სამუშაო, სარეაბილიტაციო პროგრამები.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი