დათო დოიაშვილი: ნარკომომხმარებელთა რიცხვი მკაცრი პოლიტიკით არ შეიცვლება

დათო დოიაშვილი, რეჟისორი:

„ნარკომომხმარებლები ციხით არ უნდა ისჯებოდნენ. ეს არის უბრალოდ დამოკიდებულება, ისევე როგორც ადამიანები დამოკიდებულები არიან, მაგალითად, სიგარეტზე ან სხვა რამეზე.

ნარკომომხმარებელთა რიცხვი მკაცრი პოლიტიკით არ შეიცვლება. არცერთ ქვეყანაში ეს ასე არ დარეგულირებულა. ძალაუფლება და გარკვეულწილად ფული – ალბათ ეს ორი რამაა საქმეში გარეული, სხვაგვარად ვერ ვხსნი, რატომ არ ცვლის სახელმწიფო მიდგომებს.

სოციალური ფონი განაპირობებს მომხმარებელთა მაღალ მაჩვენებელს. ნარკოტიკი რეალობიდან გაქცევაა, ჩვენ კი გვაქვს რეალობა, საიდანაც უმეტესობას გაქცევა უნდა. როცა გვექნება რეალობა, საიდანაც გაქცევა არ მოგინდება, რასაკვირველია, მომხმარებელიც ნაკლები გვეყოლება.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს შეგონებებით გადავათქმევინებთ რაიმეს, თუ ვილაპარაკებთ, რა არის მავნე ჩვევა და რა – არა, ან რა არის კარგი და ცუდი.

აგრესიული ნარკომანი არასდროს მინახავს, ნასვამი უფრო შეიძლება იყოს აგრესიული. ადამიანის ქუჩაში გაჩერება და შემოწმება ძალაუფლების გამოხატვის ვანდალური, ცუდი ფორმა მგონია. ამით ტკბებიან ის ადამიანები, ვისაც სურს  სხვაზე მაღლა იდგეს და მეტი უფლება ჰქონდეს.

თუ ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელიც ადამიანს დამოკიდებულს ხდის, არ აქვს მნიშვნელობა რაზე, მაშინ აქ უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის სისტემა და უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ბავშვებში, ახალგაზრდებში ნარკოტიკი არ იყოს მოდური და არ იქცეს განტვირთვის ერთადერთ საშუალებად. უნდა ვიფიქროთ, რა მივცეთ ადამიანებს ისეთი, რომ არ მოუნდეთ გაქცევა იმ რეალობიდან, რომელშიც ვართ“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი