კომენტარი

ერეკლე დეისაძე: სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციის პოლიტიკა

28 ივნისი, 2018 • 2990
ერეკლე დეისაძე: სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციის პოლიტიკა

ერეკლე დეისაძე, არტისტი:

ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანი ციხით არ უნდა ისჯებოდეს. სხეული ადამიანის პირადი საკუთრებაა და თუ ის სხვა ადამიანს არ უქმნის საფრთხეს, სახელმწიფოს მასთან არაფერი ესაქმება. ამ ლოგიკით, თუ სახელმწიფო ჩემზე ზრუნავს, უნდა აკონტროლოს საკვების ხარისხი, ჰაერის დაბინძურების ხარისხი. როცა ეს საკითხები უყურადღებოდაა და სისტემას ჩემი სხეული რატომღაც ნარკოტიკზე ახსენდება, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს სისტემა არის მატყუარა და ორიენტირებულია არა ადამიანის კეთილდღეობაზე, არამედ მის კონტროლზე. სწორედ ამიტომ მგონია, რომ როდესაც  ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს, სახელმწიფოს მასთან არაფერი ესაქმება. თუ ვინმე ნარკოტიკებს ასაღებს, მაშინ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მაგრამ ადამიანის სხეული მისი პირადი საკუთრებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გახსნილი საქმეების სტატისტიკით გველაპარაკება. თუ ამ სტატისტიკას დაჭერილი ნარკომომხმარებლების მონაცემებს მოვაშორებთ, ვნახავთ, რომ ეს ორგანო კარგად ვერ მუშაობს. უამრავი საქმეა გაუხსნელი, მათ შორის გახმაურებული საქმეები, რომლის მიმართაც წლებია მაღალი  საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს,  თუნდაც ის საქმეები, რომელთა გახსნის დაპირებითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. არაფერი შეცვლილა. პოლიციის ძირითადი საქმიანობა ნარკომომხმარებლების დევნა და რეპრესიებია.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციის სპეციალური პოლიტიკა. ასეთი მექანიზმები ჩადებულია ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც დიდი ხანია პარლამენტშია ინიცირებული და არ ამტკიცებენ. ამ პაკეტში არის თავდაცვის და პრევენციის მექანიზმები. თუმცა, მკურნალობაც ადამიანის არჩევანია. თუ ადამიანს უნდა დახმარება, მიმართავს სახელმწიფოს და დაეხმარებიან, ხოლო  თუ არ უნდა, მას ვერ დავიჭერთ და სპეციალურ ცენტრში ვერ გამოვკეტავთ, ესეც არასწორია.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი