კომენტარი

ლევან მათეშვილი: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არაეფექტურია

22 ივნისი, 2018 • 2898
ლევან მათეშვილი: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არაეფექტურია

ლევან მათეშვილი, დეკანოზი:

„ნარკოტიკების მოხმარება ციხით არ უნდა ისჯებოდეს. გაუმართლებელი და  არაპროდუქტიულია ასეთი პოლიტიკა. სტატისტიკის მიხედვით, ნამდვილად არაეფექტურია ციხით დასჯა. ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი არ მცირდება ჩვენს ქვეყანაში, არამედ იზრდება. აქედან გამომდინარე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არაეფექტურია.

აქ სხვა ზომების გატარებაა საჭირო. ის სახსრები, რაც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე იხარჯება, უმჯობესია მიიმართოს ამ ადამიანების რეაბილიტაციაზე. ეს ჰუმანური და პრაგმატული ნაბიჯი იქნება. ცხადია, ეს ასპროცენტიანი პრევენცია არ იქნება, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული,  რეპრესიული პოლიტიკა რომ არ ამართლებს, ვნახეთ.

ამიტომ აუცილებელია  პოლიტიკის შეცვლა. ზრუნვის პოლიტიკა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. ამ ადამიანებზე ზრუნვა არის უფრო ჰუმანური და, თუ გნებავთ, ქრისტიანული. ზრუნვა და სიყვარულის ჩვენება უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს.

პოლიციის პირდაპირი მოვალეობაა ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა. ნარკომომხმარებლების დევნაზე პოლიციის რესურსის დახარჯვის შედეგად, სამართალდამცავები თავის მთავარ ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებენ. უკეთესი იქნება, რომ ნარკოპოლიტიკა გადავიდეს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში. ზრუნვისა და რეაბილიტაციის სფეროში, ასევე არ გამოვრიცხავ ეკლესიის როლს. ორივე ერთად საუკეთესო საშუალება იქნება. უფრო მეტიც, ყველაფერი უკეთესია, ვიდრე ის რეპრესიული პოლიტიკა, რაც გვქონდა და გვაქვს.

არსებულისგან განსხვავებული საშუალებები  უნდა მოისინჯოს, რადგან მოქმედი პოლიტიკა არ ამართლებს.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი