კომენტარი

მიხეილ ჩარკვიანი: ეს არის სასტიკი ნარკოპოლიტიკა, აწყობილი ადამიანის უფლებების დარღვევაზე

21 ივნისი, 2018 • 2153
მიხეილ ჩარკვიანი: ეს არის სასტიკი ნარკოპოლიტიკა, აწყობილი ადამიანის უფლებების დარღვევაზე

მიხეილ ჩარკვიანი, რეჟისორი:

„რა თქმა უნდა, ნარკოდამოკიდებულება არ უნდა ისჯებოდეს ციხით, მით უფრო, თუ ძლიერ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. ციხე არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანი განიკურნოს. თუ ვსაუბრობთ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე, აქ საერთოდ სასაცილოა ციხეზე ლაპარაკი.

ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას და სხვა მსუბუქ ნარკოტიკს, გაცილებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, ვიდრე ალკოჰოლით მთვრალი. ნარკოტიკის მიღება ადამიანის არჩევანია და არ აქვს კავშირი კრიმინალთან. თუ გვინდა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პროგრამა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, უნდა იყოს სამკურნალო კურსი, ან დაწესებულება, რომელიც დაეხმარება ამ ადამიანებს დამოკიდებულების გადალახვაში.

ამდენი წელია პოლიცია უშედეგოდ მუშაობს და არ იკლებს ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რიცხვი, პირიქით, იმატებს. ეს არის არაეფექტური, სასტიკი ნარკოპოლიტიკა, აწყობილი ადამიანის უფლებების დარღვევაზე. კარგი იქნებოდა ამ ყველაფერმა მთლიანად ჯანდაცვის სფეროში გადაინაცვლოს.

ერთი შემთხვევა მახსენდება. ლონდონის ერთ-ერთ კლუბში კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა 18 წლის გოგო, ეს გოგო რეალურად გადახურებით გარდაიცვალა და ამ დროს ერთადერთი რამ, წყალი შველის. ნაცვლად იმისა, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულთა დევნა დაეწყო, ინგლისის სახელმწიფომ დაიწყო აქტიური კამპანია „drink water“. ამ კამპანიაში ის იყო აქცენტირებული მხოლოდ, რომ ადამიანმა ბევრი წყალი უნდა დალიოს.  ამ გოგოს მშობლებიც კი ჩაერთვნენ კამპანიაში და მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, ბევრი წყალი დაელიათ. ლონდონის კლუბებში წყალი უფასოა და მეტიც, მიმტანები დადიან მოცეკვავეებს შორის და წყალს ატარებენ. ამ კამპანიის შემდეგ კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის განულდა. ეს და სხვა ბევრი გამოცდილება გვაჩვენებს იმას, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა არ ხდება არც სანქციებით, ჯარიმებით, არც პატიმრობით, არამედ ლოგიკური, აზრიანი ნარკოპოლიტიკით, რაც მიზნად დაისახავს ადამიანების გადარჩენა-გაჯანსაღებას და არა მათი განადგურებას.“

________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი