პაატა შამუგია: „მკაცრი ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოს ხელში რეპრესიული იარაღია“

პაატა შამუგია, პოეტი:

„ადამიანი, რომელიც მარიხუანას ეწევა, გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოსაც და საკუთარ თავს, ვიდრე ის, ვინც არაყს ეტანება – ჩხუბი, აყალმაყალი – ალკოჰოლის მოხმარების შედეგია.

მკაცრი ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოს ხელში რეპრესიული იარაღია. ასე მარტივად და ლეგიტიმურად შეუძლიათ დააშინონ, ჩაუდონ ნარკოტიკი მოქალაქეებს. რაც უფრო მკაცრია ნარკოპოლიტიკა, მით მეტია მომხმარებელთა რაოდენობა და სიკვდილიანობა. ამგვარი მიდგომის შედეგად მომხმარებლებს შავი ბაზრიდან უწევთ ნარკოტიკის შეძენა, საიდანაც გაურკვეველია რას გაწვდიან. სწორედ ეს იყო ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ცოტა ხნის წინ.

პორტუგალიის მაგალითი რომ მოვიხმოთ, როგორც კი ამუშავდა სარეაბილიტაციო პროგრამები და შემსუბუქდა მიდგომა, იკლო მომხმარებელთა რაოდენობამაც.

თუ კონკრეტული ადამიანების არ სჯერა სახელმწიფოს, დაუჯერონ სხვა ქვეყნების მაგალითებს და ისტორიას.

ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდას განაპირობებს მძიმე სოციალური ფონი. მოქალაქეებს სახელმწიფო ვერ აძლევს ვერანაირი მიზნის განხორციელების საშუალებას და შესაბამისად ადამიანები რეალობისგან გაქცევას ცდილობენ. სხვა ამბავია ის, რომ ზოგი უბრალოდ სიამოვნებისთვის მოიხმარს ნარკოტიკს.

ორჯერ უფრო მკაცრად ისჯება ნარკომომხმარებელი – ვინც მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, ვიდრე მოძალადე და გამაუპატიურებელი – უდავოდ აბსურდული კანონები გვაქვს.

ჩინოსნები ლობირებენ ნარკორეალიზაციას საქართველოში. იბრძვიან იმისთვის, რომ მხოლოდ მათი ნარკოტიკი გასაღდეს და თუ სხვას ექნება, დაიჭერენ.

სტუდენტობისას ალბათ 50-ჯერ მაინც გავუჩხრეკივარ პოლიციელებს.  სიგამხდრის გამო  ეჭვობდნენ, რომ ნარკომანი ვიყავი. თუ მტკიცებულებები და გონივრული ეჭვი არ არსებობს, ჩხრეკა დაუშვებელია.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი