სალომე ბარკერი: „სახელმწიფოს ურჩევნია ნარკოტიკი იყოს დემონიზებული“

სალომე ბარკერი, სამოქალაქო აქტივისტი: 

„ჩემი აზრით, ნარკოტიკების ხშირი მოხმარება საქართველოში არსებული რეალობის ლოგიკური შედეგია. საშუალო ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, აქ ადამიანებს არ აქვთ საჭირო განათლება ნარკოტიკთან მიმართებაში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საჭირო სერვისებს, ზოგადად, სავსე ვართ სტრესით და აგრესიით, წარუმატებლობით, სიღარიბით და ამ ყველაფრიდან გაქცევის მიზნით ადამიანები ალბათ უზომოდ მოიხმარენ ან ნარკოტიკს, ან ალკოჰოლს, ან ნებისმიერ სხვა საშუალებას.

მკაცრ, დასჯაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკას ჯერჯერობით არსად მიუღწევია წარმატებისთვის და არსად შეუმცირებია მომხმარებელთა რიცხვი, ამაშიც არ არის საქართველო უნიკალური. მკაცრი ნარკოპოლიტიკის დროს ადამიანები მოიხმარენ უფრო უარეს, კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს და თავს იგდებენ უფრო დიდ საფრთხეში. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ნარკოტიკი სასარგებლო მგონია, უბრალოდ, არსებობს საყოველთაოდ აღიარებული გრადაციები ცუდსა და უარეს ნარკოტიკს შორის და როცა ვკრძალავთ ცუდს, ადამიანები მოიხმარენ უარესს.

საქართველოში რომ 4 აბი ექსტაზის პირადი მოხმარების მიზნით ფლობა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე არასრულწლოვანზე ძალადობა, ეს ჩვენი საზოგადოების სირცხვილია, სხვა პასუხი არ მაქვს. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შედარებით უფრო „მისაღები“ გვეგონოს არასრულწლოვანზე ძალადობა და უფრო „გაგებით ვეკიდებოდეთ“ ამ ამბავს, თან ამ დროს გვეშინოდეს და ვსჯიდეთ ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც ექსტაზები ჩაილაგა ჯიბეში და გასართობად წავიდა.

სახელმწიფოს ურჩევნია „ნარკოტიკი“ იყოს მარტივად დემონიზებული (როგორც უკვე არის) და არაფერი არ გააკეთოს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისკენ, იმიტომ, რომ მერე ვეღარ დააკავებს 0.0004 გრამ მდმა-ზე ხალხს 8 წლით.

რაში ხარჯავს დროს და ენერგიას ჩვენი დაქირავებული პოლიცია? ნარკოტესტებით ქუჩაში თევზაობს იმის იმედით, რომ რამდენიმე არაფხიზელს წააწყდება და ნარკოლოგიურში გააქანებს. ეს არის ის, რაც ძალოვან უწყებებში ყველაზე კარგად იციან და ისტორიულად კარგად გამოსდით, ძალადობრივი დანაშაულის გამოძიება კი აშკარად გაცილებით რთული და შრომატევადი საქმეა მათთვის.

ციხე არ არის ნარკოტიკებისგან თავის დაღწევის ეფექტური საშუალება.

ადამიანი, რომელიც ზიანს აყენებს საკუთარ თავს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ციხეში. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანი საკუთარ თავს რაღაცას უშავებს და, შესაბამისად, გვინდა ჩავერიოთ, მაშინ როგორც ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა ვცადოთ და დავეხმაროთ საჭირო სერვისებით. თუ ვერ ვეხმარებით – შევეშვათ მაინც და ცხოვრება უარესად არ გავურთულოთ. ციხეში რომ მიგვყავს, ამით ვის ვშველით, მას თუ საკუთარ თავს?“

 

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი