კომენტარი

ლაშა ბუღაძე: მე არ მინახავს ციხეში ჯდომით გამოსწორებული ნარკომომხმარებელი

12 ივნისი, 2018 • 3151
ლაშა ბუღაძე: მე არ მინახავს ციხეში ჯდომით გამოსწორებული ნარკომომხმარებელი

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

„ციხეში ნარკომომხმარებლის გაშვება არაფერს ცვლის. გულისხმიერი დამოკიდებულება და სარეაბილიტაციო პროგრამები სულ სხვაგვარ შედეგს მოგვცემდა და ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს განვითარებულ ქვეყნებში.

ნარკომომხმარებელთა მიმართ მკაცრი კანონი პოლიციელებისთვის დაშანტაჟების, მანიპულაციების დიდ არეალს ქმნის. ჩვენ გვაქვს გავლილი ოთხმოცდაათიანი წლები და სიტყვა „ნარკომანზე“ ადამიანებს უჩნდებათ ტრავმული ასოციაციები.

ჩემი ოჯახის ორი წევრი შეეწირა ნარკოტიკების პრობლემას. მათ ბიოგრაფიაზე დაკვირვების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემას იწვევდა ფუნქციის დაკარგვა, დეპრესიები და არაცნობიერი მიდრეკილება თვითნგრევისკენ. თუმცა ყველას საკუთარი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

რაღაცაზე ნებისმიერი დამოკიდებულება პრობლემაა. ალკოჰოლი, სიგარეტი, სიმსუნაგეც კი დამოკიდებულებაა. მარაზმია, როცა რაიმეზე დამოკიდებულებას პოლიციური სახელმწიფო იყენებს სასჯელისა და მანიპულაციების, შანტაჟისთვის… არ ისმის იმ ადამიანების ხმაც, ვისაც აქვს ეს პრობლემა. მივიღეთ რამე რეალური შედეგი მკაცრი ნარკოპოლიტიკისგან?

დიდი საგანმანათლებლო პროცესების დაწყებაა საჭირო, რომ გაქრეს ინფანტილური და უაზრო ფობიები ნარკოტიკების მიმართ, რაც შემდეგ ძალადობაში გადადის.  უნდა ვიკვლიოთ, ვეძებოთ სად არის პრობლემა და რა გზები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

წინა ხელისუფლების დროს შეწყალების კომისიის წევრი ვიყავი. ვხედავდი, როგორ აბსურდთან გვქონდა საქმე. ვერ ვხვდებოდი, უმცირესი დოზის მსუბუქი ნარკოტიკის გამო როგორ შეიძლებოდა სამი, ოთხი წლით ადამიანის ციხეში გაშვება. ვხედავდი, როგორ უბედურდებოდნენ ადამიანები, ოჯახები და შედეგად ვიღებდით იმას, რომ პრობლემა რჩებოდა პრობლემად.

მე არ მინახავს ციხეში ჯდომით გამოსწორებული ნარკომომხმარებელი. შედეგი მკურნალობას აქვს და არა დასჯას“.

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი