„დაუშვებელია ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს ნარკოტიკების მოხმარების გამო“

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი:

„დაუშვებელია ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს ნარკოტიკების მოხმარების გამო. ეს ისეთი წარმოუდგენელი ველურობაა, რომელიც ისეთ ქვეყანასაც კი არ ეკადრება, როგორიც საქართველოა.  ასეთი პრაქტიკა მთელი საზოგადოების გაუნათლებლობის დონეზე მიუთითებს, არა მარტო პოლიტიკოსების და ხელისუფლების. აქ ასაწონ-დასაწონი არაფერია, ასეთი მიდგომა არ უნდა არსებობდეს.

ერთადერთი, ვისთვისაც არსებული მდგომარეობა ხელსაყრელია, არის პოლიცია. მათ ამ ხაზზე უამრავი ბერკეტი აქვთ: ნარკოტიკების ჩადება, ნარკოდამოკიდებული პირების აგენტებად გამოყენება და ა.შ. ფაქტობრივად, პოლიცია საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ მუშაობს. შემთხვევით, საქართველოში ნარკოტიკების  პრობლემა რომ მოგვარდეს, ჩვენი პოლიცია დაინგრევა. ეს სისტემა ამაზეა აწყობილი, ნახევარზე მეტი „დამნაშავე“ წინასწარ ჰყავთ გამოვლენილი, ამ საქმეს ინტელექტი არ სჭირდება: დავიჭიროთ, ჩავსვათ – ეს არის მათი მიდგომა.

ნარკოდამოკიდებულებასთან და ნარკოტიკების ბრუნვასთან ასეთი სახის ბრძოლა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, არის ყველაზე იოლი.  გაცილებით უფრო რთულია პრევენცია, რეაბილიტაცია და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

მე პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ნარკოტიკების ფლობის დეკრიმინალიზაციას ვემხრობი. მოქალაქე თვითონ განაგებს საკუთარ ბედს და ის უნდა წყვეტდეს ამას. მცირე ოდენობის ფლობა არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და ამ სახით ისჯებოდეს.

ყველა ქვეყანაში, სადაც ნარკოპოლიტიკა შეარბილეს და  გონივრული ნაბიჯები გადადგეს, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. საქართველომ თავისი ნაბიჯებით მოხმარება გაზარდა და კიდევ უფრო გაზრდის. როგორც კი ოდნავ გამონათდება პარლამენტში, იმ წუთში საპატრიარქო თერთმეტმეტრიანს დაარტყამს და აკრძალავს ოცნებასა და ლაპარაკს იმაზე, რომ რაღაც გონივრულს გავაკეთებთ.

ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს სხვანაირი: უფრო ინტელექტუალური, რბილი და  დახვეწილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხისტი და ძალადობაზე ორიენტირებული.

სისხლის სამართლის კოდექსით, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე გაუპატიურება და ზოგიერთი ხასიათის მკვლელობა. ეს მიუთითებს, რომ ჩვენი საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალ დონეზეა.

ნარკოპოლიტიკაში საჭიროა ზუსტი მოქმედებები, დაუყოვნებლივ საჭიროა დეკრიმინალიზაცია და პროგრამების შემუშავება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი