კომენტარი

ზურა ჯიშკარიანი: ასეთი პოლიტიკა ხელს უწყობს ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდას

7 ივნისი, 2018 • 2926
ზურა ჯიშკარიანი: ასეთი პოლიტიკა ხელს უწყობს ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდას

ზურა ჯიშკარიანი, მწერალი, მუსიკოსი:

„სისტემა ისეა მოწყობილი, რომ საქმეების გახსნა „ნარკომანების“ ხარჯზე ხდება, თან არ არის განსაზღვრული ნარკოტიკების დოზები და ყველა ნივთიერებას თუ მცენარეს ერთი სახელი – “ნარკოტიკი” ჰქვია. ადამიანი, რომელიც მარიხუანას ეწევა და ის, ვინც ჰეროინს იკეთებს, ორივე „ნარკომანია“ სახელმწიფო გენოციდის სტატისტიკისთვის.

არაადეკვატური და მკაცრი სადამსჯელო ზომები ვერ უზრუნველყოფს “რიცხვის შემცირებას”. პირიქით, ასეთი პოლიტიკა ხელს უწყობს ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდას. გადახედეთ ისტორიას. გაიხსენეთ “მშრალი კანონი” ამერიკაში, რამაც უფრო გაზარდა ალკოჰოლის მოხმარება და ინტოქსიკაცია.

ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე, მაღალია დეპრესიულობის დონე, სიღატაკის. ამის ფონზე ნარკოპოლიტიკა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო საშინელი წნეხია ადამიანებისთვის. თან არ ვიცი, რას ვეძახით „ნარკოტიკს“? ეს ნივთიერებები კაცობრიობის დაარსებიდან იყო ადამიანთან და არსად გაქრობას არ აპირებს, უნდა ვაღიაროთ ეს. არაა საჭირო „ნარკოტიკებთან ომი“, საჭიროა მიდგომების შეცვლა, ჰუმანურობა, რეალიების აღიარება და გამბედაობა, რომ ახალი, ადამიანებზე მორგებული სისტემა შეიქმნას.

მჯერა, მოვა დრო და ამ კანონს გავიხსენებთ ისე, როგორც ახლა შუასაუკუნეების სიგიჟეებს ვიხსენებთ: ინკვიზიციას, კუდიანებზე ნადირობას. ზუსტად ასე ჩამორჩება ჩვენი ნარკოპოლიტიკა და პოლიციური სახელმწიფო რეალობას.

როცა ამბობ, რომ ზრუნავ ახალგაზრდებზე, გენოფონდზე და ამ დროს ახალგაზრდებს გაუაზრებელი, საშინელი სასჯელით უშვებ ციხეში, 5 წელიწადში მიიღებ თაობას, რომლის დიდი ნაწილიც მინიმუმ ერთხელ მაინც იქნება ნაჯდომი ციხეში. გამოდის, რომ სახელმწიფო საუკეთესო წლების ციხეში გატარებას გვთავაზობს, განათლებაც იქ მივიღოთ?!“

_____________________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი