კომენტარი

დემოკრატიის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება

7 ივნისი, 2018 • 2162
დემოკრატიის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

გასულ თვეს ხელისუფლებამ ძალიან უცნაური ფორმულირება შემოგვთავაზა, როცა შეეცადა თავსებადობის შეფასებას ე.წ. “ეკონომიკურ განვითარებასა” და “დემოკრატიის ხარისხს” შორის, აღნიშნა, რომ დემოკრატიის გზაზე ქვეყანა გასცდა ღრუბლებს, მხოლოდ ეკონომიკურად მოვიკოჭლებთ, მაგრამ ცოტაც, ცოტაც და შვეულად ავფრინდებითო. – იყო ტაში და უსასრულო ოვაციები, მაგრამ არავითარი კონკრეტული და, რაც მთავარია, არავითარი თვითკრიტიკული.
უპირველესად, ნამდვილად არათანამედროვედ შესაფასებელია მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი უნიათობა–უპასუხისმგებლობის გადაფარვის და, იმავდროულად, თვითკმაყოფილობის წარმოჩენის მიზნით ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენება.

მეოცე საუკუნეში წარჩინებული ორთოდოქსი მარქსისტი უნდა ყოფილიყავი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში “დიალექტიკური მატერიალიზმი” ამოგექექა მეთოდების სკივრიდან! ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში რაღა დროს “დიალექტიკური მატერიალიზმის” მეთოდებით მსჯელობის დროა?!

მაგრამ კარგით, არაა პრობლემა – “დიალექტიკური მატერიალიზმით” ცდილობთ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის პარალელების განსაზღვრას?

ჩვენც იმავე მეთოდით შევეცდებით “ჩაანალიზებას.”

EIU Index of Democracy – Georgia – 2011: 4.74 ქულა/102. ადგილი, 2012: 5.53/93, 2013: 5.95/80, 2014: 5.82/81, 2015: 5.89/82, 2016: 5.93/80, 2017: 5.93/79.

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში ნამდვილად გაჩნდა ლიბერალური დემოკრატიის ჩანასახი (ე.ი. კოალიციური ხელისუფლება vs ძალიან ძლიერი ოპოზიცია) – შედეგი მივიღეთ უზარმაზარი, რაც სათანადოდ შეაფასა “Economic Intelligence Unit-მა”, რომელიც “The Economist” და “Bloomberg” დაკვეთით ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს.

მაგრამ როგორც EIU-ს მონაცემებიდან ჩანს, 2012 წლის შემდეგ უკვე მეექვსე წელიწადია თითქმის ერთ ნიშნულზე ტრიალებს საქართველოს დემოკრატიის ინდექსი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს აღნიშნული ინსტიტუტი. ე.ი. დემოკრატიის დეფიციტია. და არც არის გაუმჯობესების შანსი, სანამ საქართველო კვლავ არ დაადგება ლიბერალური დემოკრატიის გზას, რაც ე.წ. “საკონსტიტუციო უმრავლესობის” მმართველობის პირობებში არის შეუძლებელი.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა“ შეიძლება არის ჰეტეროგენული, მაგრამ პოლიტიკურად არ არის კოალიციური და იმართება ავტორიტარულად. ავტორიტარიზმის შემდეგ მომდევნო გაჩერებას “დიქტატურა” ჰქვია.

გასული საუკუნის 20–იანი წლების ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ დემოკრატიის დეფიციტის მიუხედავად “დიქტატურა” არ ყოფილა თვითმიზანი, მაგრამ დიქტატურისკენ ბუნებრივად მიდის ის ხელისუფალი, რომელიც ავტორიტარიზმით ვეღარ უმკლავდება სახელისუფლებო გამოწვევებს.

ამიტომაც არის ხელისუფლების განაწილება აუცილებელი, რაც მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის პირობებში არის შესაძლებელი.

სწორედ დემოკრატიის დეფიციტია იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური გადწყვეტილებები ეკონომიკურ რეფორმებზე ტლანქი და მოუქნელია.

და უკანასკნელ დღეებში სოციალურ–ეკონომიკურ რეფორმებს “ვინ ჩივის,“ როდესაც დემოკრატიის დეფიციტი შეუძლებელს ხდის ქმედითი და სწრაფი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულების, იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში?

დემოკრატიის დეფიციტი შეიძლება შეივსოს მხოლოდ დემოკრატიული გზით. – საქართველოს სჭირდება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ერთ თვეში ნატოს სამიტია ბრუსელში და გეოპოლიტიკური გარემოებების ცვლილების ფონზე კარდინალური და გარდამტეხი გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში. – საქართველოს სჭირდება დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და მიიღოს საინვესტიციო ხარისხი, საერთაშორისო ინვესტორებს გაეზარდოთ ინტერესი და ნდობა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების დასაფინანსებლად.

დემოკრატია, და, სახელდობრ, ლიბერალური დემოკრატია არის ერთადერთი კაპიტალი, რომლის გამოყენების პირობებში საქართველო შეძლებს აუცილებელი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულებასა და იუსტიციაში, ეკონომიკაშიც, განათლებაშიც, სოციალური დაცვის სისტემებშიც, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი