კომენტარი

ნინო ზაუტაშვილი: „მხარს ვუჭერ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას და ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას“

7 ივნისი, 2018 • 2238
ნინო ზაუტაშვილი: „მხარს ვუჭერ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას და ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას“

ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი:

„ნარკოდამოკიდებულების დამარცხება მხოლოდ ზრუნვით და სიყვარულითაა შესაძლებელი. მკაცრად უნდა ვსჯიდეთ გამსაღებლებს დ არა მომხმარებლებს.

აკრძალვა ყოველთვის უკუჩვენებას იწვევს, მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას.

სახელმწიფოს არ აქვს ნარკოპოლიტიკის ხედვა. სიმკაცრის შედეგს უკვე ვიმკით და ნარკომომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით ლიდერი ქვეყნების სიაშიც ვართ.

ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებაც ისეთივე მავნებელია, როგორც ნარკოტიკი, რატომ იმავე პათოსით არ ებრძვიან ალკოჰოლის ბიზნესს?!

არავინ ფიქრობს ჯანსაღ ალტერნატივებზე, რაც ახალგაზრდებს უნდა შევთავაზოთ.

ვიღაც ყოველთვის იქნება, ვისაც ნარკოტიკის საშუალებით რეალობიდან გაქცევა მოუნდება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ნარკომომხმარებელთა კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის შემამცირებელ მექანიზმებზე, რაც აუცილებლად ასამოქმედებელია.

მყარი საფუძველი, მრავალფეროვანი ინტერესების გაღვივება, ჯანსაღი სპორტული ცხოვრების წესი – ეს ყველაფერი სკოლის ასაკიდანვე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

მხოლოდ ნარკომომხმარებელთა მოსმენით, მათი პრობლემების გათავისებით შეძლებს სახელმწიფო ახალი ხედვის შემუშავებას. ნარკომომხმარებლებმა თვითონ იციან, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ მიჯაჭვულობას. ბევრი გადაცემა გამიკეთებია ამ თემაზე, ყოფილან მოსულები ნარკომომხმარებლები და საკმაოდ მკაფიოდ ჰქონდათ ჩამოყალიბებული რეკომენდაციები სახელმწიფოსთვის, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს.

კანონებს წერენ ადამიანები და ადამიანებმა უნდა შეცვალონ ეს მკვლელი კანონი. საზოგადოება ვითარდება, პროგრესს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც ხელისუფლება. კანონების წერისას ყველამ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ყველაფერი მათ ოჯახს ეხება და გაცილებით უფრო ჰუმანურ კანონებს მივიღებთ ასეთ შემთხვევაში.

ნარკოდამოკიდებულების დაძლევა ურთულესი პროცესია, მე ვიცნობ ასეთ ხალხს და, ვფიქრობ, ისინი უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ დიდი ძალისხმევისთვის, წინაღობების გადალახვისთვის.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი