კომენტარი

მერაბ მეტრეველი: „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარსულის გადმონაშთია“

5 ივნისი, 2018 • 2691
მერაბ მეტრეველი: „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარსულის გადმონაშთია“

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

„ნარკომომხმარებლებს არ უნდა იჭერდნენ. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარსულის გადმონაშთია. ციხისთვის ვწირავთ და ვიმეტებთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ვნებენ და სხვას არავის. მკაცრი ნარკოპოლიტიკა აწყობს ხელისუფლებას, შსს ვერ თმობს ამ მიდგომას, რადგან ასე ისინი აკონტროლებენ გარკვეულ ჯგუფებს, აიძულებენ თანამშრომლობას შანტაჟის წყალობით.

გვაქვს უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა, თუმცა პრობლემის სიმწვავისა და ნარკომომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით ლიდერები ვართ ბევრ ქვეყანასთან შედარებით – ხომ აბსურდული სიტუაციაა? წლებია ნარკომომხმარებლებს ციხეში ვალპობთ და შედეგად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვყოფილვართ პრობლემის სიმწვავის მიხედვით.

მე-5, მე-6, მე-7 კლასში ბავშვებს სკოლაში უნდა ვუხსნიდეთ ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისა და რისკების შესახებ. დიდი ძალისხმევა არ სჭირდება ერთი ამგვარი საგანმანათლებლო კურსის მომზადებას, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს, მაგრამ სამაგიეროდ იჭერენ ადამიანებს და ეს ჰგონიათ საქმე.

რაც უფრო მალე შეიგნებს სახელმწიფო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ ამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, მით უკეთესი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც“.

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი