ზურა აბაშიძე: „ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ჩვენი სახელმწიფოს მსხვერპლია“

ზურა აბაშიძე, მწერალი:

„მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ანგრევს, გვაჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ნარკოტიკების მომხმარებლებთან. სახელმწიფო ნარკომომხმარებელს მტრად მიიჩნევს, რომელსაც მკაცრი ზომებით უნდა იბრძოლო.

მე მჯერა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ვერაფრით იქნება ჩვენი ქვეყნის მტერი, ის უფრო ჩვენი სახელმწიფოს მსხვერპლია და ალბათ ვერც ვერასდროს მოგვარდება პრობლემა, თუ სახელმწიფო არ შეცვლის დამოკიდებულებას და არ მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მისი მოვალეობა ხალხზე ზრუნვაა და არა მტრის ხატის შექმნა ადამიანებისგან, რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არიან დამნაშავეები.

სანამ დავსვამთ კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი ადამიანმა ნარკოტიკების მოხმარების გამო, მანამდე უნდა დავსვათ კითხვა, რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკებს.

მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების მოხმარება იმ ქვეყნებშია პრობლემური, სადაც სახელმწიფო ვერ დგას თავის სიმაღლეზე, ვერ უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს. ძალიან მარტივია ეძებო ალტერნატიული გზები ბედნიერებისთვის იმ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და სწორედ აქ ჩნდება მესამე კითხვა – რისთვის ვისჯებით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის თუ სახელმწიფოს გულგრილობისთვის?!“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი