გოგა ჩანადირი: „სახელმწიფო ებრძვის მომხმარებელს და არა გამსაღებელს“

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:

„მკაცრი სასჯელი მომხმარებელს უარს ვერ ათქმევინებს ნარკოტიკზე.

არცერთი ხელისუფლება არ ებრძოდა საქართველოში სათანადოდ ნარკოგამსაღებლებს და ნარკოპოლიტიკა არასდროს არ იყო მორგებული საზოგადოებაზე, ადამიანებზე.  სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სპორტული აქტივობები, ჯანსაღი ცხოვრების წესი. რეალობა კი ასეთი გვაქვს: სპორტს აქვს ძალიან დაბალი დაფინანსება და სპორტის გაკვეთილები სკოლებში არც კი მიიჩნევა გაკვეთილად – ფორმალურად ტარდება.

რაც უფრო მეტად დააფინანსებს სახელმწიფო სპორტულ აქტივობებს, მით მეტად შემცირდება ნარკომომხმარებელთა რიცხვი. ვერ ვიხსენებ რაიმე სახელმწიფო პროექტს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ იაქტიურებენ ხანდახან და მარათონებს მოაწყობენ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს.

სახელმწიფო ებრძვის მომხმარებელს და არა გამსაღებელს. ეს სისტემა გველეშაპივითაა, მოჭრი ერთ თავს – ამოვა მეორე.  როგორც ზღაპრებშია ხოლმე, გველეშაპის გული უნდა განგმირო, რომ თავები აღარ ამოიზარდოს, თუ გამსაღებლებს არ შეებრძოლები, ეს თავები ზრდას არ შეწყვეტს.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკომანია ღარიბი ქვეყნების სენია. სამუშაო ადგილების სიმცირე, მძიმე სოციალური ფონი ადამიანებს გაქცევისა და პრობლემების ილუზორული მოგვარებისკენ უბიძგებს.

ევროპულ ქვეყნებში, სადაც უფრო ძლიერია საშუალო ფენა, იქ ნაკლებია ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, რადგან არ არის დასაქმებისა და თვითრეალიზაციის პრობლემა.

ნარკოტიკებითა და გაქცევით არასდროს არავის მოუგვარებია მცირე პრობლემაც კი. პირადად მე მარიხუანაც კი არ მომიწევია არასდროს. ვცდილობ, ჯანსაღი წესით ვიცხოვრო.

ცალკე აღებული პრობლემაა საქართველოში ნარკოტიკების რომანტიზება. ბრმად ვიტაცებთ ხოლმე მსოფლიო ტენდენციებს და ფსევდოთავისუფლებას ვეფარებით ხანდახან. არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული სახელმწიფოს წინაშე საკუთარი როლი. ვერ ვხვდები, რატომ იკიდებს საქართველოში ფეხს ნარკოტიკის ყალბი რომანტიზება.

უსამართლოა ბევრი კანონი. პირადი მოხმარებისთვის შენახული 4 აბი ექსტაზისთვის უფრო მკაცრად ისჯება ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის.

არა მხოლოდ ნარკოტიკების, ბევრი რამის პრევენციის პროგრამაა დასანერგი სკოლებში. პრევენცია არ გამოვა სპორტული ცხოვრების გააქტიურების გარეშე. ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები უნდა იყვნენ ფიზიკურად. სპორტსმენები ყველაზე იშვიათად ხდებიან ხოლმე ნარკომომხმარებლები.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვები შეაჩვიოს ბუნებაში სეირნობას, ფეხით სიარულს, ლაშქრობას, მერე მათ ბუნებრივად მოუნდებათ ამგვარადვე გააგრძელონ ცხოვრება.

სახელმწიფოს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, ცხადია, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ეს სახელმწიფო თავად ჩვენ ვართ. მე თანახმა ვარ, გადასახადებიდან, რომელსაც ვიხდი, დაფინანსდეს ნარკომომხმარებელთა  სარეაბილიტაციო, ჰუმანური პროგრამები და ჯანსაღი ცხოვრების წესი.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი