კომენტარი

თამარ გურჩიანი: ახალი კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური კვლავ პრეზიდენტია

4 ნოემბერი, 2013 • 1264
თამარ გურჩიანი: ახალი კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური კვლავ პრეზიდენტია

რამდენად სწორია ახალი კონსტიტუციის  ასეთი განმარტება და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ვინ იქნება ქვეყნის მეთაური? ეს კითხვა “ნეტგაზეთმა” იურისტ თამარ გურჩიანს დაუსვა:

თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი

გურჩიანი: პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ცნებები- სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური. ახალი კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაური არის და არა სახელმწიფოს მეთაური. სახელმწიფოს მეთაური კი კვლავ პრეზიდენტია. შესაბამისად, პირველი პირი ცალსახად იქნება არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ხოლო ე.წ პირველი ლედი კი ცალსახად იქნება პრეზიდენტის პარტნიორი, მაკა ჩიჩუა.

 

პრემიერს უნდა ესმოდეს კონსტიტუციის მნიშვნელობა და ასეთ კონტრავერსიულ განმარტებებს არ უნდა აკეთებდეს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენისას მის მიერ ოჯახურ ღირებულებებზე გაკეთებული აქცენტები სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციის ლეგიტიმაცია, რისი უფლებაც არავის აქვს.

 

მსოფლიოში არსებობს ბევრი მაგალითი, როცა სახელმწიფოს მეთაურის პარტნიორი, ქალი თუ მამაკაცი, ისეთივე სტატუსით სარგებლობს, როგორც ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. სირცხვილია, რომ მოქმედ პრემიერ-მინისტრს უნდა მოვუწოდოთ კონსტიტუციის პატივისცემისკენ.

არჩეული პრეზიდენტის და მისი პარტნიორის გამბედაობა ასეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში დასაფასებელია, თუმცა გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ კონსერვატიულმა ამომრჩეველმა აირჩია, რომელიც უკვე მიუდგა მისი ოჯახური მდგომარეობის საკითხს ღია გონებით. შესაბამისად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის მცდელობას, ოჯახურ ფასეულობებზე აპელირებით დაჩრდილოს ქვეყნის უზენაეს კანონში გაცხადებული პრინციპი, არა მხოლოდ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციის, არამედ ამომრჩევლის ნების შეურაცხყოფის რისკსაც მოიცავს.

 

საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა თუკი სამართლიანად მიგვაჩნია ქართული სახელმწიფოებრიობის სიმწიფის ნიშნად, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კვლავ რჩება სახელმწიფოს მართვის მნიშვნელოვანი ბერკეტები ხელში და ის არის სახელმწიფოს მეთაური. და სახელმწიფოებრივი სიმწიფის პირველადი ნიშანი სწორედ იმ კონსტიტუციის პატივისცემაა, სადაც ეს წერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი