კომენტარი

აღმოჩენა საქართველოში, რომელიც ადამიანის განვითარების ისტორიას ეჭვქვეშ აყენებს

18 ოქტომბერი, 2013 • • 2818
აღმოჩენა საქართველოში, რომელიც ადამიანის განვითარების ისტორიას ეჭვქვეშ აყენებს

კვლევის ავტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძეა. კვლევას, ასევე, ჰყავს თანაავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ქრისთოფ ზოლიქოფერი. ახალ კვლევასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” დავით ლორთქიფანიძეს ესაუბრა:

 

დავით ლორთქიფანიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
დავით ლორთქიფანიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

ჟურნალ “Science”- ში გამოქვეყნებულ კვლევას უკვე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში, გვაინტერესებს, რით არის კვლევა მნიშვნელოვანი და რა აღმოჩენას უსვამს ხაზს ის?

 

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერებისთვის. რას ნიშნავს “Science”-ში მოხვედრა? “Science” კვირაში ერთხელ გამოდის და ბეჭდავს მხოლოდ მთავარ თემებს მეცნიერებაში, ყველა სფეროში. კონკურენცია არის მსოფლიოს ყველა დარგთან. ასე რომ, ამ ჟურნალში და ყდაზე მოხვედრა ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული თემა და კველვის ხარისხიც შეესაბამება სტანდარტებს, რომ თემა, რომელიც დმანისთანაა დაკავშირებული, არის მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემა. ეს არის ყველაზე მთავარი.

 

დმანისის მთავარი მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ აქ არის ყველაზე სრულყოფილი ნიმუში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ არა იზოლირებული ნამარხები, არამედ მთელი ჯგუფი, პოპულაცია. ეს გარკვეულწილად არის შესაძლებლობა, რომ ადრეული ჰომოს შესწავლა მოხდეს პოპულაციური ბიოლოგიის საშუალებით.

 

კონკრეტულად რას ნიშნავს ეს?

 

რომ წარმოიდგინოთ, აფრიკაში არის სხვადასხვა ადგილას იზოლირებული თითო ნამარხი და შემდეგ მათ ერთმანეთთან აჯგუფებ. აქ ყველაფერი არის ერთ ადგილას, ყველა ერთი ხნის და პლუს დიდი მასალა, 5 თავის ქალა, რაც ძალიან პრინციპული საკითხია. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ეს არის დროის კაფსულა ერთ ადგილას შეჩერებული. აღმოჩენა, რაც წარმოვადგინეთ, არის ადრეული ჰომოს ყველაზე სრულყოფილი თავის ქალა მსოფლიოში, რომელიც გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მივიღოთ. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა საშუალება გვეთქვა, რომ ეს ნამარხები, ხუთივე თავის ქალა, წარმოადგენს ერთ ჯგუფს, მიუხედავად განსხვავებებისა მის შიგნით. ეს აჩვენებს გვარი ჰომოს გავრცელების ხაზს. რას ცვლის ეს? – არსებობს მოსაზრება, რომ გვარი ჰომოს ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ აღმოჩენამ აჩვენა, რომ ის ნიშნები, რომელიც იყო გადანაწილებული, ვთქვათ, 5 ჯგუფზე, ყველა არის კომბინირებული დმანისის ნამარხებში, რაც აჩვენებს იმას, რომ ადრეული ჰომოს ხაზი იყო ერთი და ის ფრაგმენტები, რომელიც აღმოჩენილია აფრიკაში, საჭიროა მათი თავიდან გააზრება.

 

არსებობს ძალიან ბევრი სახეობა- ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი, ადრეული ჰომოს დაახლოებით 12–მდე სახეობაა. თითოეული ნამარხით, ნამსხვრევით ხშირად ხდებოდა ახალი სახეობის გამოყოფა, იმიტომ, რომ, ვთქვათ, სხვისგან განსხვავდებოდა ყბის ფრაგმენტით. თავიდან ბოლომდე სრულყოფილი [სურათი] რომ გვქონოდა, ამის საშუალება არ იყო და აქ ჩნდება სწორედ ეს საშუალება.

 

თქვენ თქვით, რომ განსხვავებების მიუხედავად, არსებობს საერთო მახასიათებლები ჯგუფის შიგნით, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ არა სხვადასხვა სახეობები, არამედ ერთი ხაზი ვითარდებოდა პირველი ჰომოსი. რა არის მეთოდოლოგია? რა მახასიათებლები შეადარეთ ერთმანეთს?

 

მეთოდოლოგია არის ორმხრივი. პირველი არის აღწერილობითი ნიშნები, კლასიკური. მეორე არის ზომები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, უკვე თანამედროვე მეთოდოლოგიას – კომპიუტერული პალეოანთროპოლოგიაა. შვეიცარიაში მომუშავე ჯგუფი, სადაც ჩვენი თანამშრომელი ანი მარგველაშვილია სწორედ ამაზე სპეციალიზებული. ორივე, როგორც აღწერილობითი ნიშნები, ისე ზომებია შედარებული. შედარებისთვის აღებული იყო ძალიან დიდი, ასეულობით სტატისტიკური მონაცემი, როგორც თანამედროვე ადამიანის, ისე მაიმუნების, და, რა თქმა უნდა, ნამარხების. მნიშვნელოვანია ის, რომ ის ვარიაცია, მაგალითად, ტვინის მოცულობა დმანისის ნამარხებს ერთს აქვს 550, მეორეს აქვს 750. სხვა შემთხვევაში, ეს რომ ცალ–ცალკე ეპოვნათ, მარტო ამ სხვაობის გამო იტყოდნენ, რომ ეს ორი ცალკე სახეობაა. მაგრამ თუ ნახავთ, ამ დონის და მასშტაბის განსხვავება თანამედროვე ადამიანებშიც გვხვდება, ასეთივე შეიძლება იყოს მაიმუნებშიც. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იმ ნიშნების ერთობლიობა, იგივე ზომებით, კბილებზე ფესვებით, შეიძლება იყოს ერთ ჯგუფში და ეს იყოს მხოლოდ ინდივიდისთვის დამახასიათებელი. დენი დე ვიტო და შაკილ ო ნილი, ორივე ჰომოსაპიენსია, მაგრამ სხვადასხვა ზომები აქვთ. ხომ შეიძლებოდა წარმოგედგინათ, რომ სხვადასხვა სახეობებაა?!

 

ყევლაზე სრულყოფილ თავის ქალას აქვს  პატარა ტვინის ქალა, დიდი კბილები და გრძელი სახე. მახასიათებლების მიხედვით, მას ბევრი საერთო აქვს ჰომო ჰაბილისთან, თუმცა ტვინის ქალასთან დაკავშირებული მრავალი დეტალი მხოლოდ ჰომო ერექტუსისთვისაა დამახასიათებელი. ის, რომ მას საერთო აქვს აქამდე ცნობილ ორ სხვადასხვა სახეობასთან, ეს გაძლევთ იმის თქმის საშუალება, რომ ერთი სახეობის განვითარების ხაზია და არა სხვადასხვა?

 

აბსოლუტურად სწორად დაიჭირეთ- ვთქვათ, გვაქვს 5 თავის ქალა და 4 ყბა. ეს რომ დაგეშალათ და 9 ადგილას დაგეწყოთ, ზოგ ჩემს კოლეგას შეიძლება 9 სახეობა გამოეყო, ზოგს შეიძლება- 4 ან 5. რადგან ეს ყველაფერი ერთად არის და ჩანს, რომ ეს ვარიაცია შესაძლებელია ერთ ჯგუფში, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთი [სახეობა].

 

გამოდის, რომ ნამარხების ერთ სივრცეში აღმოჩენამ და ერთ-ერთმა ყველაზე სრულყოფილმა თავის ქალამ მოგცათ ერთი სახეობის იდეის მტკიცების საშუალება?

 

რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში ფრაგმენტია და როცა არის ფრაგმენტი, იმ ფრაგმენტის დანარჩენი ნაწილის აღდგენა ხდება, ასე ვთქვათ, ჰიპოთეტურად. ამ შემთხვევაში კი ადგილზეა. ყველა თავის ქალა არ არის სრულყოფილი, ერთი, რომელსაც “თავის ქალა 5” ეწოდება, არის ყველაზე სრულყოფილი და ამან მისცა სწორედ იმპულსი, რომ სრულად დაგვენახა [სურათი]. თავის ქალები სხვადასხვა დროსაა აღმოჩენილი, მაგრამ ერთ დროსაა განამარხებული.

 

თქვენს კვლევას უკვე ჰყავს კრიტიკოსები, ლონდონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტივ სფური აცხადებს, რომ მეთოდები, რომლებიც კვლევისას მეცნიერებმა გამოიყენეს, არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ აქამდე აღმოჩენილი ყველა ნამარხი  ერთ სახეობას წარმოადგენს და რომ თავის ქალის ზოგადი ანალიზი ჩაატარეთ. რას უპასუხებთ ამ კრიტიკას?

 

შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მას ბოლომდე ყურადღებით კვლევა წაკითხული არ აქვს. სტატიას მოყვება დამატებითი მასალა, სადაც ძალიან ბევრი ანალიზია. ყველა მონაცემი თვითონ სტატიაში ვერ ხვდება. არის დამატებებიც, რომელიც ვებ-გვერდზე დევს და უნდა ნახოს, – ეს ერთი. მეორეც, თვითონ ჟურნალი არის პატარა მოცულობის და უბრალოდ ყველაფერს ვერ მოათავსებ 5 გვერდში. მე  ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ, როცა მეცნიერებაში სხვადასხვა ტიპის მიდგომაა. ჩვენ რაც შევძელით და რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვაჩვენეთ დროში ერთი წერტილი. შევხედეთ ჰორიზონტალურად. არა მხოლოდ ვერტიკალურად, როგორია გავრცელება. ვაჩვენეთ, რომ არსებობს პოპულაციები სხვადასხვა ადგილას. კრიტიკოსები თუ არ იქნებიან და ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად მიღებული იქნება, მეცნიერებაც ვერ განვითარდება.

 

მას აქვს კონკრეტული შენიშვნები, რომ, მაგალითად, მისივე განცხადებით, ჰომო სახეობები არ იყოფა მხოლოდ თავის ქალის ფორმის ანალიზით და ჰომო ჰაბილისის, ჰომო რუდოლფენსისის და ჰომო ერექტუსის განსასაზღვრად ძალიან სპეციფიკური მახასიათებლები იყო გამოყენებული.

 

სპური იცავს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თავის ჯგუფის მოსაზრებას, რომელსაც აქვთ ძალიან ბევრი სახეობები გამოყოფილი. ჩვენ ვაჩვენთ ყველაფერი და ის ჩვენზე ამბობს სხვა კომენტარში, რომ ერთ ადგილას არის პარალელური ნიშნებიო. რაღაცა ნაწილი არის პროგრესული, რაღაც ნაწილი არქაული. ბუნებაში ჩვენ ასეთ რამ არ ვიცით, ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის, ყოველ შემთხვევაში.  ამ სტატიას იმიტომ აქვს აღიარება, რომ გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს – რა არის პალეო სახეობის გამოყოფის ნიშანი. ეს დავა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ალბათ გენეტიკური მონაცემები ჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო დეტალებზე ვისაუბროთ.

 

კიდევ ერთი კრიტიკა ეკუთვნის ლონდონის ბუნების მუზეუმის წარმომადგენელს, ქრის სთრინგერს, რომლიც აღნიშნავს, რომ ყველაზე სრულყოფილი თავის ქალა დმანისის პოპულაციის ბუნებრივი ვარიაციის შედეგია. რატომ გამორიცხავთ, რომ ეს მართლაც დამოუკიდებელი სახეობაა, რომელიც განვითარდა და მათ კავშირი არ აქვთ აქამდე არსებულ სახეობებთან?

 

არსებობს ორი შესაძლებლობა, ან გაერთიანება, ან დაყოფა, ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ ეს იყო გაერთიანებული, ამიტომაც მიიღო სამეცნიერო საზოგადოებამ. ბუნებრივია, ვიღაცა ფიქრობს სხვანაირად, მაგრამ მათ არგუმენტები არ აქვს. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ეს შესაძლებელია. როგორც კი იქნება სრულყოფილი ნამარხი ჰომო ჰაბილისის, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე. ჯერ არის მხოლოდ ფრაგმენტებზე საუბარი და იმაზე, რა შეიძლება იყოს. ეს არის განსხვავება. ჩვენს შემთხვევაში ვამბობთ, როგორც ვხედავთ, მეორე ჯგუფი ამბობს, რომ მე ნამარხები მაქვს ფრაგმენტების, რომელიც აჩვენებს, რომ შეიძლება იყოს სხვაგვარად. ეს არის მთელი ფილოსოფია.

 

გვაინტერესებს, კვლევას განვითარების რა შანსი აქვს და რა კვლევები შეიძლება ჩატარდეს, რომ აღმოჩენამ უფრო მტკიცებითი ფორმა შეიძინოს და ეჭვები გაქრეს?

 

ორი გზაა, ერთი, რომ ახალი მასალა მოვაგროვოთ. 50 000 კვ.მ გვაქვს დმანისში გასათხრელი და, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ. მეორე გზაა მეთოდოლოგიის განვითარება, რაც არის სწორედ ის გზა, რასაც ჩვენ ვცდილობთ. როდესაც ჰომოჰაბილისი ან ჰომო რუდოლფენსისი იყოფოდა, 50 წლის წინ, ინფორმაცია იყო ნაკლები და მეთოდოლოგია იყო ნაკლებად განვითარებული. დღეს ჩვენ ვართ უფრო წინ და ხვალ ვიქნებით ალბათ უფრო წინ. ასე რომ, ერთი გზა არის ახალ აღმოჩენებში, მეორე- მეთოდოლოგიის განვითარებაში. მეთოდოლოგიის განვითარების მნიშვნელოვანი დარგი არის გენეტიკა. როცა საშუალება გვექნება მივიღოთ არა მხოლოდ ნიშნები, რაზეც შეიძლება დავა იყოს, ასევე სრულყოფილი გენეტიკური კოდები, ზუსტად შეგვეძლება ამაზე საუბარი. ასე რომ, ეს პროცესი ჯერ უნდა გაგრძელდეს. საერთოდ კარგია, რომ მეცნიერებაში დავა გრძელდება და არ არის საკითხი ერთმნიშვნელოვნად მიღებული.

 

P.S. ყველაზე სრულყოფილი თავის ქალა 2005 წელს აღმოაჩინეს, დანარჩენი 4 თავის ქალა კი 1991 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს აღმოაჩინეს. კვლევაზე ავტორები 8 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი