კომენტარი

დევდარიანის ტესტი

20 მარტი, 2018 • 3149
დევდარიანის ტესტი

ავტორი: ლევან ცუცქირიძე. სტატია პირველად გამოქვეყნდა მის პირად ბლოგზე.


ზვიად დევდარიანის ამბავმა გამოცდის წინაშე დააყენა საქართველოს არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობს. ზვიადთან მჭიდრო კავშირი არ მქონია, მაგრამ იგი ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. რა თქმა უნდა, ფაქტები უნდა დაზუსტდეს, სანამ ადამიანს რამეს დავაბრალებთ, თუმცა მე მჯერა, რომ ქალთა ნაამბობი სიმართლეა.

ჩვენ შეცდომას დავუშვებთ, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს მოვლენა უკვალოდ ჩაივლის. ეს შემთხვევა მთელი არასამთავრობო სექტორის იმიჯისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან მის ცენტრში საკმაოდ ცნობილი და აქტიური ადამიანები მოექცნენ და კრიტიკული განსჯისას ბევრი მარტივად განაზოგადებს მის ქცევას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ეს თითქოს იმ მნიშვნელოვან საქმესაც აზარალებს, რასაც ახლა პარლამენტი განიხილავს, კერძოდ კი ე.წ. „გენდერული კვოტების“ საკითხს. სინამდვილეში ეს მოვლენა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ ძალიან სჭირდებათ ქალებს გაძლიერება და პოლიტიკური მხარდაჭერა. მეტი ქალი პოლიტიკაში სწორედაც რომ უფრო ძლიერი საყრდენი იქნება ქალებისთვის და პარლამენტმა ამ შემთხვევის შემდეგ ეს კიდევ ერთხელ ნათლად უნდა დაინახოს.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ასეთი რთული ვითარებიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ?

უპირველეს ყოვლისა, რეალობის მიღებით უნდა დავიწყოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორიც არ არის სრულად იმუნური იმ საერთო კულტურისგან, რომელიც ნორმად აღიქვამს ქალთა შევიწროებას, ძალადობასა და დისკრიმინაციას. ჩვენც იმ მაჩო კულტურიდან მოვდივართ, საიდანაც დანარჩენი საზოგადოება, ჩვენც მისი ნაწილი ვართ და არა ციდან ჩამოვარდნილები. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ არასამთავრობო სექტორშიც აღმოჩნდა ის პრობლემები, რომელთა წინააღმდეგაც იგი მოწოდებულია იმუშაოს. აქვე ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ ამაზე საუბარი ისევ არასამთავრობო სექტორის მიერ და მის შიგნით დაიწყო (და არა ბიზნეს, პოლიტიკის, მედიის ან საჯარო სფეროდან მაგალითად, სადაც მგონია, რომ სექსუალური შევიწროვება თუ დისკრიმინაცია ბევრად უფრო მასშტაბურია), სწორედაც რომ არასამთავრობოთა უფრო მაღალი გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.

მაგრამ წილი უკვე ნაყარია და თუკი ამ სექტორს სურს შეინარჩუნოს ის მორალური უპირატესობა და მაღალი სტანდარტი, რითაც იგი აქამდე ამაყობდა, მნიშვნელოვანია, რომ მან ამ შემთხვევიდან ორგანიზაციული გაკვეთილები მიიღოს და შესაბამისად უპასუხოს. მაგალითისთვის, ასეთი პასუხი იქნებოდა ახალი საერთო, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების შექმნა სექსუალური დისკრიმინაციის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ნებაყოფლობითი შიდაორგანიზაციული ინიციატივები ქალების მხარდასაჭერად, საერთო პროგრამის შექმნა სექტორში დისკრიმინაციით დაზარალებული ქალებისთვის, გენდერული კვოტების შემოღება ორგანიზაციათა მმართველ საბჭოებში და სხვა. მოკლედ, მთავარია, რომ არასამთავრობო სექტორმა, ახალი ორგანიზაციული პოლიტიკით უპასუხოს ამ მოვლენას და ამის გაკეთების მრავალი შესაძლებლობა მოინახება.

ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი მისმა კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა, ნათლად დაინახოს, რომ „ენჯეოები“ მართლა “გრანტიჭამიათა” ჯგუფი კი არ ყოფილა (რასაც ასე დაჟინებით ამტკიცებენ ნეონაცისტები, რუსული პროპაგანდისტები თუ უბრალოდ ზედმეტად ეჭვიანი ადამიანები), არამედ იგი მართლაც არის იდეალისტ ადამიანთა გაერთიანება; ერთობა, რომელსაც შეუძლია  პირად ურთიერთობებზე მაღლა დადგეს; ჯგუფი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი მიზნები აერთიანებს, ვიდრე დაფინანსების მიღება ან თანამდებობება.

ამის გასაკეთებლად კი პრინციპულობა, პატიოსნება და გულწრფელობაა საჭირო, რაც გადამწყვეტია მსგავსი კრიზისის დროს. ზვიად დევდარიანი „სამართლებრივი გზებით“ კი არ უნდა დაემუქროს ქალებს, არამედ პირველ რიგში მათ და შემდეგ საკუთარ კოლეგებს ბოდიში უნდა მოუხადოს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებენ სხვები, რადგან სწორედ ასეთ დროს ჩანს, რამდენად ერთგულია არასამთავრობო სექტორი იმ ფასეულობის, რომლისთვისაც იგი მუშაობს. ამიტომ ის, ვინც გუშინ სხვებს მოუწოდებდა ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრისკენ, დღეს არ უნდა დუმდეს და ახლაც ზუსტად ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც მოიქცეოდა იმ შემთხვევაში, მსგავს ქცევაში ვინმე სხვა რომ ემხილათ, მაგალითად, რომელიმე არაპოპულარული პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე.

სასწორზე ზვიად დევდარიანის კი არა, საქართველოს პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი მხარდამჭერების პრესტიჟი დაიდო. ამიტომაც, დუმილი გაიაფდა და ის ოქრო აღარ არის.


17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი