კომენტარი

მარგველაშვილი: სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და მხედარმთავარს

18 სექტემბერი, 2013 • • 3077
მარგველაშვილი: სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და მხედარმთავარს

“სტალინის მიმართ დამოკიდებულების გარკვეული დინამიკა არსებობს განსაკუთრებით უფროსი და ჩემი თაობისთვის. მე გავიზარდე ოჯახში, რომელიც იყო პრინციპულად დაპირისპირებული საბჭოთა რეჟიმთან, ასე რომ, ჩემი აღზრდის ერთ–ერთი ქვაკუთხედი იყო თუნდაც [ოსიპ] მანდელშტამის ლექსი სტალინზე, რომლის გამო მერე მანდელშტამი გადაასახლეს. სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა:

 

“Что ни казнь у него — то малина, И широкая грудь осетина”, – ასეთი ფრაზა მახსენდება ამ ლექსიდან.

საინტერესოა, რომ ეს ლექსი მანდელშტალმმა არ დაწერა, მან ზეპირად გადასცა თავის მეგობრებს. როდესაც მანდელშტამი დააპატიმრეს, ეს ლექსი წარუდგინეს და უთხრეს, ეს შენი ლექსია სტალინზე დაწერილიო, მანდელშტამმა არ შეხედა ნაწერს იმიტომ, რომ თუ ნაწერში იქნებოდა ცვლილებები ორიგინალთან, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც შორეულმა გასცა, ანუ ერთმა მეორეს უთხრა, მეორემ – მესამეს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ნაწერი იქნებოდა ზუსტად იდენტური ორიგინალისა, რომელიც მანდელშტამმა დაწერა, მაშინ ეს ნიშნავდა, რომ ძალიან ახლო წრემ გასცა და მანდელშტამმა უარი თქვა ამის ცოდნაზე – ახლო ადამიანმა გასცა თუ შორეულმა წრემ. შესაბამისად, სტალინის მიმართ დამოკიდებულება მე, როგორც ადამიანს, რომელიც აღიზარდა საბჭოთა რეჟიმთან დაპირისპირების კონტექსტში, ყოველთვის მქონდა ასეთი, როგორც ტირანის მიმართ.

 

მე ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში, დავუშვათ, როდესაც ის ოჯახები, რომლებსაც რეჟიმმა მიაყენა ტკივილი, დაივიწყებენ ამ ტკივილს, არ იქნება ცოცხალი, არ ეყოლებათ ბაბუები, ბებიები, რომლებმაც იტვირთეს ამ რეჟიმის ტვირთი, სტალინი იქნება აღქმული როგორც ერთ–ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და აგრეთვე მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ორი მსოფლიო ომი კი იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედარმთავარს.

 

მე გითხარით საბჭოთა წარსულიდან სტალინის ხედვა და რაზეც გავიზარდე, მე გეუბნებით, რა იქნება 50 წელიწადში, როდესაც სტალინს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას შეაფასებენ, მაგრამ არსებობს დღევადნელი დღე, რომლიდან გამომდინარეც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად სტალინიზმზე, როგორც ტირანის, შესაძლოა, დიდი ძალის მქონე, მაგრამ ჰუმანურობის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსის შეფასებაზე და, ბუნებრივია, ჩემი შეფასება არ შეცვლილა. მე მიმაჩნია, რომ სტალინმა ძალიან ეპოქალური ტკივილი და ეპოქალური ტრაგედია მოუტანა მილიონობით ადამიანს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სტალინიზმზე, ჩემი აზრით, ის, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, იყო კომიკური. ხსნიდნენ სტალინის ძეგლებს, რომელიც არის არა მისი იდეოლოგიის პოპულარიზაცია, არამედ ისტორიული ფაქტი და პარალელურად ყოველდღიურ ცხოვრებაში ნერგავდნენ მესიანიზმს და სტალინიზმს”, – ამბობს მარგველაშვილი.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, იმასახურებს თუ არა სტალინი ძეგლებს, იგი პასუხობს:

 

“ჩემი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ არის შემდეგნაირი: ძეგლი როგორც ისტორიული ფენომენი, როგორც, დავუშვათ, რაღაცა შენივე წინა ისტორიის მაჩვენებელი, შესაძლებელია, სრულიად რომ არ დაანგრიო. მე ძეგლების დანგრევის მიმართ საერთოდ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ სტალინიზმი არ უნდა გააღვივო პოლიტიკურად, მესიანიზმი არ უნდა გააღვივო და ტირანი არ უნდა გააღვივო. ძეგლების დანგრევა არ არის ჩემი სტილი. მე მიმაჩნია, რომ ის ძეგლი, ერთი მხრივ, ისტორიის ნაწილია და, მეორე მხრივ, ილუსტრაციას უკეთებს იმ წარსულს, რომლის მიმართაც შენ, უბრალოდ, სწორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. ძეგლების დამანგრეველი მე თავისთავად არ ვარ და აქედან გამომდინარეობს ჩემი დამოკიდებულება სტალინიზმის მიმართ. ძეგლის დანგრევა კომიკურია, სტალინიზმის გაცოცხლება- ტრაგიკული, და ეს არ უნდა გააკეთო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი