კომენტარი

“გადაარჩინეთ ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს” – თუბა ჩაბუქის წერილი წულუკიანს

10 თებერვალი, 2018 • 2596
“გადაარჩინეთ ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს” – თუბა ჩაბუქის წერილი წულუკიანს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი საქართველოს იუსტიციის მინისტრს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, არ გადასცეს ჩავქი თურქულ მხარეს.

“ნეტგაზეთი” თუბა ჩაბუქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მოგმართავთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული, ორი შვილის დედა, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ქალი, რომელიც დღეს მეუღლისა და ოჯახის საბოლოო განაჩენს საქართველოში ელოდება. ჩემი, ჩემი შვილებისა და მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის, მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აღასრულოთ სამართლიანობა. მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა.

დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა. ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენსკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა და ამ იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მე კარგად მესმის რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები რამხელა ტვირთადაც შეიძლება იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის…კარგად ვიცი რამდენად რთულია გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა ვერ მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დღეს ალბათ თითოეული ქართველი კარგად აანალიზებს, რომ აქ უდანაშაულო ადამიანის ბედი წყდება, ადამიანის, რომელსაც შეეძლო მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა საქართველოსთვის. 13 ივნისის წყალდიდობის დროს რიგით დამხმარეთ მუშაობა, რუსეთთან ომის დროს დევნილების დაბინავება, გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ქართველი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, სკოლებში არაქართველი ბავშვებისთვის ქართულად სწავლების პროგრამის დაფუძნება, ახალგაზრდა გამომგონებლების ხელშეწყობა – ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მუსტაფა ჩაბუქი
უანგაროდ აკეთებდა საქართველოსთვის და მჯერა გააგრძელებს კიდეც თუკი ამის საშუალებას თქვენ მისცემთ.

ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული ერთი რიგითი ქალი, ქალი რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია – არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება!

მე უკვე სამშობლო წამართვეს, წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი. გთხოვთ, ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანიგადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული შვილები… გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამინებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას – პედაგოგი და საქართველო – მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა”

სიმართლის იმედით,
თუბა ჩაბუქი


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, იგი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია აღარ განხორციელდება.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 26 იანვარს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც. ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება.

საქართველოს პროკურატურამ სასაამართლოს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე უკვე მიმართა, პროცესი 19 თებერვალსაა დანიშნული.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი თუბა ჩაბუქი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, აცხადებენ, რომ თურქეთში ჩაბუქი შესაძლოა წამებისა და არაადაამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი