კომენტარი

ლევან ბერძენიშვილი საბჭოთა არქივების გახსნაზე

5 აგვისტო, 2013 • 2686
ლევან ბერძენიშვილი საბჭოთა არქივების გახსნაზე

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

ლუსტრაციისმაგვარი კანონი საქართველოში მიღებულია და ჰქვია „პატრიოტის აქტი”. ამ აქტით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნამსახურები, მაგალითად, უშიშროების სამსახურებში, ან იყვნენ საიდუმლო აგენტები, ან სხვა, არა აქვთ უფლება დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა. იყო თუ არა ადამიანი აგენტი, ამის გაგების საშუალება დღეს საქართველოში
არ არის. ამის საშუალება არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. უბრალოდ, თუკი რომელიმე ქვეყანაში, სადაც მუშაობს ლუსტრაციის კანონი, ყოფილი აგენტი დააპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ან დააპირებს თანამდებობის დაკავებას, ამ შემთხვევაში გამჟღავნდება, რომ იგი იყო აგენტი და თანამდებობას ვერ დაიკავებს. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, თუმცა ყველას ეცოდინება მასზე სიმართლე და მოქალაქეები ან მისცემენ ხმას, ან – არა. სხვანაირი ლუსტრირება არ არსებობს. ასეთია პოლონეთის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების ლუსტრაციის კანონების არსი.

 

ევროსაბჭოს 1996 წლის და 2006 წლის რეზოლუციის მიხედვით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს ეძლევა რეკომენდაცია, რომ
ყველა ქვეყანაში შეეძლოს მოქალაქეს იმ საიდუმლო ინფორმაციის მიღება, რაც მის შესახებ აქვს სახელმწიფოს. დღეს საქართველოში ასეთი მდგომარეობა გვაქვს – მოქალაქეს არა აქვს საშუალება გაეცნოს მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.
მე რომ მოვითხოვო ინფორმაცია საბჭოთა ან არასაბჭოთა დროში რა ინფორმაცია არსებობდა ჩემზე, არავინ არაფერს
მომცემს. ამას სჭირდება დაკანონება, ჯერჯერობით, ასეთი კანონი არ გვაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

არის თუ არა საჭირო მიიღონ ლუსტრაციის კანონი და რას შეცვლის ამ კანონის მიღება საზოგადოების ცნობიერებაში?

 

ლუსტრაციის კანონის საჭიროება არის ყოველთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის ცალკე კანონი. ლუსტრაციის
კანონი თავისთავად არის ჭანჭიკი დიდ საქმეში. ეს არის დეკომუნიზაციის ანუ კომუნისტური მემკვიდრეობისგან გათავისუფლების კანონმდებლობის ნაწილი. ეს შეცვლის იმას, რომ ყოფილ აგენტებს და ყოფილ უშიშროების თანამშრომლებს არ ექნებათ უფლება, დაიკავონ ესა თუ ის სახელმწიფო თანამდებობები გარკვეული ხნით, რაც უკვე არის ნაწილობრივ პატრიოტის აქტში. სულ არის ორი სია, პირველი სია არის – ვის ეხება, მეორე სია არის – რა ეხება. სად არ შეიძლება იმუშაონ, ვინ არ შეიძლება იმუშაოს. სამწუხაროდ ლუსტრაციის კანონის ამოქმედება გართულებულია, იმიტომ, რომ აგენტურის სიები და განსაკუთრებით მათი საქმეები საქართველოდან გატანილია. ბევრ ვინმეს ვერ დაუმტკიცებ, რომ იგი თანამშრომლობდა ან არ თანამშრომლობდა.

 

ამ კანონის მიღება საქართველოში დაგვიანებული არასოდეს არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უნდა იყოს ნაწილი დიდი კანონმდებლობის. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებს ბოდიში არ მოუხადა არავინ და არ გადაუხადა კომპენსაცია. თუმცა ევროპის საბჭო გვეუბნება, რომ მსხვერპლს უნდა
მოუხადო ბოდიში და უნდა გადაუხადო კომპენსაცია. ეს კანონმდებლობის დონეზე გასაკეთებელია საქართველოში.
ახლა ყველაზე საშური არის დეკომუნიზაცია. მაგალითად, უნდა გადავწყვიტოთ, რას ვუკეთებთ კომუნისტურ სიმბოლიკას, კომუნისტურ იდეოლოგიას, ტოტალიტარულ იდეოლოგიას, უნდა ვასწავლიდეთ თუ არა რეპრესიებს. აი, სტალინის მუზეუმში სტალინის სურათებს რომ კიდებენ, იქ უნდა იყოს თუ არა რეპრესირებულთა სიები, მათი სურათები, გამოფენები და ა.შ. ეს ყველაფერი დასარეგულირებელია კანონმდებლობის დონეზე.

 

ამ ყველაფრის მოწესრიგება და დარეგულირება, როგორ ფიქრობთ, რამდენად დაეხმარება საზოგადოებას წარსულის შეფასებაში?

 

ამის გარეშე წარსულის შეფასება არ იქნება. წარსული არ არის შეფასებული, მათ შორის არ არის შეფასებული კომუნისტური რეჟიმი. არ არის ნათქვამი, იყო თუ არა დანაშაული ამ რეჟიმში ცხოვრება. სხვათაშორის, იგივე კანონმდებლობა გვეუბნება, რომ ვინც იბრძოდა, იმას მადლობა უნდა უთხრა და არა მარტო უნდა დავსაჯოთ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არამედ ვინც მსხვერპლი იყო, იმას უნდა მოვუბოდიშოთ და მადლობა უნდა ვუთხრათ. ასე წერია პირდაპირ ევროსაბჭოს რეზოლუციებში. რა თქმა უნდა, ეს უნდა შევიდეს საგანმანათლებლო ნაწილში და უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რა ტიპის რეპრესიები იყო, რატომ იყო რეპრესიები, ვინ სჩადიოდა ამას, ვინ მონაწილეობდა ამ საქმეებში და ვინ როგორ იყო ამაში დამნაშავე. რაც მთავარია, არქივები უნდა გაიხსნას.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მზად საზოგადოება იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც არქივების გახსნის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი?

 

მე მაცინებს და ყოველთვის მაშფოთებს ეს აზრი, არის თუ არა საზოგადოება მზად. საზოგადოება, რომელიც მზად არ არის სიმართლისთვის, საზოგადოება არ არის. ის არაფრისთვის არ არის მზად, მარტო სალაფავისა და მონობისთვისაა. და თუ არაა მზად სიმართლისთვის, მაშინ მითუმეტეს, სასწრაფოდ არის სათქმელი სიმართლე, რომ გაისად, ორი წლის შემდეგ, ოცი წლის შემდეგ მაინც იყოს სიმართლისთვის მზად. სიმართლე მდგომარეობს მაგალითად იმაში, რომ როდესაც ილია ჭავჭავაძეს კლავდა ქართული მოწინავე სოციალ-დემოკრატიული აზრი, ილია ჭავჭავაძის არც ერთმა თანამებრძოლმა ხმა არ ამოიღო მის დასაცავად. არც აკაკი წერეთელმა ამოიღო ხმა, არც სხვა დიდმა ფიგურებმა. ესაა სიმართლე. საზოგადოებას
ეს სიმართლე არ უყვარს, ამიტომ ურჩევნია ილიას და აკაკის ძეგლი ერთად დადგას, მოიტყუოს თავი. ილია ჭავჭავაძეს წერილი, რომლითაც იგი თავს იცავდა სოციალ-დემოკრატებისაგან, ნოე ჟორდანიასგან და მისი მომავალი სხვა მკვლელებისგან, არ დაუბეჭდეს მის დაფუძნებულ გაზეთში. ეს არის სიმართლე. საზოგადოება მზად თუ არ არის
ამ სიმართლისთვის, ცუდია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საზოგადოება მზადაა გაიგოს ვინ
იყო ჯალათი, ვინ იყო მსხვერპლი, რამდენმა ადამიანმა ჩაიდინა არაკაცური საქციელი, რომელი ქართველი მწერლები, კომპოზიტორები იყვნენ გარეული ამ საქმეში და ა.შ. ეს სიმართლე თუ არ ითქვა, ჩვენ არასოდეს არაფრისთვის არ ვიქნებით მზად. მეორეც როცა ითქმება სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი იცის,
შოკისმომგვრელი იქნება ეს საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ საქართველოში არ დარჩება არც ერთი „წმინდანი“, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა იმ ტერორში, რასაც აკეთებდა საბჭოთა კავშირი. ვინც გარდაიცვალა, იმათ აქვთ მარტო პატარა შანსი, სხვას არა.

 

ვინც ცოცხალი დარჩა და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, არანაირი შანსი არ აქვს. დახურულ არქივებში
ხომ არ გვიშვებენ, მაგრამ საკმარისია აიღოთ „ლიტერატურული საქართველო“, გაზეთი „კომუნისტი“ 1936-1937-1938 წლების, ეს ღიაა. მე როგორც ბიბლიოთეკის დირექტორს ეს ყველაფერი ნანახი მაქვს. იქიდან კარგად ჩანს, რომ თავი მოიჭრა ყველამ. არ არსებობს იქ დიდი და პატარა მწერლები, ყველა ცუდად იქცეოდა.

 

ეს სიმართლე თუ არ ითქმება 20-30-40-იან წლებზე, თუ არ ითქმება, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ლამაზი ცოლი ჰყავდა და ვიღაცას მისი ცოლი მოუნდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ კარგი სახლი ჰქონდა და ვიღაცას მისი სახლი მოუნდა, თუ ყველაფერი დაბრალდა მარტო ერთ კაცს ან ერთ სისტემას, მაშინ ჩვენ ვერ გავერკვევით. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით ჩაება სტალინის მიერ გამოცხადებულ არაადამიანურ ბრძოლაში კაცობრიობის, ადამიანობის წინააღმდეგ. ესაა სიმართლე.

 

თუ ჩვენს საზოგადოებაში ეს ინტერესი იქნება, იმ ყვითელ პრესაში, რომელიც ახლა ერთობა – ბადურაშვილის ქმარმა ნახა თუ არა ბავშვი და ა.შ., შეიძლება გაჩნდეს ინტერესი 30-იან წლებში ვინ ვის აბეზღებდა, ვინ რამდენი და როგორ გამოითხოვა ამისთვის, ვინ გადარჩა ცოცხალი და ა.შ. ეს გაცილებით საინტერესოა.

 

რას აპირებს ახალი პარლამენტი, იგეგმება თუ არა კანონმდებლობაში ცვლილებები?


საქართველოს პარლამენტში ჩვენ უკვე ვმუშაობთ კანონებზე. ჩვენ ეს კანონპროექტები გავამზადეთ შევარდნაძის დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს, გავამზადეთ ნინო ბურჯანაძის დროს და არასდროს არ გავიდა. არც ბურჯანაძეს, არც სააკაშვილს, არც შევარდნაძეს ლუსტრაციის კანონის გაგონება არ სურდათ. ოცი წელია ამ კანონპროექტზე და იდეებზე ვმუშაობ. სამწუხაროდ მაშინ არ გავიდა. ახლაც ვმუშაობ, ვნახოთ, რა იქნება. პოლიტიკური ნების გარდა არაფერი სჭირდება ამას. უკვე მზად არის და საშემოდგომო სესიაზე შევიტან ერთ კანონპროექტს, რომელიც ეხება სიმბოლიკას და კომუნისტური მემკვიდრეობის დამსხვრევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი