კომენტარი

დისკუსია 17 მაისის მოვლენებზე სამებაში [VIDEO]

26 ივლისი, 2013 • 1201
დისკუსია 17 მაისის მოვლენებზე სამებაში [VIDEO]

შეხვედრის დასაწყისში შესავალი სიტყვა თეოდორე გაგნიძემ წარმოთქვა, მან განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია ამოივსოს ის “უფსკრული”, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და ეკლესიას შორის არსებობს:

 

“ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შორის შეიძლება ასეთი მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება არსებობდეს, არის ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იცნობს ქრისტიანობას და ეკლესიას. თუ იქნება ცოდნა იმისა, რას წარმოადგენს ეკლესია და რა არის ქრისტიანული მსოფლმხედველობა, მაშინ, მე ვფიქრობ, არ იქნებოდა გაკვირვება ჩვენი რეაქციისა. ჩვენ გარკვეულ მოვლენებზე მკვეთრი რეაქცია გავქვს”, – განაცხადა თეოდორე გაგნიძემ შეხვედრის დაწყებისას. მან აღნიშნა, რომ ქრისტიანული სწავლება ეფუძნება უმაღლეს ჰუმანიზმს, თუმცა, მისი თქმით, ქრისტიანობის თანახმად, ჰომოსექსუალობა არის მძიმე ცოდვა და როდესაც ადამიანი “აცდენილია გზას”, ეკლესიის ვალია, მას ჭეშმარიტი გზა დაანახოს:

 

“ქრისტეს სწავლება ასეთია, თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ ამას, ან არ დაეთანხმოთ, ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს დაგანახოთ და ეგება მომავალში, თქვენ ამას დაეთანხმოთ, ეს იქნება ჩვენი სიხარული, რატომ არ უნდა დაეთანხმოთ? – ვის შეიძლება არ უნდოდეს მარადიული სიცოცხლე ღმერთთან?” – განაცხადა მან. თეოდორე გაგნიძემ მაგალითებიც მოიყვანა, როდესაც მისი მრევლის რამდენიმე წარმომადგენელმა ლოცვის და დარიგების შემდეგ უარი თქვა “ამ ცოდვაზე, მათ ცოლებიც მოიყვანეს და შვილებიც ჰყავთ”.

 

შესავალი სიტყვის შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი დაინტერესდა, როგორია მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანი თანასწორია, მათ შორის, ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელი.

 

ჟურნალისტის შეკითხვას მღვდელმა ბიძინა გუნიამ უპასუხა, მან ციტატა ამოიკითხა წინასწარ ამობეჭდილი კონსტიტუციიდან. მისი თქმით, კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი გამოვლინება არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანების უფლებებს. მისი განმარტებით, 2012 წლის 17 მაისს, ისევე როგორც 2013 წლის 17 მაისს, ბავშვთა უფლებები დაირღვა, რადგან ის ტრანსპარანტები, რომლებიც აქციებზე მიიტანეს, ჰომოსექსუალობის პროპაგანდა იყო.

შეხვედრას ესწრებოდა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადეგნელი ეკა აღდგომელაშვილი. ბავშვთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მან სასულიერო პირებს ასეთი შეკითხვა დაუსვა:

 

“თუკი ბავშვებისთვის არიდების მიზნით აპროტესტებდით აქციის გამართვას, ამიხსენით, რატომ გყავდათ მოყვანილი აქციაზე მიკროავტობუსებით საპატრიარქოს სკოლებიდან ბავშვები? ამის დამადასტურებელი ფოტოები გვაქვს”, – განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა. სასულიერო პირების თქმით, მათ აქციაზე ბავშვები არ უნახავთ.

 

ადვოკატი ციალა რატიანი მიიჩნევს, რომ ტრანსპარანტი წარწერით -“მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი” არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პროპაგანდა:

 

“მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელიც პატივს ვცემ როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ყველა რელიგიასა და აღმსარებლობას და ნებისმიერ პიროვნებას, განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სხვა რაიმე ფაქტორისა, ეს ტრანსპარანტი აღვიქვი, როგორც “მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი”, “მე მიყვარს ჩემი ჰეტერო მეგობარი”, “მე მიყვარს ჩემი მართლმადიდებელი მეგობარი”, მე მიყვარს ჩემი მუსულმანი მეგობარი”, უბრალოდ, ეს იყო მცდელობა დაეფიქსირებინათ, რომ არსებობენ ადამიანები, ჩვენი ძმები, დები, მეგობრები და მათ აქვთ არსებობის უფლება”, – განაცხადა ციალა რატიანმა.

 

საკუთარი აზრი დააფიქსირა მსახიობმა ნუცა კუხიანიძემ:

 

“დღევანდელი შეხვედრა დაემსგავსა სასამართლოს, მე მგონია, რომ იმაში, რაც მოხდა 17 მაისს, არ არის დამნაშავე კონკრეტულად ვიღაც და არის დამნაშავე ყველა, თუმცა, მე მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი. სასულიერო პირი ჩემთვის ასოცირდება სულთან და სულის სიმშვიდესთან. აგრესიამ, რაც ქვეყანაში არსებობს, ამოხეთქა იმ დღეს, მაგრამ იმ დღემდე არსებობს წლები, დღეები, თვეები, როდესაც ხალხი დადის ეკლესიაში, მიდის მღვდელთან, ესე ის არ არის მშვიდად. აი, ეს აგრესია, რაც დღეს ქვეყანაში არის, ეს არის, მე ვფიქრობ, პრობლემა”, – განაცხადა ნუცა კუხიანიძემ. მან აღნიშნა, რომ კონკრეტული პიროვნებების განსჯა მისი ფუნქცია არ არის.

 

“თქვენ ხართ დედა, თქვენ ხართ ქალი, თქვენ უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი”, “ეს არის ხელებიც დამიბანია პოზიცია”, – ასე შეაფასეს სასულიერო პირებმა ნუცა კუხიანიძის კომენტარი.

 

შეხვედრის დასასრულს დაისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება მომავალი წლის 17 მაისს. შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ არ უნდა იყოს ძალადობა, თუმცა ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება, მათ შორის, სასულიერო პირებს და საზოგადოებას.

 

სასულიერო პირების თქმით, ისინი გმობენ იმ მღვდლების საქციელს, ვინც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა. შეკითხვაზე, რა ღონისძიებებს მიმართა ეკლესიამ აღნიშნული სასულიერო პირების ქმედებების საპასუხოდ, მათ განაცხადეს, რომ თუკი სასამართლო მღვდლებს გაამტყუნებს, ეკლესიაც აუცილებლად მიმართავს სათანადო ზომებს და დააყენებს ეკლესიური წესით მათი პასუხისმგებლობის საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი