კომენტარი

“ბესელიას განცხადება აშკარას ხდის თეოკრატიის რეალურ საფრთხეს”

18 ივნისი, 2013 • • 971
“ბესელიას განცხადება აშკარას ხდის თეოკრატიის რეალურ საფრთხეს”

მოქალაქეთა განცხადებას, რომელიც პარლამნეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებებთან დაკავშირებით დღეს გაავრცელეს, უცვლელად გთავაზობთ: 

 

“2013 წლის 17 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომაზე შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ “კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას”.

 

საქართველოს პარლამენტარების და მით უფრო,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადებები საქართველოს უმაღლეს სასულიერო პირს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უნივერსალურ უფლებებზე მაღლა აყენებს, რითაც აშკარას ხდის თეოკრატიის  რეალურ საფრთხეს ქვეყანაში. ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები ხელს უშლის  საქართველოს დემოკრატიულ და სეკულარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

 

ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი არც 17 მაისს დაზარალებულნი, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესებს, არც მოქალაქეები (12 000-მდე ხელმომწერი), რომლებმაც განცხადებით მიმართეს პარლამენტს და ყველა იმ მოძალადისა და ძალადობის წამქეზებლის კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვეს, ვინც არ მისცა მშვიდობიან მანიფესტანტებს თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის საშუალება და დაემუქრა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

მეორე მხრივ, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ მოქალაქეები  რატი მაისურაძე და გიორგი გაბედავა, რომლებმაც სცადეს ეჭვქვეშ დაეყენებინათ ხელმოწერები და განაცხადეს, რომ 12 000 ხელმოწერას შორის მათი გვარებიცაა მითითებული, თუმცა მათ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში წარდგენილ განცხადებაზე არც გიორგი გაბედავას და არც რატი მაისურაძის ხელმოწერები არ არის (ამის გადამოწმება ძალიან ადვილად შეუძლია კომიტეტის აპარატს) და სიის ნამდვილობაზე მსჯელობის წამოწყებით კომიტეტი მხოლოდ აჭიანურებს 17 მაისს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებმა  ვერ ისარგებლეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და გახდნენ რელიგიური ექსტრემისტების ძალადობის მსხვერპლნი.

 

მოვითხოვთ, რომ ეკა ბესელიამ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპებს და მომავალში თავი შეიკავოს საკუთარი პირადი რწმენისა და მოსაზრებების ნიადაგზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კანონზე მაღლა დაყენებისგან.

 

ასევე, მოვითხოვთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ შეასრულონ სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არ იცავს ადამიანის უფლებებს, არის მიკერძოებული და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი