Interviewsკომენტარი

კოორდინატორებზე ნეგატიური კამპანია ოპონენტებმა აგვიგორეს – ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან

23 ოქტომბერი, 2017 • 3063
კოორდინატორებზე ნეგატიური კამპანია ოპონენტებმა აგვიგორეს – ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საგრძნობლად გაზრდილია მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა, თუმცა ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთოს სადამკვირვებლო მისია ხელისუფლებას სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლების წვდომის გამო აკრიტიკებს, რასაც მიმდინარე არჩევნებზე ჰქონდა ადგილი. რაში სჭირდება მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან აქტივისტების გამწესება ხელისუფლებას, რას საქმიანობდნენ ეს ადამიანები და რამდენად მისაღებია მათთვის ის პრაქტიკა, რის გამოც წინა ხელისუფლებას თავადვე აკრიტიკებდნენ? აპირებს თუ არა მმართველი პარტია მომდევნო არჩევნებისთვის კოორდინატორების მორიდებას საარჩევნო უბნებიდან? როგორ აფასებენ ოპოზიციის მიერ ნაჩვენებ შედეგებს? – ამის შესახებ ნეტგაზეთი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარეძეს ესაუბრა.

პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი შეფასება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და იმ შედეგების, რომელიც დაიდო. წინა ორ არჩევნებს თუ შევადარებთ, საგრძნობლად გაზრდილია თქვენი ამომრჩევლის რაოდენობა. თვლით თუ არა ამის ერთ-ერთ მიზეზად კოორდინატორების მასშტაბურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში?

აბსოლუტურად გამჭვირვალე და პოზიტიური არჩევნები იყო, რომელიც ევროპის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც კი წარმატებულად მიიჩნეოდა; იმ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ლიდერებად მიიჩნევიან ამ საქმეში. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის არა მხოლოდ “ქართული ოცნების”, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება.

რაც შეეხება კოორდინატორებს და სხვა დეტალებს, ნებისმიერი პარტიული აქტივობა, ნებისმიერი გაკეთებული საქმე, ნებისმიერი პოზიტიური პიარკამპანია, რაც ჩვენს შემთხვევაში იყო… ჩვენი პიარკამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო ოპონენტების მიმართ აგრესია  და აბსოლუტურად იყო მომავალზე გათვლილი, რაც მე მგონია, რომ მომავლის საქმეა. ამ არჩევნებმა მაგალითი უნდა მისცეს ყველა შემდეგ არჩევნებს, თუ როგორ უნდა გამახვილდეს აქცენტები მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. ეს უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს ამომრჩეველს.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ამ პოზიტიურმა პიარკამპანიამაც გაამართლა და ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რაც ამომრჩეველმა სწორად და კარგად მიიღო. ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი, როგორც ამომრჩეველი, კიდევ უფრო დაიხვეწა და გაიზარდა იმიტომ, რომ ადეკვატური იყო ამ პოზიტიური კამპანიის და სამომავლო გეგმების მიმართ. რეალობასთანაც ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ახლოს ვართ, რაც არის ძალიან კარგი, რადგან ისინი ობიექტურად აფასებენ მოვლენებს და ეს არჩევნების შედეგებშიც გამოიხატა.

ამომრჩევლის ნების კონტროლი – ეს არის ერთ-ერთი ბრალდება, რაც მმართველი გუნდის მისამართით ისმის ოპოზიციის მხრიდან. მე მინდა კვლავ კოორდინატორებზე გკითხოთ, რომელთა მობილიზება იყო საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს. რამდენი კოორდინატორი გყავდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაში დაგჭირდათ ეს ხალხი საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს?

იცით, რა არის… ესე გამოყოფა და კოორდინატორების ინსტიტუტზე საუბარი არის, მე მგონია, რომ ნეგატიური პიარკამპანია, რომელიც ააგორეს ჩვენმა ოპონენტებმა. რეალურად, საუბარია პარტიულ აქტივზე, რასაც ისინი კოორდინატორებს არქმევენ. ეს აბსოლუტურად განსხვავებული პრაქტიკაა წინა ხელისუფლების დროს დანერგილი მახინჯი პრაქტიკისგან, რომელსაც მიზნად აბსოლუტურად სხვა რაღაც ჰქონდა, ვიდრე პარტიული აქტივის მობილიზება.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში სხვანაირად ვერ ხდება კამპანიის ჩატარება, სხვანაირად ვერ ხდება არჩევნების დღეს თავისი მხარდამჭერების მობილიზება, თუ არა თავად პარტიული აქტივის გააქტიურება. შესაბამისად, თუ დავინახავთ  იმას, რაც რეალურად არის, მაშინ კითხვის ნიშანი საერთოდ არ გაჩნდება. ამის გარდა, რადგან ამ არჩევნებს მეტი ნეგატივი ვერ მოვუძებნეთ (არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩვენზე… ზოგადად, საქართველოში), ეს ნიშნავს, რომ ამაზე პოზიტიური და თავისუფალი არჩევნები ჯერჯერობით საქართველოში არ ჩაგვიტარებია. ძალიან მიხარია პირადად მე და ვამაყობ, რომ ყველა მომდევნო არჩევნები ჩვენი მმართველობის პერიოდში [იქნება სამართიანი]…

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ტვ პირველს განუცხადა, რომ მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული თქვენი აქტივისტები, არ გადაეჭარბებინათ თავიანთი უფლებამოსილებისთვის, არ აღერიცხათ პერსონალური მონაცემები და ა.შ.

კი, ამას ვამბობ მეც. ჩვენ პარტიული დავალებები პარტიულ აქტივზე გვაქვს ძალიან მკაცრად გაცემული, რომ ვინმემ არ და ვერ მოახერხოს, რომ ჩირქი მოსცხოს ამ ძალიან პოზიტიურ პროცესს. როდესაც თქვენ მე მეკითხებით ამ დარღვევაზე, მე და ჩემი გუნდის სხვა ლიდერები აბსოლუტურად მართლები ვართ საკუთარი თავის და მოქალაქეების წინაშე იმიტომ, რომ პირიქით, გვაქვს პარტიული დავალება მიცემული, რადგან მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირდეს. რა თქმა უნდა, რამდენიმე ათას კაცში პარტიული დავალება აბსოლუტური წარმატებით ვერც ერთ ქვეყანაში შესრულდება. თუკი ვინმე გადააჭარბებს [უფლებამოსილებას], თუკი ვინმე არაეთიკურად და არაკანონიერად მოიქცევა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება ჩვენი მხრიდან, რადგან მსგავსი დარღვევის პრეცენდენტები შევამციროთ და ამით კითხვებიც შევამციროთ.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შემდეგ არჩევნებზე ერთი შემთხვევაც კი არ გვქნება იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას არ მიაყენებს, არ დააღვევს კანონს ან კომპიუტერული სიზუსტით იქნება გამჭვირვალობა, თავისუფლება და შეურაცხყოფის მიყენებაც კი გამოირიცხება რომელიმე ადამიანის მხრიდან რომელიმე ადამიანზე… მაგრამ, მთავარია მიზანი – მაქსიმალურად შევამციროთ და გამოვრიცხოთ ასეთი პრეცენდენტები.

ბატონო მამუკა, დღეს თეა წულუკიანმა და ირაკლი კობახიძემაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს კოორდინატორების ან, როგორც თქვენ ამბობთ, პოლიტიკური აქტივის მობილიზებასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ მომდევნო არჩევნებისთვის შესაძლოა კვლავ გააგრძელოთ მათი მობილიზება საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს?

მე ვლაპარაკობ პარტიული აქტივის მონაწილეობაზე. არ მილაპარაკია, საარჩევნო უბანზე ან უბნის გარეთ როგორ უნდა იმოქმედონ მათ… მე ზოგადად ვსაუბრობ.

ემხრობით თქვენ საარჩევნო უბანზე თქვენი აქტივისტების მობილიზებას რაღაც სიებით ხელში?

იცით, რა… ამაზე არის სამსჯელო. თქვენ შეგახსენებთ, რომ კახი კალაძის ერთ-ერთ ოპონენტი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი წინა დღეებში თავად საუბრობდა იმის შესაახებ, რომ მას ჰქონოდა აღრიცხვის საშუალება და უფლება. ის, რაც შესაძლებელია ოპოზიციის მხრიდან შეფასებულიყო, როგორც უფლების შეზღუდვა და შემდეგ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით ცესკომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ არავითარი შეზღუდვა არც ერთ კანდიდატს აქვს ამასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ეს უფლება ოპონენტებმა გამოიყენეს სხვა ნეგატიური კუთხით გასახმოვანებლად. ამაშია საქმე. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ყველა კანდიდატი არის თანაბარი კანონის წინაშე, იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამისგან გამორიცხული არ უნდა იყოს სახლისუფლებო კანდიდატიც. თუ პოლიტიკური აქტივის აღრიცხვის და ამგვარად მობილიზების უფლება აქვს ოპოზიციურ კანდიდატს, ჩვენ არ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ეს არის ხარვეზი მაშინ, როდესაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს იმავეს.

აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ დემოკრატიის ძალიან მაღალ ხარისხზე გავედით, მაგრამ ეს ყველაფერი იმან არ უნდა [დააკნინოს], რომ ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს იმას, რისი უფლებაც აქვს ოპოზიციურ კანდიდატებსაც.

შემდეგი თემა, რაზეც მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის ოპოზიციის შედეგები. სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა, გაზრდილია პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველთა რაოდენობაც. 2016 წელს ეს პარტია ბარიერის გადალახვის ზღვარზე იყო, თუმცა ახლა 1.53%-ით მეტი მხარდაჭერა აქვთ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს არ არის უმნიშვნელო ციფრი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად დაიკლო ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობამ. რას ნიშნავს ასეთი ტიპის პარტიებისთვის ეს შედეგები?

ვერ მოგატყუებთ, თითქოს ბევრი ვიფიქრე ამ ორი დღის განმავლობაში და ანალიტიკა გავაკეთე, ერთი პარტიის რეიტინგი რატომ გაიზარდა ან მეორის – რატომ დაიკლო. თუმცა ამ წუთში სპონტანურად შემიძლია გიპასუხოთ, რა შეიძლება იყოს ამის ერთ-ერთი მიზეზი: ერთს აქვს საპარლამენტო ტრიბუნა, ხოლო მეორეს – არა; ერთი იღებდა რაღაც განხილვებში მონაწილეობას, მეორე – არა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მოყვარული საზოგადოება საქართველოში შესაძლებელია ერთ-ერთ პარტიას უფრო სწყალობს ამ მიზეზების გამო, ვიდრე მეორეს და ა.შ.

ანუ თვლით, რომ ნინო ბურჯანაძის გუნდის მხარდამჭერები, შესაძლოა, პატრიოტთა ალიანსის მხარეს გადასულიყვნენ?

არაფერია გამორიცხული. ამას ახლა ვერ ვიტყვით ზუსტად. შემიძლია, როგორც ერთმა ადამიანმა და რიგითმა მოქალაქემ გამოვთქვა ვარაუდი, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს ზუსტი პასუხი. ამას სჭირდება გარკვეული ანალიტიკა. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად და “ქართული ოცნების” მომხრეთა პროცენტული რაოდენობა არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი, თუნდაც პიარისგან დამოუკიდებლად, რაზეც ჩვენ ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, რეალურად, ადამიანების უფრო მეტი რაოდენობა, როგორც აღმოჩნდა, თავის თავზე გრძნობენ იმ სიკეთეებს, რასაც ვაკეთებთ – ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ცენტრალური ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო.

ასევე გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავარდა ლიბერალური პარტიების ისედაც დაბალი რეიტინგი. მაგალითად, რესპუბლიკელების. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს? ზოგადად რა პერსპექტივები აქვთ ასეთ პარტიებს?

მე კონკრეტულ პარტიებს ვერ განვსჯი არჩევნების შემდეგ. არ მინდა, რომ რაღაც ზედმეტი კრიტიკა მივუძღვნა და რაღაც მიზეზებზე ვისაუბრო. მათ თავად მოძებნონ ეს მიზეზები და ვუსურვებ თითოეულ მათგანს, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. გულწრფელად ვამბობ ამას იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმატება მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. თუმცა, რაც შეეხება ლიბერალურ და არალიბერალურ პარტიებს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ გარკვეული შეხედულებების რადიკალიზაცია ხდება ხოლმე.

როდესაც რაღაც ეროვნულზე საუბრობენ ხოლმე, მაშინ ამწვავებენ არარეალურ ამბებს. ამ დროს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე მეტად აქცევს ამას ყურადღებას. როდესაც ევროპელობაზე საუბრობენ და დასავლურ ღირებულებებზე ლაპარაკობენ ხოლმე, აქაც ნამდვილად და გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვის არც უნარი და არც სურვილი ჩვენსავით არც ერთ წინა ხელისუფლებას გამოუმჟღავნებია და არ გაუკეთბია, რეალურად ოღონდ და არა მხოლოდ დეკლარირებულად.

შესაბამისად, ალბათ, ამ რეალობიდან გამომდინარე, ის, რომ რაღაც ნიშის ათვისებას ცდილობენ გარკვეული პარტიები, ამას ხედავს ამომრჩეველი, რომ არ არის ეს ყველაფერი გულწრფელი, მაშინ, როდესაც ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ტრადიციები და იდენტობა არის ძალიან მნიშვნელოანი ჩვენი ხელისუფლებისათვის, მმართველი გუნდისათვის და ამავე დროს ისინი ძალიან წარმატებით ახორციელებენ რეფორმებს იმისათვის, რომ იყვნენ ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრები. ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ერთმანეთს, პირიქით – ეს არის ერთი და იგივე, რაზეც მეტყველებს ჩვენი ისტორიაც. აქედან გამომდინარე,, ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ხედავს ამომრჩეველი და ამ ყველაფერის რადიკალიზაციის დროს აკეთებს უფრო სწორ არჩევნას, ვიდრე ზოგიერთ ჯგუფს თუ პარტიას წარმოუდგენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი