დავით გაბუნია კატასტროფის ზღვარზე

ვინც თანამედროვე ქართული თეატრით ან ლიტერატურით არის დაინტერესებული, მას აუცილებლად ეცოდინება დავით გაბუნიას სახელი, რომელიც თეატრალური თუ ლიტერატურული პრემიების ლაურეატია, მათ შორისაა პრემია „საბა“ საუკეთესო პიესების კრებულისთვის და „დურუჯი“ საუკეთესო პიესებისთვის („საპნის ოპუსი“ და HOLLAND HOLLAND). დავით გაბუნიამ თავისი საქმიანობა თარგმანებით დაიწყო – თარგმნა ტუვე იანსონის, კატარინა მასეტის, ავგუსტ სტრინბერგის, ჯოან როულინგის წიგნები, მოგვიანებით კი დრამატურგიაში გადაინაცვლა, სადაც დღემდე აქტიურად საქმიანობს. მისი სადებიუტო რომანი „დაშლა“ რამდენიმე თვის წინ გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. „დაშლის“ საავტორო უფლებები უკვე შეიძინა ერთ-ერთმა დიდმა გერმანულმა გამომცემლობა Rowohlt-მა.

IMG_0028

ელოდი რომანის პოპულარობას?

მწერალი, რომელიც არ ელოდება ან არ უნდა მისი წიგნის პოპულარულობა, ძალიან ფარისევლურად თავმდაბლობს ან ვერაა მთლად ჯანზე. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არ გინდოდეს, შენი ტექსტი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. რაც შეეხება მოლოდინს, ვეცადე დამეწერა ისე, რომ ყოფილიყო იოლად წასაკითხი, ადვილად აღსაქმელი ტექსტი და ისეთი დინამიკური, როგორიც ე.წ. Page Turner-ია. სასაცილოა, Page Turner-ზე რომ ვლაპარაკობ. პატარაა წიგნი. მეგონა, რომ დიდი გამოვიდოდა. ველოდებოდი და იმედი მქონდა, რომ იოლად წაიკითხავდნენ, რადგან ექსპოზიციური ნაწილი ნელი და მდორეა, ტემპი თანდათან ჩქარდება და ბოლოსკენ იქითკენაა მიმართული, რომ დამთავრდეს რაც შეიძლება მალე. მინდოდა, რომ ცოტა რეკლამის შემდეგ მკითხველს ერთმანეთისთვის ეთქვა, ეს არის ადვილად წასაკითხი წიგნი. ამ მიდგომამ გაამართლა.

იყო რამე ისეთი მოლოდინი, რაც წიგნის გამოსვლამდე გქონდა და არ გამართლდა?

პერსონაჟების ნაწილი ჰომოსექსუალია და ამ ტიპის ურთიერთობებზე არის ნაწილობრივ ეს რომანი. გარკვეული მოლოდინი მქონდა, რომ ამის გამო რაღაც სირთულეები შეხვდებოდა წიგნს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ასე არ მოხდა, თითქმის არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, ყოველ შემთხვევაში, მე არ მომხვედრია თვალში.

როგორ ახსნი ამას?

ალბათ, იმით, რომ წიგნი არის ტრილერის და სხვა მსგავსი ჟანრების ელემენტებით გაჯერებული და კიდევ იმით, რომ ჰომოსექსუალი პერსონაჟი, რომელიც ხდება მსხვერპლი, არ არის მთავარი გმირი, არ არის მთხრობელი, მისი პერსპექტივიდან არ ვხედავთ სამყაროს და ამიტომ ტექსტის პირველადი იდენტიფიცირება არ ხდება ამ თემასთან. სხვა რამეზე ამახვილებს ყურადღებას მკითხველი.

რომანის გამოსვლის შემდეგ ბევრჯერ ითქვა, ავტორს ჰიჩკოკის გავლენა ეტყობაო. სხვა ავტორებისა თუ ფილმების გავლენაზეც საუბრობენ.  მოდი, ვთქვათ, ვისი გავლენა აქვს დავით გაბუნიას?

ლიტერატურათმცოდნეობის ენით თუ ვილაპარაკებთ, ეს უფრო მეტია, ვიდრე გავლენა, ამას უფრო ნასესხობას დავარქმევ, ნასესხობას ფილმებიდან, წიგნებიდან, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს ნამუშევრიდან. წიგნში უფრო მეტია ეს ნასესხობები, ვიდრე შეამჩნია მკითხველმა, რაღაცები უფრო არის დამალული ტექსტში და ეს რომ ალუზიაა, მხოლოდ მე ვიცი. რასაკვირველია, ფანჯრიდან ყურების, თვალთვალის და ფოტოების გადაღების მოტივზე პირველი ასოციაცია ჩნდება ჰიჩკოკთან და მის ფილმთან – „ფანჯარა ეზოს მხარეს“, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასევე დიდი წყაროა კიშლოვსკის „მოკლე ფილმი სიყვარულზე“, სადაც ახალგაზრდა ბიჭი უთვალთვალებს მეზობელი ქალის „აღვირახსნილ“ ცხოვრებას.

სხვა უცხოენოვანი მწერლების გავლენაზე მეტად ჩემს თავს ვამჩნევ ქართველი ავტორების გავლენას. მნიშვნელოვანი გავლენა ჩემზე მოახდინა თამთა მელაშვილმა, არა მხოლოდ „გათვლით“, არამედ ადრეული მოთხრობებით, მათ შორის „ერთი და ორი“. შეიძლება ეს გავლენა პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ტექსტის დინამიზმი, ლექსიკური სიმარტივე, ყოფითობის ეფექტი, მარტივი და მარტივთან ერთად თავისებური სინტაქსი ძალიან მხიბლავდა და პლუს, ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, თამთას რომანს „გათვლა“ ჰქვია, ჩემსას – „დაშლა“. სამწუხაროდ, არავის დაუნახავს ეს გავლენა, რაც ცოტა არ იყოს, მწყინს.

მეორე მნიშვნელოვანი იდეური გავლენა მაქვს კიდევ ერთი ქართველი მწერლის, რომელსაც რატომღაც ასევე ვერავინ ამჩნევს. ეს არის დათო ქართველიშვილი, რომელიც დიდი ხანია არ გამოჩენილა ქართულ სალიტერატურო ასპარეზზე. დათოს პროზა, მოთხრობები და ორი რომანი ყოველთვის უტრიალებდა არაფრით გამორჩეული კაცის ყოველდღიურობას და მის მოსაწყენ და რუტინულ ცხოვრებას. ეს სიცხადე და სიმარტივე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე.

ისმის კრიტიკა „დაშლის“ მის­ამ­არ­თით, რომ ზოგიერთი პერსონაჟი დაუ­სრულებელია, რომ მეორე ნაწილი ტო­ვე­ბს ნაჩქარევად დაწერილის შთა­ბეჭ­დილებას. გაბრაზებს თუ არა ასეთი შე­ფასება?

არ მაბრაზებს. ველოდი, რომ ასე იქნებოდა, სამართლიანიც არის ნაწილობრივ. ყველაფერი საბოლოოდ დაიყვანება მოცულობაზე. ზურას (პერსონაჟი) რომანში ეთმობა ბევრად მეტი დრო, ვიდრე სხვებს და ამიტომ ჩნდება შეგრძნება, რომ ზურა უფრო კარგად გააზრებული პერსონაჟია და თინა უფრო „მიხალტურებული“. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, მე ამ რომანის იდეა გამიჩნდა თინას პერსონაჟის გამო. პირველად მოვიფიქრე თინას ამბავი, რომელიც გახვეულია დაუშვებელ და საზოგადოებისთვის მიუღებელ სასიყვარულო ურთიერთობაში, ყველაფერი დანარჩენი მერე გაჩნდა. ცხადია, მკითხველს სრული უფლება აქვს, რაღაც არ მოეწონოს ან რაღაცამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაუტოვოს, მაგრამ წერის პროცესში მივხვდი, რომ ამ პერსონაჟების ბედი მაინტერესებს ამ კონკრეტულ, ექსტრემალურ სიტუაციაში და არსად სხვაგან. როგორი გამოცდილება აქვთ მათ, საიდან მოვიდნენ, რას აკეთებდნენ ბავშვობაში – ეს სულაც არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

ერთი მხრივ, შესაძლოა სამართლიანია ეს კრიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიღაცას არ მოეჩვენა ასე. ვისაც თინას ხაზი მოეწონა, ხვდება, რომ ეს იმიტომ არის მოსაწონი, რომ ასეთი მოკლეა და ინტენსიური. როცა ვწერდი, როგორ დადის თინა ქალაქში, მივხვდი, რომ თუ ამ ეპიზოდს ცოტა უფრო გავწელავდი, მაშინ ამბავს მძაფრი ეფექტი აღარ ექნებოდა, მძაფრი ეფექტი აქვს სწორედ იმას, რომ ამბავი არის მოკლე და ინტენსიური. ამ ინტენსიურობას დროში კიდევ უფრო თუ გაწელავ, ბანალური და მოსაწყენი გახდება, აღარ იქნება ის მუხტი.

რომანი მოულოდნელად მთავრდება, მკითხველები იმასაც ფიქრობდნენ, რომ გაგრძელება მოჰყვებოდა, რო­გო­­რია ამ რ­ომანის დასა­სრული შე­ნი წარმოდგე­ნით?

სიუჟეტი იქამდე მიდის, რომ მეტ-ნაკლებად ცნობილია, რა მოუვათ ძირითად პერსონაჟებს. ცხადია, ერთი პერსონაჟი ციხეში წავა და გასაგებია რატომაც. ისიც ცხადია, რომ სახლიდან წასული ქალი ქმრის დაპატიმრების შემდეგ უკან დაბრუნდება. მაგრამ კონკრეტული დასახელება მაინც მიჭირს, რადგან წიგნს ყოველთვის მკითხველი ამთავრებს. მე ამბის გაგრძელება არ მაინტერესებს, არც ის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რითაც მთავრდება წიგნი, მე მიყვარს ასეთი დასასრულები, როდესაც ყველაფერი მიდის კატასტროფამდე და იქ წყდება წიგნი. დანარჩენის წერა არ არის საჭირო – არ მაინტერესებს, როგორ მოვა პოლიცია, დაიჭერენ ზურას და დაკითხავენ, როგორ ჩასვამენ ციხეში, რამდენ წელს მიუსჯიან, ან თინა რას იზამს… შეიძლება ყოფილიყო გაგრძელება, სადაც ვნახავდით, რას აკეთებენ ეს პერსონაჟები, მაგრამ ეს მე, როგორც ავტორს, უკვე აღარ მაღელვებს.

რომ წარმოიდგინოთ „და­შლა“ მოთხრობილი ავტორის პერ­სპ­ექტივიდან, როგორი იქნებოდა შენი ხმა, განწყობები და დამოკიდებულებები

დამოკიდებულებები და ავტორის ხმა მაინც ნეიტრალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ დავწერდი. მინიმუმ ოთხი წელი ვფიქრობდი, როგორი ხმა ექნებოდათ ამ პერსონაჟებს, ამდენი ხანი რომ ფიქრობ და გგონია მოიფიქრე, მერე უკვე აღარ გეთმობა ასე მარტივად. მნიშვნელოვანია ამ სამი პერსონაჟის ენა, ფიქრები და ცნობიერება. პერსონაჟების ხმები უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან განსხვავებული და სტილურად არ უნდა გვანებოდა ერთმანეთს, ეს იყო ძირითადი მხატვრული ამოცანა, რომლის დაძლევაც მინდოდა.

არის თუ არა რამე თემა ან ამბავი, რაზეც გინდა და­წე­რო, მაგრამ შენს ძალებს აღ­ემ­ატება?

არის ასეთი ბევრი. გულით მინდა საბავშვო ლიტერატურის დაწერა, წლებია უკვე ვთარგმნი საბავშვო ლიტერატურას, ძალიან მომწონს ეს საქმე, მაგრამ რამდენიც არ ვიფიქრე და არ ვცადე, არ გამომდის ბავშვებისთვის წერა. რაზეც არ უნდა დავიწყო ფიქრი, რაზეც არ უნდა დავიწყო მუშაობა, ყველაფერი შავდება და სიმძიმისკენ მიდის. რატომ, ამაზე არ მიფიქრია, არ გამომდის სილაღე თუ შედარებით მსუბუქი თემების შერჩევა, ამიტომ საბავშვო ლიტერატურის წერაზე ხელი ჩავიქნიე, ვერ დავწერ, მივხვდი და მორჩა.

როგორ უნდა დაიწეროს რომანი, ან რა ასაკში უნდა და­იწეროს, რა ხერხებს მიმართავ?

მზა რეცეპტი არ არის, ალბათ, მაგრამ ჯერ ბევრი უნდა იკითხოს ავტორმა და, რაც მთავარია, ბევრი უნდა იკითხოს მშობლიურ ენაზე. თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ორიგინალური ქართული ტექსტის კითხვა. რომანს მაღალი ენობრივი კომპეტენცია სჭირდება. ბევრს ვკითხულობ თანამედროვე ქართულ ტექსტებს, ახალგაზრდა ავტორებისას, და უმეტეს შემთხვევაში ვაწყდები ენობრივ პრობლემებს. ისინი ცდილობენ, მხატვრული სახეებით იაზროვნონ, მაღალი შედარებები ჰქონდეთ, მაგრამ უცებ ლექსიკურად გაუთანაბრებელ შეცდომებს უშვებენ. არ ვგულისხმობ გრამატიკას, არამედ სტილის გრძნობას, რომელიც ხშირად ღალატობთ და ტექსტები მხატვრულად დაუბალანსებელია, რაც ალბათ, იმის ბრალია, რომ არ კითხულობენ ქართულ ლიტერატურას, ყველანაირ ქართულ ლიტერატურას, კლასიკურიდან დაწყებული, სულ თანამედროვეთი დამთავრებული.

და მეორე, ვერ წარმომიდგენია დაიწყო რომანის წერა ისე, რომ არ გქონდეს ძალიან კარგად დაგეგმილი, საით მიდიხარ. დაგეგმილი უნდა გქონდეს სიუჟეტის განვითარების ყველა საფეხური, არ არის საკმარისი იცოდე მთავარი ხდომილება. შეიძლება ეს დაწერილი არ ჰქონდეს ავტორს, მაგრამ თუ თავში აქვს, დაწერას წინ რაღა უდგას. დიდი სამუშაოა რომანის წერა, გრძელვადიანი, და ამის ორგანიზება არის მნიშვნელოვანი. დიდხანს უნდა გეგმო, ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე წერას სჭირდება.

არის თუ არა რამე ტენდენცია ქ­ართულ ლიტერატურაში, რაც პი­­რადად შენ ძალიან არ მოგწო­ნს?

ერთი, რაც ვთქვი, სტილის შეგრძნების დაკარგვაა. მხატვრულ ტექსტში ხშირია კანცელარიზმები, ჟურნალისტური ენა. მე არ ვგულისხმობ ენის გამარტივებას ან ლექსიკურ სიღარიბეს. ჩემი ტექსტიც ღარიბია, რადგან ასეთები არიან ეს გმირები, რომელთა თვალითაც ვხედავთ სამყაროს. არ არიან ჭკვიანები, არ გადმოსდით ყურებიდან ფილოსოფიური აზრები, შესაბამისად, ტექსტი ლექსიკურად ღარიბია. არ მომწონს, როცა ავტორი, ხშირად ახალგაზრდა, ვერაფრით ხვდება, რომ რაღაც ფრაზა არის კლიშე და ამის გამოყენება, უბრალოდ, ცუდი ტონია ლიტერატურაში და ვერ ხვდება, რომ ეს არის ძალიან გადაცვეთილი და ამით აგებს თავის მხატვრულ სამყაროს. ეს საბოლოოდ ხელოვნურობის ეფექტს ქმნის.

როგორც მკითხველს, ყვე­ლაზე მეტად რისი დანაკლისი გა­ქვს? როგორი ჟანრის ან შინაარსის წი­გნები გინდა, რომ და­გხვდეს წი­გნის მაღაზიის დახ­ლ­ზე?

მინდა დამხვდეს ბევრი რომანი. ასევე დიდი სიამოვნებით დავიხვედრებდი დეტექტივებს, მე მიყვარს დეტექტივები, ოღონდ ხარისხიანი დეტექტივები. ძალიან სასაცილო სნობიზმია ქართველი ლიტერატორების მხრიდან, როცა ჟანრულ ლიტერატურას მეორეხარისხოვან ლიტერატურად მიიჩნევენ. სამწუხაროდ, ამ ლიტერატურას ვერ ვწერთ ჩვენ. ნათარგმნი მაქვს შვედი ავტორის, კატარინა მასეტის იუმორისტული და მელოდრამატული ნაწარმოები – „ტიპი მეზობელი საფლავიდან“, რომელიც ბესტსელერი იყო შვედეთში. ეს არ არის მაღალი ლიტერატურა, მაგრამ როცა ვთარგმნიდი, ვფიქრობდი, ნეტა ბევრი ქართველი ავტორი წერდეს ასე გამართულად ამ ჟანრში, ჰქონდეს სტილის ასეთი გრძნობა. ჩვენთან ყველა მაღალ ლიტერატურას წერს, ყველა პირდაპირი განაცხადით გამოდის, რომ მისი ლიტერატურა არ არის გოიმური და, საბოლოო ჯამში, რაღაც გაურკვეველს ვიღებთ, რომელსაც მკითხველი არ ჰყავს. იშვიათია, ამ მცდელობებიდან შეიქმნას მართლა მაღალი ლიტერატურა, მაღალი დონის პილოტაჟი. გამოდის მეორეხარისხოვანი ლიტერატურა, რომელსაც პრეტენზია აქვს და სინამდვილეში ცუდადაა დაწერილი. არც ჟანრულია და არც არაჟანრული, არაფერში არ ეწერება.

როგორ ხედავ ქართულ ლ­იტერატურას, მაგალითად, 30 წლ­­ის შემდეგ, რომელ თა­ნ­ამე­დრ­ოვე ავტორს წაიკ­ითხა­ვდი?

ოცდაათი არ ვიცი, მაგრამ ოცდაათ წლამდე ავტორები რას იზამენ ათი წლის შემდეგ, ძალიან საინტერესო იქნება. გოგოებს წავიკითხავდი კიდევ სიამოვნებით, რომლებსაც ბოლომდე თავიანთი ადგილი არ დაუმკვიდრებიათ. წლები გადის და უფრო მატულობს ქალი ავტორების რიცხვი, ცნობილები ხდებიან და ათი წლის შემდეგ, საინტერესოა ჩემთვის, რას იზამენ ქართველი ქალი ავტორები.

თანამედროვე ქართველი ავტორები კრებითი ფორმით რომ არ განვიხილოთ და ვეც­ადოთ ერთი ადამიანი გამო­ვიყ­ვანოთ ამ ავტორებისგან, როგორი იქნება ის ერთი ადამიანი?

ძალიან დაბნეული, დეზორიენტირებული, რომელიც გარდამავალ ფაზას გადის ახლა ცხოვრებაში და ჯერ კარგად ვერ ხვდება, როგორ უნდა წეროს, რაზე უნდა წეროს, რა უნდა თვითონ, კარგად არ იცის, ასეთია, ალბათ, თანამედროვე ქართველი ავტორი.

როგორც ავტორს, ყველაზე მეტად რისი გეშინია?

იმის, რომ არ წაიკითხავენ ჩემს წიგნებს, არ უყურებენ პიესას, შეუმჩნევლად ჩაივლის სპექტაკლი და თაროზე დაიმტვერება წიგნი. მართლა არ ვწერ ჩემი თავისთვის და მხოლოდ იმიტომ, რომ მე მსიამოვნებს ეს. უფრო მეტად სასიამოვნოა, როცა შენს წიგნს კითხულობენ და მოსწონთ.

შეიძლება თავდაჯერებული და აროგანტი ადამიანის იმიჯი მაქვს, მაგრამ წერის პროცესში ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ ცუდად მიდის საქმე, ეს შეგრძნება მანამდე მიმყვება, სანამ არ გამოვა წიგნი, სანამ ამას შეფასებები არ მოჰყვება. ძალიან არაობიექტური ვარ საკუთარ თავთან და ვერც ვხვდები, ვარგა თუ არა ტექსტი რამედ.

თუ ეჯიბრები ვინმეს?

არა, არავის არ ვეჯიბრები. იმიტომ არა, რომ ამის ღირსად არ მივიჩნევ სხვას, უფრო იმიტომ, რომ როცა ქართველი ავტორი წარმატებას აღწევს, ეს მე მაძლევს დიდ სტიმულს, მომწონს და ვფიქრობ. ისეთ ლიტერატურულ გარემოში, სადაც არაფერი ხდება, წერა უინტერესოა. შენც გინდა რაღაცით იკვებო, შთაბეჭდილება მიიღო, გამოსავალი უცხოური ლიტერატურა არ არის, მშობლიური გინდა. გინდა, რომ გაიფართოვო ენობრივი შესაძლებლობები და ამის საშუალებას მხოლოდ მშობლიური ლიტერატურა იძლევა. დრამატურგიაში ბევრი კარგი ტექსტი იწერება ახალგაზრდების მიერ, რაც ძალიან მახარებს, მერე მეც მიჩნდება სურვილი, უკეთ ვწერო, ასე მუშაობა უფრო საინტერესოა.

რომ არა წერასთან დაკა­ვშ­ირებული საქ­მია­ნობა, რომელ პრ­ოფ­ესიას აირჩ­ევდი და რატომ?

მასწავლებელი. ვარ ისედაც განათლებით მასწავლებელი, მაგრამ არ ვმუშაობ ამ პროფესიით, ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი ან ინგლისურის. სწავლების პროცესი მომწონს, ბავშვებთან ურთიერთობა. როცა ძალიან დიდხანს მუშაობ რაღაცაზე და მერე აკვირდები, როგორ ახდენ გავლენას მათზე. შედეგის დანახვაა სასიამოვნო, შენ ასწავლე რაღაც და სიამაყით ივსები, გსიამოვნებს, მოსწავლემ კარგად რომ ისწავლა ინგლისური და დედანში წაიკითხა, დავუშვათ, სელინჯერი.

ძალიან გულშემატკივრობ დამ­წყებ მწერლებს, რატომ?

ჩემზე უფროსებს ალბათ ვერ შევკადრებ გულშემატკივრობას და სწავლებას, სხვა დინამიკაა იქ ურთიერთობების, მაგრამ სულ ვეხმარები ახალგაზრდას და დამწყებს. გულით მინდა უკეთესი გახდეს, უკეთესად წეროს და თუ შემიძლია რაღაცაში დავეხმარო, რატომაც არა. თან ცალმხრივად არ ეხმარები, პირიქით, როდესაც გვერდით ვიღაც კარგად წერს და მისი წიგნი კარგია, ეს შენც გამდიდრებს.

არის რამე, რასაც დამწყები მწე­რლისგან უფრო მოელი, ვიდრე გამ­ოცდილი ავტორებისგან?

უფრო მეტს დამწყები მწერლისგან მოველი. დღეს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ მათ და არ შემოიფარგლებიან მწირი გავლენებით. თემატურად უფრო შორს იყურებიან, მობეზრდათ რაღაც თემები, ახალ თემებს ეძებენ, ახალ პერსონაჟებს, უფრო სხვანაირებს, რომლებიც აქამდე არ ყოფილან ქართულ ლიტერატურაში.

სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, როგორც ვიცი, ფოთზე და ფოთელ ქალებზე წერ ახალ წიგნს, რატომ ფოთი და რატომ ფოთელი ქალები?

მე, ისევე როგორც სხვა უამრავი ბავშვი, გავიზარდე ქალების გარემოცვაში. ჩვენს საზოგადოებაში და, მით უმეტეს, ოთხმოციანების პატარა, პროვინციულ ქალაქში, ბავშვის აღზრდა მთლიანად ქალების საქმე იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბავშვი ბიჭი იყო თუ გოგო, მის აღზრდაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ქალები. ამიტომ ძალიან ბევრი ყურმოკრული ამბავი მაქვს ბავშვობიდან ქალებზე. ასეთი ამბები ილექება. ვაპირებ ამ ისტორიებიდან ამოვიდე და ცოტა სხვაგან წავიდე, განვავრცო ეს ამბები და უფრო საშიში რაღაცები დავინახო მათში. ამას გარდა, ფოთი არის საინტერესო ფენომენი, ბევრი ვიმუშავე ნიკო ნიკოლაძის თემაზე. როცა ნიკო ნიკოლაძე იყო ქალაქის მერი, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი იყო ძალიან ცუდი და გარემო არ იყო საცხოვრებლად მოსახერხებელი, მან ლამის მთლიანად ააშენა ეს ქალაქი. შეუპოვარმა კაცმა ნამდვილი ინდუსტრიალიზაცია მოახდინა, თან ეს ყველაფერი გააკეთა ბუნებასთან ჭიდილში, ეს თემაც მაინტერესებს.

რა ტიპის ადამიანი იქცევს შენს ყურადღებას?

მაინტერესებს ადამიანი, რომელიც არ არის მიდრეკილი ღრმა ფიქრის და მოვლენების ანალიზისკენ, ვერ ხვდება ან არა აქვს გააზრებული, რას აკეთებს. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც თავისი ჩვეულებრივი ყოფით იმდენად არის დაკავებული, რომ ბევრი ფიქრის დრო არ რჩება, ან ამისი უნარი არ აქვს. მაინტერესებს ადამიანი, რომელიც მოულოდნელი შემთხვევის წყალობით ჩავარდება ძალიან დიდი მორალური პრობლემის ხახაში, აღმოჩნდება ძალიან დიდი დილემის წინაშე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია ან ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, მარტივად რომ ვთქვათ – ჩვეულებრივი ადამიანი გასაჭირში.

 

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი