ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მრჩეველი სახალხო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულებების საკითხებში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი

როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას ინტერნეტში – ინტერვიუ ნოდარ ტანგიაშვილთან

საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი უკვე მეორედ ჩატარდა, ხოლო ერთ-ერთ სესია ინტერნეტის არასწორად გამოყენებას დაეთმო, სადაც ადგილობრივმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორ უნდა გავარჩიოთ მარტივად ნამდვილი და ცრუ ინფორმაცია ერთმანეთისგან? ვინ და რატომ ავრცელებს პროპაგანდისტულ ყალბ ინფორმაციას საქართველოში? როგორც მოქმედებს Fake News საზოგადოებაზე და რა (არ) კეთდება ხელისუფლების მიერ ამის საწინააღმდეგოდ? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ერთ-ერთ სპიკერს, ნოდარ ტანგიაშვილს ესაუბრა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მრჩეველია სახალხო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულებების საკითხებში.

  • რამდენად ხშირი და მასშტაბური პრობლემაა დღეს საქართველოში ყალბი საინფორმაციო ნიუსები?

მაგალითად, მედია მონიტორინგი, რომელიც ტარდება პროექტ “მითების დეტექტორის” ფარგლებში, აჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყოველკვირა ვრცელდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება ობიექტურობას და არის Fake News. ყველაზე ბოლოს ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ქართველი მოჭიდავის დისკვალიფიკაციის ისტორია საერთაშორისო ტურნირიდან იმის გამო, რომ ჯვარს ატარებდა, ასეთი სათაურით. მანამდე იყო სხვა ყალბი ინტერვიუ ბრიტანული დაზვერვის შეფთან, რომელიც ლაპარაკობდა, თითქოს რუსეთის დაშლა უნდა სააკაშვილის ხელით ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვას. მოკლედ, თითქმის ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ “ფეიქ ნიუსად”.

  • ვითომ ჯვრის ტარების გამო ტურნირიდან მოხსნილი მოჭიდავის ამბავი ზუსტად იმავე სათაურით ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელეკომპანიამაც გაავრცელა. თქვენი აზრით, რამდენად სერიოზული პრობლემაა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ქართულ მედიაში?

მომხმარებლის 80% კითხულობს მხოლოდ სტატიის სათაურს. ამიტომ სათაურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ ამბავს გამოაქვეყნებენ, ჟურნალისტებმა უნდა შეხედონ იმ კუთხიდან, თუ რა გამოხმაურება მოჰყვება ამას საშუალო ქართველზე, რომელიც ძალიან სენსიტიურად უყურებს რელიგიურ და ნაციონალისტურ საკითხებს. მკითხველს მუდმივად აწვდიან და უღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტმა არ დაწეროს სტატია ისეთი დაუბალანსებელი სათაურით, რომელიც წინასწარ არსებულ ასეთ განწყობებს უფრო გააღვივებს.

ჟურნალისტი თუ არ არის გათვითცნობიერებული ამ პრობლემაში, შეიძლება ეს მოუვიდეს შემთხვევით. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ მოწოდებულნი არიან მსგავსი განწყობების გაღვივებისკენ – მათ ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ. სამწუხაროდ, ასეთი სააგენტოებიც არსებობს საქართველოში.

  • ძირითადად ვინ ავრცელებს საქართველოში ყალბ ან პროპაგანდისტულ ცნობებს და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს?

პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებით ხეირობს ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი. მაგალითად, ისინი, რომლებიც თავიანთ კარიერას აწყობენ ანტიდასავლურ, მიგრანტების მიმართ სიძულვილის და ე.წ. ანტილიბერალურ პლატფორმაზე. ასეთები არიან ბევრნი, მათ შორის, ისინი, ვინც “ქართველთა მარშის” უკან დგანან. თუმცა, უფრო გლობალურად, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმ სახელმწიფოს, რომელსაც სურს, რომ საქართველო ნახოს დასავლური ინსტიტუტებისგან და ფასეულობებისგან შორს მდგომი; ნახოს, რომ საქართველო ხდება უინტერესო დასავლური ინვესტიციებისთვის. ეს არის ერთადერთი ქვეყანა – რუსეთი.

  • როგორ უნდა გაარჩიოს ჩვეულებრივმა მკითხველმა ყველაზე მარტივად, რომელია დეზინფორმაცია და რომელი ნამდვილი ამბავი?

ინტერნეტში ინფორმაციის გადასამოწმებლად არსებობს რამდენიმე ტექნიკა. პირველი, მაგალითად: თვითონ უნდა შემოწმდეს საიტი, რომელიც პირველი ავრცელებს რაღაც ინფორმაციას. ხშირად ის საერთოდ არ არსებობს, აქვს უცნაური დასახელება ან უბრალოდ მიმსგავსებულია რომელიმე სანდო მედიაორგანიზაციის სახელთან. ბრიტანული დაზვერვის უფროსზე რომ მოვიყვანე მაგალითი, იქ ვითომ The Guardian ავრცელებდა ამ ინფორმაციას, მაგრამ გადახვიდოდი იმ საიტზე და სახელი სწორად არ ეწერა; ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ინფორმაციის პირველწყარო დაეკავშირებინათ სანდო ბრიტანულ მედიასაშუალებასთან.

ინფორმაციას სანდოობას მატებს, თუ მას სულ მცირე ორი წყარო ავრცელებს, მაგრამ არსებობს უფრო მარტივი ტექნიკაც ინფორმაციის გადასამოწმებლად – სათაური თუ ძალიან სენსაციურად და საეჭვოდ ჟღერს, ჯობია, რომ უბრალოდ დაგუგლო და ნახო, რამდენად გავრცელდა ეს ინფორმაცია დასავლურ და სანდო მედიასაშუალებებში. ასევე, არსებობს გუგლის სპეციალური აპლიკაციები, სადაც შეგიძლია ატვირთო ფოტო და ნახო, რეალურად, როდის არის ის გამოქვეყნებული. საქართველოში როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქები სირიელ ბავშვებს შინაგან ორგანოებს უღებენ, ყიდიან და რაღაც საშინელებებს სჩადიან, ფოტოებისა და ვიდეოს გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი გადაღებულია ბანგლადეშში, ხოლო ნაწილზე მართლა სირიელი ბავშვები ჩანან ოპერაციების ჩატარების დროს, თუმცა ისინი რუსეთის ავიადარტყმების შედეგად დასახიჩრდნენ.

  • უკრაინაში დაბლოკილია ყველა რუსული ტელევიზია, მათ შორის, ანიმაციური ფილმებისა და საბავშვო არხები, რომლებიც ყირიმს უკრაინის ნაწილად არ მოიხსენიებენ. თქვენი აზრით, რამდენად სწორია პრობლემის გადაჭრა რუსული მედიასაშუალებების, სატელევიზიო არხების დაბლოკვით?

ძალიან რთული კითხვაა იმიტომ, რომ არ არის ადვილი ამ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა. ცხადია, ვიცით, რომ რუსული მედია არის პრობლემა. ისინი პირდაპირ აჟღერებენ კონსპირაციის თეორიებს და ცდილობენ, რომ მოსახლეობას შეაძულონ დასავლეთი. ასეთი რუსული არხები გადაიცემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებშიც. ბევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა აკრძალვით არ იქნება სწორი.

საინტერესო იქნება ისეთი კვლევის ნახვა, თუ რა მოხდა 2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აკრძალა რუსული მედიასაშუალებები: ნამდვილად შემცირდა თუ არა რუსული სამაუწყებლო კომპანიების მაყურებელთა რაოდენობა იმიტომ, რომ არის ინფორმაცია, თითქოს ისინი გადაერთნენ უკვე სატელიტურ მაუწყებლობაზე და მაინც შესაძლებელი იყო ამ არხების ყურება; თუ შემცირდა რუსული არხების მაყურებელთა რაოდენობა, შეიცვალა თუ არა რუსეთის მიმართ მათი განწყობები და ხომ არ ჩაანაცვლა რაიმე სხვამ. რეალური შანსია იმისა, რომ მართლაც შეუძლებელია ამის გაკონტროლება.

მეორეს მხრივ, მე პირადად მომხრე ვარ, რომ უბრალოდ მიდიოდეს ასეთი მედიასაშუალებების მუდმივი მონიტორინგი და მარეგულირებელი იქნება თუ ხელისუფლება, იყოს მზად განსაკუთრებულ კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც დაიძაბება სიტუაცია და არის სერიოზული შანსი, ინტერეთნიკური კონფლიქტი გააღვივოს რუსეთმა, იქ უცბად შეწყდეს ასეთი მაუწყებელს გაშუქება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისის დროს, ხოლო არაკრიზისულ პერიოდში, მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პირდაპირი აკრძალვა არ არის მიზანშეწონილი. ცხადია, ასეთი მიდგომებიც არსებობს, მაგალითად, უკრაინაში, მაგრამ რამდენად ეფექტიანია, ეს კიდევ საკითხავია.

საქართველოში ამ ბოლო დროს რამდენიმე ტელევიზია ხშირად უჩვენებს რუსულ სერიალებს და ბევრი ფიქრობს, რომ ესეც კულტურულ საფრთხეს შეიცავს. უფრო რთულადაა სიტუაცია უკრაინის შემთხვევაში, როდესაც რუსული ტელევიზიები ყირიმს აჩვენებენ რუსეთის ნაწილად. წარმოიდგინეთ, ჩვენთანაც რომ გავიდეს ისეთი პროდუქტი, სადაც საქართველო ნაჩვენები იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე… ცხადია, ეს ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს. ალბათ, ასეთი პროდუქტი არ უნდა გაუშვა. როცა ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან თემას ასე პირდაპირ აზიანებს, სავალდებულოა აკრძალვა; არსებობს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც დაახლოებით იმავეს ამბობს, რომ არ შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია. ჩვენს შემთხვევაშიც რომ ხდებოდეს ასე, საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, დაფიქრდებოდა.

  • მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ რუსულ პროპაგანდის წინაღმდეგ მუშაობს და ამისთვის გარკვეული თანხებიც იხარჯება. თქვენი დაკვირვებით, ამ კუთხით შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში რაიმე დადებითისკენ? რამდენად ეფექტიანია და სწორია მთავრობის ხედვა პროპაგანდისტულ ყალბ ინფორმაციასთან საბრძოლველად?

ერთი მხრივ, ხელისუფლება ნამდვილად აღიარებს პრობლემას, მაგრამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის ბოლომდე ადეკვატური ამ პრობლემის სიმწვავესთან. ერთი პრობლემაა ის, რომ თვითონ მთავრობის შიგნით არ არის თანხმობა და ერთნაირი მიდგომა, რომ რუსული პროპაგანდა არის პრობლემა იმიტომ, რომ ზოგიერთი დეპუტატი (ამის მტკიცებულებაა თუნდაც ის, რაც NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიას განუცხადეს, სადაც თქვეს, რომ ანტიდასავლურ პრობლემას ვერ ვხედავთ) პირდაპირ ამბობს ამას. მათ შორის მომისმენია მინისტრების განცხადებები, რომ მთავრობა წარმატებით უმკლავდება ამ პრობლემას. ანუ ეს საკითხი არ არის სათანადო დონეზე დაყენებული. ცხადია, პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ ეს არის პრობლემა და ყველა უწყება სერიოზულად უნდა მიუდგეს.

მეორეა ის, თუ კონკრეტულად რას აკეთებს მთავრობა და როგორ ებრძვის ანტიდასავლურ პროპაგანდას – აკეთებს იმას, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საშუალებით პერიოდულად ატარებენ კამპანიებს: ნატოს კვირეული, ევროკავშირის კვირეული და ა.შ. ჩადიან მოსახლეობასთან სოფლად და ამას რაღაც შედეგი აქვს, თუმცა ეს შედეგი არის მცირე. საჭიროა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება, უფრო მეტად ტელევიზიების, რადგან ცალკეული შეხვედრები არასაკმარისია. გარდა ამისა, უშუალოდ დეზინფორმაციის გაქარწყლება არ ხდება ოფიციალურ დონეზე.

ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს მთავრობის გამოყოფილი სპიკერი, რომელიც გამოდის და ამბობს: ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის დეზინფორმაცია. შეიძლება ასეთი საიტი დაბლოკონ. ძალიან მკაფიო და ოპერატიული რეაგირება მოჰყვება ხოლმე ამას. არსებობს ასევე უწყებები, იმავე ფინეთში, ჩეხეთში და ძალიან ბერ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზი; სახელმწიფო და დამოუკიდებელი ექსპერტები ერთად სხედან, მუშაობენ ინფორმაციის ანალიზზე, ბოლომდე მიყვებიან და აკვირდებიან სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავლენას და თუ სერიოზუილი საფრთხეა, იმაზე რეაგირებენ კიდევაც. ჩვენთან ასეთი სახელმწიფო უწყება არ არსებობს… ყოველ შემთხვევაში, ის უწყება, რომელიც ამბობს, რომ ის კოორდინაციას უკეთებს სტრატეგიულ კომუნიკაციას. სინამდვილეში, ასეთ რამეს აკეთებენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომაც არის პრობლემა ის, რაც არის.

  • ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, ნება არ არსებობს თუ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე?

ვფიქრობ, ნება აქვთ, მაგრამ მთავრობა არის თვითკმაყოფილების პოზიციაში და მიაჩნია, რომ რაკიღა ევროკავშირსა და ნატოს წევრობაზე მხარდაჭერა საკმაოდ მაღალია, რუსული პროპაგანდა შედეგს ვერ იღებს. მაგრამ სინამდვილეში, იგივე კვლევები აჩვენებს, რომ თემები, რომლებსაც პროპაგანდა წამოწევს ხოლმე, ბევრ მათგანს მოსახლეობა იჯერებს. მაღალი მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივი იქნება. ეს შეიძლება რამდენიმე წელიწადში შესუსტდეს, მით უმეტეს, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვა ძალიან ნიჭიერი და მოხერხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც კარგად გამოიყენებს ამ სკეპტიკურ განწყობებს; ეფექტური კამპანიის პირობებში, მას შეეძლება მკვეთრად შეამციროს პროდასავლური განწყობები.

ნების პრობლემა არ არის, მაგრამ არის დილემის პრობლემა: ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, რომ ძალიან გამაღიზიანებელი რიტორიკა არ ჰქონდეს რუსეთის მიმართ, არ გადადგას ხისტი ნაბიჯები, ხოლო, მეორე მხრივ, პროპაგანდასთან ბრძოლა სურს.

ქვეყანაში აშკარად არიან რუსული ძალის გამტარებელი აქტორები, პოლიტიკოსები, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და სააგენტოები. პირდაპირ ჩანს, რომ პირდაპირ ჩამოაქვთ ფული და აფინანსებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას და თუ ამის წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგა საქართველოს კონტრდაზვერვამ, პრობლემა ყოველთვის იქნება და იმუშავებს. ამიტომ ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს და ამ საგარეო პოლიტიკის პირობებში შეძლოს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.

ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მრჩეველი სახალხო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულებების საკითხებში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი

ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მრჩეველი სახალხო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულებების საკითხებში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.