კომენტარი

გაუმკლავდება თუ არა მაკრონი?

28 ივნისი, 2017 • 2993
გაუმკლავდება თუ არა მაკრონი?

ავტორი: დენი როდრიკი

ემანუელ მაკრონის გამარჯვება და მარი ლე პენის დამარცხება ის კარგი ახალი ამბავი იყო, რომლის გაგებაც იმ ადამიანებს გვჭირდებოდა, ვინც ღია, ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებულ საზოგადოებას ვუჭერთ მხარს და არა ნაციონალისტურსა და ქსენოფობიურს. თუმცა რადიკალ მემარჯვენე პოპულიზმთან ბრძოლა შორსაა რეალური გამარჯვებისგან.

იმის მიუხედავად, რომ ლე პენს საკუთარი პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ გარდა მხოლოდ ერთი, ნიკოლას დუპონ ენიანის მცირე პარტია – „აღსდექ საფრანგეთო“ უჭერდა მხარს, მან საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში ხმების მესამედი მიიღო. წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა მკვეთრად შემცირდა, რაც უკმაყოფილო ამომრჩევლის დიდ რაოდენობაზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაში, თუ მაკრონის პრეზიდენტობის 5 წელიწადი წარუმატებელი იქნება, ლე პენი დაბრუნდება, რომ შური იძიოს და ნაციონალისტები და პოპულისტები უფრო გაძლიერდებიან ევროპაში და მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ანტიისტებლიშმენტის პოლიტიკის ეპოქაში მაკრონს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, დაეხმარა ის ფაქტი, რომ იგი ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისგან შორს იდგა, მაგრამ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს მოცემულობა დიდი ნაკლია. მის მიერ დაფუძნებული მოძრაობა – En Marche! მხოლოდ ერთი წლისაა, მაკრონს კი პრაქტიკულად ნულიდან მოუწევს საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება ეროვნული ასამბლეის არჩევნების შემდეგ, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს.

მაკრონის ეკონომიკური იდეები იოლად აღსაწერი არ არის. საპრეზიდენტო კამპანიის დროს მას ხშირად კონკრეტიკის ნაკლებობაში სდებდნენ ბრალს. მემარცხენეებისა და რადიკალი მემარჯვენეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ იგი ნეოლიბერალია, რომელსაც ცოტა რამ განასხვავებს მეინსტრიმული პოლიტიკისგან, რაც სახელმწიფო ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ამ პოლიტიკამ ევროპაში არ გაამართლა და სწორედ ამ მიდგომამ მიგვიყვანა ამჟამინდელ პოლიტიკურ ჩიხამდე. ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი, რომელიც მხარს სოციალისტ კანდიდატს, ბენიტ ჰემონს უჭერდა, მაკრონის შესახებ ამბობს, რომ იგი „გუშინდელ ევროპას“ წარმოადგენს.

მაკრონის ძალიან ბევრ ეკონომიკურ გეგმას ნამდვილად ასდის ნეოლიბერალური სურნელი. მან პირობა დადო, რომ საშემოსავლო გადასახადებს 33.5%-დან 25%-მდე შეამცირებს. მაკრონი საჯარო სექტორში 120 000 სამუშაო ადგილის შემცირებასაც გეგმავს, ასევე, აპირებს შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტის ევროკავშირის მიერ დაწესებული ლიმიტი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია და შრომითი ბაზრის მოქნილობას გვპირდება, რაც პოპულარულ ენაზე ნიშნავს, რომ კორპორაციებს დაქირავებული ადამიანების გათავისუფლება გაუადვილდებათ. ამის პარალელურად მაკრონი გვპირდება, რომ საპენსიო შეღავათებს შეინარჩუნებს. მისთვის სასურველი სოციალური პასუხისმგებლობის მოდელი, როგორც ჩანს, სკანდინავიურ მოდელს გულისხმობს – ეკონომიკური დაცვის/უსაფრთხოების მაღალი დონე ბაზრის სტიმულირებასთან ერთად.

ემანუელ მაკრონი

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ვერაფერს შეცვლის, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მაკრონის მთავარ გამოწვევას, შექმნას სამუშაო ადგილები, რაც განსაზღვრავს მისი პრეზიდენტობის შეფასებას. როგორც მარტინ სანდბიუ ამბობს, ფრანგი ამომრჩევლების მთავარი შეშფოთების საგანი დასაქმებაა და სწორედ ეს საკითხი უნდა იყოს ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი. ევროზონის კრიზისის შემდეგ უმუშევრობის დონე საფრანგეთში კვლავ მაღალია – 10%. ხოლო 25 წლამდე ასაკის ადამიანების უმუშევრობის მაჩვენებელი თითქმის 25%-ია. პრაქტიკულად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შრომითი ბაზრის ლიბერალიზაცია დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის, თუკი საფრანგეთის ეკონომიკის მთლიან მოთხოვნას მნიშვნელოვანი ბიძგი არ მიეცემა.

აქ შემოდის მაკრონის ეკონომიკური პროგრამის სხვა კომპონენტი. ის გვთავაზობს ხუთწლიან, 50 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმას, რომელიც ინფრასტრუქტურულ და მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციებს მოიცავს. ეს თანხა ასევე მოხმარდება უმუშევართა პროფესიულ გადამზადებას. თუმცა ეს თანხა ოდნავ აჭარბებს საფრანგეთის ყოველწლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, ამიტომ სტიმულირების ეს გეგმა თავისთავად ვერაფერს გააკეთებს დასაქმების გასაზრდელად.

მაკრონის უფრო ამბიციური იდეაა დიდი ნახტომის გაკეთება ევროზონის ფისკალური გაერთიანების მიმართულებით, რომელიც საერთო სიმდიდრეს და მხოლოდ ერთ ფინანსთა მინისტრს გულისხმობს. მისი აზრით, ეს მუდმივად ფისკალური (საბიუჯეტო) ტრანსფერების შესაძლებლობას გააჩენს ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნებიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროზონის საერთო მონეტარული პოლიტიკით დაზარალდნენ, ევროზონის ბიუჯეტი კი შესაძლებელი იქნება წევრი ქვეყნების საგადასახადო შემოსავლებით დაფინანსდეს. ამ საკითხზე პოლიტიკურ ზედამხედველობას ევროზონის პარლამენტი განახორციელებს. ასეთი ფისკალური (საბიუჯეტო) გაერთიანება საფრანგეთის მსგავს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაზარდონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯები და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან იმგვარად, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო წესები არ დაარღვიონ.

ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციის შედეგად გამყარებული ფისკალური კავშირი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მაკრონის პროევროპული ინიციატივები არ არის მხოლოდ პოლიტიკის ან პრინციპის საგანი, ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროგრამის წარმატებისთვის. დიდი ფისკალური მოქნილობისა და ევროზონიდან ტრანსფერების შესაძლებლობის გარეშე ნაკლებ სავარაუდოა, რომ საფრანგეთი დასაქმების პრობლემას იოლად გაუმკლავდება. მაკრონის პრეზიდენტობის წარმატება საერთო ევროპულ თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული.

აქ აუცილებელია ვახსენოთ გერმანია, ანგელა მერკელის პირველი რეაქცია არჩევნების შემდეგ არ იყო იმედის მომცემი. მან მაკრონს გამარჯვება მიულოცა და იგი, როგორც „ფრანგი ხალხის იმედების მატარებელი“, მოიხსენია, მაგრამ მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ის არ აპირებს ევროზინის ფისკალური (საბიუჯეტო) კანონების გადახედვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერკელი ამ საკითხისადმი უფრო მეტ მზაობას გამოიჩენს, პრობლემად რჩება გერმანელი ელექტორატი. გერმანელი პოლიტიკოსები ევროზონის კრიზისს უყურებენ არა როგორც ურთიერთკავშირის პრობლემას, არამედ მისი წარმოჩენა მორალურ დისკურსში ხდება, სადაც მომჭირნე, ბეჯითი გერმანელები ამხედრებულნი არიან მფლანგველი, ორპირი დებიტორების წინააღმდეგ. გერმანელ პოლიტიკოსებს გაუჭირდებათ მათი დათანხმება საერთო ბიუჯეტის არსებობაზე ევროზონაში.

გერმანიის რეაქციის მოლოდინში მაკრონმა საჯაროდ შემდეგი განაცხადა: „თქვენ ვერ იტყვით, რომ ძლიერი ევროპისა და გლობალიზაციის მხარდამჭერი ხართ და, ამავდროულად, ტრანსფერების კავშირის შექმნას არ დათანხმდებით“. მას სჯერა, რომ ეს დეზინტეგრაციისა და რეაქციული პოლიტიკის ნიმუში/რეცეპტია.

„ტრანსფერების გარეშე თქვენ პერიფერიას შემოერთების საშუალებას არ აძლევთ და პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას ქმნით ექსტრემიზმის სასარგებლოდ“, – ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ევროპის პერიფერიას არ განეკუთვნება, მაკრონის მესიჯი გერმანელებისთვის ნათელია – ან დამეხმარებით და ერთად შევქმნით ნამდვილ ერთობას, როგორც ეკონომიკურს, ისე ფისკალურს და საბოლოოდ პოლიტიკურს, ან ყველანი ექსტრემიზმის წინაშე აღმოვჩნდებით. მაკრონი თითქმის მართალია. საფრანგეთის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს გულისათვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მაკრონის გამარჯვებას გერმანელი ხალხის გულის ცვლილებაც მოჰყვება.

სტატია ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა ვებგვერდზე – Project Syndicate

 

მთავარ ფოტოზე: ემანუელ მაკრონი. ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/CAROLINE BLUMBERG

მასალების გადაბეჭდვის წესი