გიორგი კიკონიშვილი 10 ივნისის აქციაზე, ფოტო: გიორგი გოგია/რადიო თავისუფლება

გასაზოგადოება

10 ივნისის აქციის [თვით]ორგანიზება მოხდა რეკორდულად მცირე დროში. 24 საათზე ნაკლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ 8 000-ზე მეტი ადამიანი გამოვსულიყავით უდანაშაულო მოქალაქეების, ანუ საკუთარი უფლებების დასაცავად. დაგენაძლევებით, რომ დღეს ამას ვერ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ვერც ქართული ოცნება, ვერც ოპოზიცია და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ეკლესია 24 საათზე ნაკლებ დროში ამდენ ადამიანს ვერ შეკრებს და რომც შეკრიბოს, ცხადია, ეს არ იქნება აქცია, რომელიც ცდება პარტიულ/ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს და მთლიანად ეძღვნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ანუ,  მაინც ვერ იქნება სახალხო, საზოგადოებრივი. ფორმასთან და რაოდენობასთან ერთად. არ დაგვავიწყდეს, რომ შინაარსი ყოველთვის მნიშვნელოვანია. (და მაინც, ვიმეორებ, უბრალოდ ვერც შეკრებენ).

გიორგი კიკონიშვილი 10 ივნისის აქციაზე

გიორგი კიკონიშვილი 10 ივნისის აქციაზე, ფოტო:გიორგი გოგუა/რადიო თავისუფლება

10 ივნისის აქციაზე ცხადად გამოჩნდა, რომ უნდათ თუ არა, მოსწონთ თუ არა ეს ანგაჟირებულ პოლიტიკურ ძალებს, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლება სწორ, თავისუფალ ღირებულებებზე მდგომ თვითორგანიზებულ საზოგადოებას გვაქვს, ადამიანებს, რომლებიც, ძვირფასო პოლიტიკოსებო და ძვირფასო ხელისუფლებავ, აღარავის გენდობით, ერთმანეთის გარდა. თქვენი ცოდვილობის შემყურემ, თავად ვაქციეთ საკუთარი თავი პოლიტიკურ სუბიექტად (მადლობა ამის თქვენდაუნებური წახალისებისთვის) და თავად დავიწყეთ პოლიტიკის კეთება. უკვე არა ცოტამ, არამედ ათასობით ადამიანმა.

ცხადია, ეს გულს გიჩქარებთ, ცრემლი და ბოღმა ერთად გდით, როცა ხედავთ, ქვეყნის სათავეში მდგომი ამჟამინდელი ან ყოფილი მმართველები როგორ აღმოჩნდით ქვეყნის ბოლოში, თქვენი რეტროგრადული ჩანჩალითა და თქვენი გულისამრევი, მოსაწყენი, ჟღვინტლის მომგვრელი “გაუმარ -ჯოს-ჯოს”-ებით. აქედან გამომდინარე, ლოგიკურზე ლოგიკურია, კარგის ნიშანიც კია, რომ 10 ივნისის აქციის უკან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მასთან აფილირებულმა ტიპებმა შეთქმულების თეორიების შეთხზვა, აქციის “უკან მდგომი” ძალების პარანოიდული ქექვა დაიწყეთ.

სინამდვილეში, ვინმე კონკრეტულს კი არ ეძებთ, არამედ ნებისმიერს, ვინც პარტიულ ძალას წარმოადგენს. ნებისმიერს სიხარულით მიაწერდით ამ ძალაუფლებას, თვითორგანიზებული, პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩამგდები საზოგადოების გარდა. ოცნებობთ, ოღონდ ვინმე იდგეს ამ ყველაფრის უკან, საკუთარი ან თუნდაც კონკურენტი პარტიის წარმომადგენელი, ყველა – შეგნებული, თავისუფალი, არამოძალადე საზოგადოების გარდა, რადგან სწორედ იქ, სადაც თვითორგანიზებული საზოგადოება პოლიტიკურ ძალას იძენს, პოლიტიკოსების მიერ ძალაუფლებაზე მონოპოლია სრულდება და იწყება დაახლოებით ის, რასაც თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას ვუწოდებთ ხოლმე (თავისი პლუსებით და მინუსებით, ცხადია).

ყველა პოლიტიკოსი სწორედ იქ უშვებს მთავარ შეცდომას, სადაც რეალობის აღქმას კარგავს და ცდილობს საკუთარი რეალობა შექმნას საკუთარ ფანტაზიებში. ვწუხვარ, მესმის თქვენი წუხილისა და პარანოიის მიზეზები, მაგრამ რას ვიზამთ? ვერ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას – საზოგადოებად ქცევას. ახლა მთავარია, ეს “გასაზოგადოება” ერთჯერადი, ფრაგმენტული აქტი არ იყოს და ჩვენი ქვეყნის ახალ, ინტენსიურ პოლიტიკურ ტრადიციად იქცეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი კიკონიშვილი არის ნეტგაზეთის საავტორო სვეტის ავტორი 2014 წლიდან. მის მიერ სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას