კომენტარი

კარგია ფორთოხალი

6 თებერვალი, 2013 • 1732
კარგია ფორთოხალი

1.


ბავშვობაში ექიმობა მინდოდა. ახლა ვხვდები, რომ ვერ შევძლებდი, რადგან თითოეული პაციენტის მდგომარეობას იმდენად ახლოს მივიტანდი გულთან – თვითონ სამკურნალო გავხდებოდი.


პალატაში, სადაც მამაჩემი დააწვინეს, ორი ადამიანი იწვა. ერთ-ერთ საწოლთან შავებში ჩაცმული ქალი იჯდა, თეთრი, თხელი თმით. თავი საწოლზე ჩამოედო. თავიდან მეგონა პაციენტის ცოლი იყო. შემდეგ ქალის სიტყვებიდან მივხვდი, რომ დედაა – ისინი უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, როცა განსხვავება იშლება და ვერ ხვდები, რომელია შვილი და რომელი მშობელი. გაგაოცებდა ის სიმშვიდე, რითაც ქალი გულისმომკვლელ სიტყვებს ამბობდა: “რამ ჩაგიგდო შვილო ხმა, ფეხი და ხელი არ გეყოფოდა?” ინსტულტი მოსვლია კაცს – უმწეო ჟესტებით ცდილობდა სათქმელის გადმოცემას.


პალატაში ერთი ახალგაზრდა ექიმი შემოვიდა. გაირკვა, რომ ეს პაციენტი იმ რაიონში უნდა გადაეყვანათ, საიდანაც იყო წარმოშობით. სახელმწიფო დაზღვევამ თბილისის საავადმყოფოში ოთხი დღის მეტი არ დაუფარა. “ყველაფერი კარგად იქნება” – ამშვიდებდნენ ექიმები, თუმცა ამის თვითონ არ სჯეროდათ. “მეტი არ არის ჩემი მტერი, შვილო” – პასუხობდა დედა. “სასწაულებიც ხდება, ქალბატონო”, – ეუბნეობდნენ რეანიმობილის მხნე ექიმები – “იქაც საავადმყოფოში იქნებით.” “კარგი რომ ყოფილიყო, აქ არ წამოვიყვანდიო,” – ჩუმად თავისთვის ამბობდა ქალი. “მიგდებთო შვილს და კიდევ უნდა დავწერო, რომ ჩემი ნებით მივდივარო”. მაგრამ თუ არ დაწერდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა საერთოდ გარეთ დარჩენილიყო.


კაცი ძლივს გადააწვინეს საკაცეზე. დედამისმა ორი კუბოკრული, დაგლეჯილი ჩანთა გამოაჩოჩა და ოთახიდან გავიდნენ. საწოლი ცარიელი დარჩა, ეს სულ სხვა სიცარიელე იყო, გაცილებით ღრმა და განუმეორებელი. სანიტარმა დალაგება დაიწყო. “ეჰ, კარგი რომ იყოს ეს სახელმწიფო დაზღვევა… რა არის ოთხი დღე.”


“რაც არ უნდა გაუკეთო ხალხს, მაინც არ იქნება კმაყოფილი” – თქვა პალატაში ვიღაცამ. “ეგ კიდევ არ იყო საერთოდ არაფრის ღირსი. ნარკომანი ყოფილა. ცოლი და შვილი რუსეთში ჰყოლია და ალბათ გამოაგდეს იქიდან. ვის უნდა უსაქმური და ნარკომანი. ეს ქართველი ქალები თუ ავიტანთ უსაქმურ კაცს”. ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი, საიდან გაჩნდა ასეთი სასტიკი კომენტარი. ვუყურებდი დერეფანში გაგორებულ საკაცეს, რომელსაც ძლივს ეწეოდა ჭაღარა, შავებში ჩაცმული ქალი: “არ შეგეშინდეს შვილო გზის.”


ხალხი კმაყოფილი იქნება თუ მათ სიკვდილის პირისპირ არ დავტოვებთ. ძალიან მარტივ და ბანალურ რამეს ვამბობ. და მგონია, რომ ეს სრულიად შესაძლებელია, თუნდაც ბოლო წლებში ბიუჯეტიდან ღონისძიებებში გამოყოფილ უზარმაზარ თანხებს თუ გადავხედავთ (კონცერტებისთვის, გასტროლებისთვის, ძეგლებისთვის), მილიონობით ლარი სოციალურად დაუცველთა დახმარების ნაცვლად სრულიად უაზროდ დაიხარჯა. რატომ არ არის იგივე ძალიან მარტივი და ბანალური საქართველოს ახლადგამომცხვარი სახელმწიფოს ჩინოვნიკებისთვის?


2


სანაპიროზე, ელიავას ხიდთან წლებია უკვე მუშები დგანან. ხელები ზურგზე შემოუწყვიათ, წინ ბურღები დაურჭვიათ. დგანან და ელიან. უსაზღვროა მათი მოლოდინი. ყოველ გაჩერებულ მანქანას, პოტენციურ დამკვეთს, ისე ესევიან, როგორც გოჭები დედა ღორის ძუძუს – თუმცა შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ მათ ვერაფერი გააკეთონ. როგორ ელოდებიან ისინი ავტობუსს, აი, ერთ-ერთი ბანკის სარეკლამო პროცესიის დროს, გოგნი-გოგნი-გოგონას სიმღერით რომ დაუყვებოდა ქალაქის ქუჩებს, აი, ისეთ ავტობუსს ელოდებიან, რომ გაჩერდება მათთან და წაიყვანთ იქ, სადაც ყოველდღიური სამსახური, ხელფასი ექნებათ, ანუ სულ მცირე გარანტია იმისა, რომ შიმშილით არ დაიხოცებიან.


3


“ტელევიზია პოპულისტური უკმაყოფილების გამოხატვის მოსახერხებელი საშუალებაა. პროფესიონალი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი უსმენენ ხალხს და სატელევიზიო სტუდიებში შემოსული ზარებისა და რეიტინგების მიხედვით განსაზღვრავენ, რა თემებზე ისაუბრონ. მოქალაქეებს საკუთარ შიშებსა და მიკერძოებებს ტელევიზიებითვე მიუბრუნებენ და ნამდვილი ლიდერობისა და ინიციატივის ტვირთისგან თავს ასე ითავისუფლებენ,”  – ტონი ჯატი: “უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას”


საქართველოს პრეზიდენტის ბოლო წლების გამოსვლების დიდი ნაწილი სწორედ სიღარიბეს და ამ სიღარიბის დაძლევის დაუოკებელ სურვილს ეხებოდა.


ნახეთ, მე ვიცი, რაც გაწუხებთ, რა მდგომარეობაში ხართ, იმეორებდა პრეზიდენტი. ვიცი, რომ გიჭირთ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნორმალური ცხოვრების პირობები არ გააჩნია – ეს იმას ჰგავდა, ექიმმა დიაგნოზი დაგისვათ, შემდეგ რეცეპტის ნაცვლად დაგიწეროთ, რომ მან იცის, თქვენ რაც გაწუხებთ და უნდა გამოგიწეროთ წამლები  და გამოწერს კიდეც და მეტი არაფერი. ტკივილებით დატანჯული კარს გამოიხურავთ და სხვა ექიმთან წახვალთ. შემდეგ უნდა დაელოდოთ, რა დანიშნულებას მოგცემთ ახალი ექიმი, გიშველით კი ეს წამლები და საერთოდ მოახერხებთ თუ არა მის ყიდვას. მოკლედ გრძელი და მტანჯველი პროცესია.


ამ მომენტში ათონელზე მინგრეული სკოლის შენობაში 35 ოჯახია შესული. რამდენიმე დღე გავიდა და არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ამ ამბავს. “ლაბორატორია” (სტუდენტური თვითორგანიზებული ჯგუფი) და სხვა ადამიანებიც უკვე ორი კვირაა ცდილობენ ყურადღება მოუპოვონ ამ ადამიანების პრობლემებს, იმათი ყურადღება, ვისაც ეს ეხება, ვისაც შეუძლია ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მეტი გააკეთოს. მაგრამ, როგორც სჩანს, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მეტის გაკეთება არავის შეუძლია. სამაგალითოა ის სოლიდარობა, რასაც ეს სტუდენტები ამ უსახლკარო ადამიანების მიმართ იჩენენ.


4


თვალწინ მიდგას ქალი, რომელიც ბაზარში, ფორთოხლით სავსე ყუთთან იდგა, ფორთოხალს ხელს უსვამდა, ეფერებოდა და ამბობდა: კარგია ფორთოხალი, კარგია. როცა მეც საყიდლად მივადექი, ჩვეულებრივი მყიდველი მეგონა. შემდეგ მივხვდი, რომ მას უბრალოდ არ ჰქონდა ფული. ერთი კილოგრამი სულ რაღაც ერთი ლარი ღირდა. როგორ მინდოდა მეყიდა მისთვის ეს ფორთოხალი, ამ ხეიბარი, თბილად მომღიმარი ქალისთვის, რომელსაც ალბათ ბუნდოვნად ახსოვდა ფორთოხლის გემო, მაგრამ გვიანღა იყო, ის უკვე ხალხის ნაკადში ჩაკარგულიყო.


“კარგია ფორთოხალი, კარგია”.

 
ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ:

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი