ზურაბ ჭიაბერაშვილი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეს

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საყოვეთაო ჯანდაცვის პრიგრამის დიფერენცირებასთან ერთად აუცილებელია, პროგრამის ადმინისტრირება კერძო სადაზღევო კომპანიებს გადაეცეს.

16 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედება დაანონსა. შეიქმნება სამი კატეგორია 1. მიზნობრივი ჯგუფები, 2. მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები და 3. დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები. ეს ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვით განსხვავებულად ისარგებლებენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდნენ, რომ პროგრამა ყოფილიყო მიზნობრივი და ის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად კერძო სადაზღვევო კომპანიებს ემართა.

“ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის ორი – მიზნობრიობა და მართვაში სადაზღვევო კომპანიების დაბრუნება,”- ამბობს ჭიაბერაშვილი.

იგი ამბობს, რომ თუკი კერძო კომპანიები განახორციელებენ ადმინისტრირებას, ეს გააიაფებს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, ასევე კერძო პაკეტებს.

“მიზნობრიობას, რასაც ოთხი წელიწადია ვეუბნებით, კეთდება. მაგრამ მეორე ნახევარი არ კეთდება. მეორე ნახევარი, რასაც სერგეენკო ძალიან უძალიანდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ აკაკი ზოიძე და სხვები მას ამ აზრამდეც მიიყვანენ, არის ის, რომ ამ პროგრამების ადმინისტრირება მოახდინოს სადაზღვევო კომპანიამ. 2013 წლამდე, ვიდრე საყოველთაო შემოვიდოდა, პენსიონრები, პედაგოგები და ყველა, ვინც კი იყო დაზღვეული, მათ ადმინისტრირებას ახდენდნენ სადაღვევო კომპანიები. სახელმწიფო, მაგალითად, სოციალურად დაუცველისთვის სადაზღვევო კომანიიდან ყიდულობდა ძალაინ კარგ მომსახურების პაკეტს, რომელიც, საყოველთაოს პირობებში გაუუარესდა სოციალურად დაუცველებს, ყიდულობდა 11-12 ლარად. კითხვა ისმის, რატომ ღირდა ასე იაფი? ეკონომიკაში ამას ჰქვია მასშტაბის ეკონომია, როდესაც სადაზღვევო კომპანიას დიდი მოცვა აქვს, მას ერთ დაზღვეულის თვითღირებულება უკვე აქვს დაბალი და შეუძლია, პაკეტის ფასი იყოს დაბალი,”- ამბობს ჭიაბერაშვილი. 

ჭიაბერაშვილი ასევე ამბობს, რომ სამინისტროს მიერ 16 მარტს გასაჯაროვებულ დიფერენცირებულ კატეგორიებში შეიმნება “ქაოსი” დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეების ჯგუფში. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ სამინისტრო იძულებული გახდება, საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირება კვლავ კერძო კომპანიებს გადასცეს.

“საჭიროებას ძალიან კარგად ხედავენ, უბრალოდ, უჭირთ საკუთარი შეცდომის აღიარება, ამას იძულებულს გახდის ფინანსები და შუაში, გაურკვეველი შემოსავლის მქონე ადამიანებში იმხელა ქაოსი წარმოიშვება და იმხელა პოლიტიკურ დარტყმას მიიღებენ, და ადმინისტრირებაში იმხელა პრობლემა ექნებათ, რომ იძულებული გახდებიან, დაუბრუნდნენ პირვანდელ სისტემას, როგორც ახლა იძულებულები გახდნენ, დაინახეს, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით სწორი იყო და დაუბრუნდნენ მიზნობრიობას.

ზურაბ ჭაბერაშილი ასევევ ამბობს, რომ 2013 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკამ კერძო სადაზღვევო კომპანიებს ხარჯები გაუზარდა. იგი ელოდება, რომ კერძო დაზღვევას გააძვირებს მიმდინარე ცვლილებებიც, რადგანაც, აქამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები “ირიბად იყენებდნენ საყოველთაო ჯანდაცვის ფულს, ამას კი ახლა სერგეენკო კეტავს”.

“მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც პროფესორს, რა პაკეტიც მქონდა, იგივე მაქვს, ოღონდ, 2013-ში ეს ღირდა 22 ლარი და დღეს ღირს 51 ლარი,”- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, კერძო დაზღვევის პაკეტის სიააფე განპირობებული იყო იმით, რომ კერძო დაზღვევას, ვინაიდან მოცვა გაეზარდა, თვითღირებულება შეუმცირდა არა მარტო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაზღვევაზე, არამედ კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონეებისთვისაც.

ავტორი