კომენტარი

ქართველი ხალხი ირჩევს მიტ რომნის

5 ნოემბერი, 2012 • 1531
ქართველი ხალხი ირჩევს მიტ რომნის

მართალია, საქართველო აშშ-ის შემადგენლობაში არ შედის და ვერც ვერასდროს მოახდენს ზეგავლენას იქ მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე, მაგრამ საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, თუ რომელი კანდიდატის მიმართ არის სიმპათიით განწყობილი ქართული საზოგადოების უმრავლესობა. მით უმეტეს, ამგვარი გამოკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებშიც ტარდება. 

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში წელს რაიმე სახის გამოკითხვა არ ჩატარებულა, განსხვავებით 2008 წლისა, როდესაც პროცენტული მაჩვენებლით საქართველო  ლიდერი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხარს მაკკეინის კანდიდატურას უჭერდნენ. მიზეზიც გასაგებია, 4 წლის წინ აგვისტოს ომის შედეგად დამარცხებული ქვეყანის მოსახლეობა მხარს იმ კანდიდატს უჭერდა, რომელიც რუსეთისადმი მკაცრი რიტორიკით გამოირჩეოდა და ომის პერიოდში ამერიკელებს მიმართა სიტყვით „დღეს ჩვენ ყველანი ქარველები ვართ“. 

 

გასაგებია ისიც, თუ რატომ გადაზარდა ეს პროცესი ეროვნულ ფსიქოზში „ნაციონალთა“ გუნდმა. უბრალოდ კომიკურ სიტუაციას ქმნიდა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება პროპაგანდის საშუალებებით ისე ცდილობდა მაკკეინის გაპიარებას, თითქოსდა ქართველთა ხმებს მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა ამერიკულ არჩევნებში. ფსიქოზი იმდენად საოცარ მასშტაბებს მიწვდა, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა  საკუთარი ავტომობილის სანომრე ნიშნად მაკკეინის ინიციალებიც კი დააყენა. წელს კი ქართველთა ინტერესი ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მინიმალურია. ეს გარკვეულწილად იმის შედეგიც არის, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიმწვავემ გადაფარა უცხოეთის თემატიკა.

 

და მაინც, საინტერესოა ვის უჭერს მხარს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც  ჩვენი არჩევნების შემდეგ ჯერ კიდევ შემორჩა ინტერესი და ენერგია აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას თვალყური ადევნოს. მართალია, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ჩემ გარშემო მიტ რომნის მხარდამჭერი ვერავინ ვიპოვე, თითქოს ყველას ობამა მოსწონს, მაგრამ მისი მხარდაჭერა ხშირად ზედაპირულია. საქართველო რომ აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობდეს და წინასაარჩევნო კამპანიის მესიჯებს იღებდეს, ჩვენთან სწორედ რესპუბლიკელთა კანდიდატი გაიმარჯვებდა.

 

ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას რამდენიმე ფაქტორი მაძლევს. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელების ძირითად დასაყრდენს ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრები კონსერვატიულად განწყობილი და რელიგიური მოსახლეობა წარმოადგენს. შესაბამისად, რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური და კონსერვატიული ღირებულებების დამცავ რიტორიკას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უჭირავს. საქართველოში კი, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში ეკლესია და ტრადიციები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკელთა რიტორიკა მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი მასის მობილიზებას შეძლებდა.

 

მეორე საკითხია უმცირესობები, რომელთა უფლებათა დაცვაც ძირითადად დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ალბათ, იოლი წარმოსადგენია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელიც, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერად გამოცხადდება. გარდა ამისა, განსხვავებული რასის წარმომადგენელი პოლიტიკური ლიდერიც კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა ქართველი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილისთვის. 

 

ბრძოლის ის მეთოდები, რასაც ობამას წინააღმდეგ იყენებენ მისი ოპონენტები, საკმაოდ ეფექტური იქნებოდა ქართველი ამომრჩევლის ნაწილის გასაბრიყვებლად. რელიგიური ფუნდამენტალისტების არგუმენტი, რომ ბარაკ ობამა ცხოვრების გარკვეული პერიოდი მუსლიმურ აღმსარებლობაზე გადავიდა, ქართველ ამომრჩეველს ისევე აღაშფოთებდა, როგორც, მაგალითად, ქართველებისთვის კარგად ცნობილი დონალდ ტრამპის ბინძური კამპანია იმის შესახებ, თითქოს ობამა აშშ-ში არ დაბადებულა.

 

ასევე, ობამას საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა მისი გადატვირთვის პოლიტიკა და კონსტრუქციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაღვივებული რუსოფობია კიდევ დიდხანს გაყვება ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ამ სარკასტულ სტატიაში ითამაშებს გადამწყვეტ როლს ობამას დამარცხებაში, არამედ რეალურ ქართულ პოლიტიკაშიც მძლავრ იარაღად დარჩება ანტირუსული რიტორიკის მქონე პოლიტიკური ჯგუფების ხელში და სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის რუსეთის მიმართ კონსტრუქციულად განწყობილ ძალებს.

 

სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების აუცილებლობა, რომელთაც ობამას პროგრამაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირას, განსაკუთრებით პოპულარულს ხდის მას ევროპის მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, დანიელთა 96% სწორედ ობამას უჭერს მხარს. თუმცა დანიაში სწორედ ის ფაქტორი გახლავთ ობამას პოპულარობის მიზეზი, რაც ამერიკაში მის წინააღმდეგ გამოიყენება ხოლმე ოპონენტების მიერ. საუბარია მის მემარცხენეობაზე. ქართულ საზოგადოებაში კი, ამერიკულის მსგავსად, მემარცხენეობა მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირთან ასოცირდება და უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი