კომენტარი

ეპისკოპოსი და მე

1 ნოემბერი, 2012 • 2443
ეპისკოპოსი და მე

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, დილით, დაახლოებით ათ საათზე ხიჭაურის უნივერსიტეტში მივედი. წინა დღით გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მინდოდა, რომლის თანახმადაც მეუფე სპირიდონის რეზიდენციას ქვები დაუშინეს. აი, რას წერდა ამის შესახებ ეპისკოპოსი თავის ფეისბუქ გვერდზე:

  

„წუხელ, ღამის 2 საათზე, სხალთის ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის რეზიდენციას შუახევის რაიონში, ხიჭაურში, ქვები დაუშინეს. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა მას შემდეგ და იმავე ღამეს, რაც მეუფე სპირიდონი აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაესწრო თავჯდომარის არჩევნებს და მიულოცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ავთანდილ ბერიძეს, არჩილ ხაბაძეს და მურმან დუმბაძეს და ყველას. წუხელვე გამოძახებულ იქნა პოლიცია“. 

  

უნივერსიტეტის ეზოში, შესასვლელ კართან დაცვამ შემაჩერა და საათნახევრის განმავლობაში სწორედ იქ ველოდი მეუფე სპირიდონთან შეხვედრას. უშედეგო ლოდინის შემდეგ კორპუსებს შორის შავი ჯიპი გამოვიდა და უნივერსიტეტის ეზოში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 100 მეტრში გაჩერდა. ეზო სტუდენტებით იყო სავსე. მეუფესთან მივედი. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სტატიას ვამზადებდი, ანუ ინფორმაციის გადამოწმება მინდოდა, მაინტერესებდა, ნამდვილად დაუშინეს თუ არა მეუფის რეზიდენციას ქვები. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, ხოლო როცა კიდევ ერთხელ ვკითხე, შეკითხვითვე მიპასუხა. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

  

მეუფე: შენ  სტატია უნდა დაწერო და ფული გინდა მაგ ამბით იშოვო?  


მე რატომ ამბობთ ეგრე?

 

მეუფე: აბა, თუ ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ ამაზე ლაპარაკს, რატომ გვაიძულებთ?

 

მე: თქვენ თვითონ განაცხადეთ, როგორც ვიცი, ფეისბუქის საშუალებით…

 

მეუფე: როცა ვამბობ, რომ თავს ვიკავებ, ესე იგი თავს ვიკავებ!

 

მე: კარგი…  ისე, ფაქტი  ხომ ნამდვილად მოხდა?

 

მეუფე: არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. იცის შესაბამისმა დაწესებულებებმა და არ შეიძლება… ისა, მოდი შენ აქ – (მიმართა დაცვის უფროსს) რატომ შემოუშვით ჟურნალისტი ჩემ გარეშე? 

 

დაცვის უფროსი: გავაჩერე, მეუფეო, და მოვახსენებ-მეთქი…

 

მეუფე: როგორ შეიძლება?! ეს არ არის  სტადიონი, ეს არის ეკლესია. ცოტა მორიდება უნდა გქონდეს. მორიდება უნდა გქონდეს ყველას და პატივი უნდა სცეთ. არ შეიძლება, თქვენ მოძღვარი გყავთ, შვილო?

 

მე: კი

 

მეუფე: აბა, ვინ არის შენი მოძღვარი? ახლა შენს მოძღვარს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ასეთი ურჩი შვილი ჰყავს. როგორ შეიძლება ეს? ჟურნალისტებმა გადაკიდეთ ერთმანეთს მთელი ხალხი. გაჩერდით. უნდა იცოდეთ თქვენ, რომ არსებობს ისეთი რამ, რომელსაც ჟურნალისტმა უნდა გაუწიოს ანგარიში. იცოდეთ, ამის შესახებ არაფერი დაწეროთ, თორემ ოფიციალურად მოგთხოვთ პასუხს, შენც და შენს მოძღვარსაც. არ შეიძლება ასე!

 

მე: რას ნიშნავს… (სიტყვას მაწყვეტინებს)

 

მეუფე: რას ნიშნავს და იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა უნდა იცოდეთ, არის ისეთი რამ, რასაც შეიძლება ანგარიში გაეწიოს. და ასე არ შეიძლება ყველაფერზე ხელაღებით ლაპარაკი. 

 

მე: თქვენ თვითონ დაწერეთ… 

 

მეუფე: მე თუ დავწერე და სხვამ თუ დაწერა, შენ რა შუაში ხარ? შენ ვინ გკითხავს? 

 

მე: საჯაროდ განაცხადეთ…

 

მეუფე: რა იცით, რომ მე დავწერე? ჯერ ერთი და მერე მეორე, შენ ვინ გკითხავს ამას? 

  

ჩვენი დიალოგი აქ შეწყდა. მეუფემ უნივერსიტეტის ჭიშკრისკენ მიმითითა, შავ ჯიპში ჩაჯდა და დაელოდა, როდის წამოვიდოდი. უნივერსიტეტიდან გამოსვლისას გადავწყვიტე შუახევის პოლიციის სამმართველოსთვის მიმემართა და იქ გამერკვია ამბის დეტალები, რადგან მასალა, რომლის მოსამზადებლადაც რამდენიმე ათეული კილომეტრი გავიარე, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. 

  

ხიჭაურში, რომელიც ათი კილომეტრითაა დაშორებული დაბა შუახევს, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და გავყევი. მძღოლმა პოლიციის შენობის წინ გამიჩერა. ის იყო „მარშუტკიდან“ ჩამოვედი, მეუფის ჯიპი შევამჩნიე, რომელიც ნელი სვლით მოდიოდა. ჩანთაში ფოტოაპარატს დავუწყე ძებნა, ამ დროის განმავლობაში მეუფე სპირიდონმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ჩაიარეს. მეუფე ტელეფონზე საუბრობდა.  რამდენიმე წამი და ქუჩა პოლიციელმა გადმოჭრა. მომიახლოვდა და მკითხა: თქვენ ჟურნალისტი ხართ? ხიჭაურიდან მოდიხართ? მას შემდეგ, რაც დადებითი პასუხი მიიღო, მითხრა, რომ პოლიციის შენობაში უნდა შევყოლოდი. კითხვაზე – რატომ? პასუხად მივიღე, რომ პოლიციაში შეტყობინება იყო შესული. 

 

„მეუფემ დაგვირეკა, მის რეზიდენციაში შეჭრილხართ უნებართვოდ,“ – ეს იყო პირველი ინფორმაცია, რომელიც მივიღე იმის შესახებ, თუ რატომ სურდათ ჩემი დაკითხვა. პირველი, რაც გავაკეთე, რედაქტორს დავურეკე, მერე ტელეფონი გავთიშე და პოლიციელებს ვკითხე, განემარტათ, რა შეტყობინებაზე იყო საუბარი. 

  

დაახლოებით ოცი წუთი ვიდექი შუახევის პოლიციის სამმართველოს წინ, გარს პოლიციელები მეხვივნენ, იქვე იყო პოლიციის უფროსიც. ვნერვიულობდი, ჩემი ტელეფონი გამუდმებით რეკავდა, ვცდილობდი გამეგო, რაში მადანაშაულებდნენ. მთელ ამ პროცესს მეუფე მოშორებით მდგარი მანქანიდან აკვირდებოდა. 

 

რაღაც მომენტში გადავწყვიტე მივსულიყავი მეუფესთან და განმეორებით დამესვა კითხვები. პოლიციელებს ვთხოვე, გაქცევით არსად გავიქცევი, მივალ, მეუფეს რამდენიმე ფოტოს გადავუღებ და მოვალ-მეთქი. უცებ შემომეხვივნენ გარს,  მეუბნებოდნენ: „გეხვეწები, ეგ არ ქნა. შენ რომ ახლა ფოტოების გადაღება დაიწყო, აქ ერთი ამბები ატყდებაო“. მაშინ არ შემოვალ – ვუთხარი პოლიციელებს. შენ რომ ახლა არ შემოხვიდე და მეუფემ ეს არ დაინახოს, არ წავა, ერთ ამბავს ატეხსო. 

 

არ ვაჭარბებ. მართლა ასე იყო. ბოლოს დავთმე. პოლიციელებთან ერთად სამმართველოს შენობაში შევედი. შეტყობინება გამაცნეს. აი, მისი შინაარსი: 

 

„2012 წლის 31 ოქტომბერს, 11 საათსა და 55 წუთზე ხიჭაურის უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა ოსმან ჭაღალიძემ შეგვატყობინა, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად შევიდა ჟურნალისტი და ითხოვა პოლიციის დახმარება“. 

  

როგორც აღმოჩნდა, მედავებოდნენ, რომ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი, ანუ მე, თვითნებურად შევედი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. შედარება რომ გავაკეთო, ეს დაახლოებით იგივეა, მაგალითად, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში რომ შეხვიდე და უნივერსიტეტის რექტორმა ამის გამო პოლიციაში დარეკოს, თვითნებურად შემოვიდაო. გამოკითხვის ოქმის შევსება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დეტალურად მოვყევი რა და როგორ იყო იმ წამიდან, რაც ხიჭაურში ჩავედი. როცა სამგვერდიან გამოკითხვის ოქმზე ხელს ვაწერდი, მგონი, მაშინ გავაცნობიერე პირველად, ეპისკოპოსმა – ერთ-ერთმა მაღალი წოდების სასულიერო პირმა პოლიციაში მიჩივლა, თან არასწორი ინტერპრეტაციით.  

  

პასუხები კითხვებზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს:

 

რატომ ვერ შევიდოდი თვითნებურად ხიჭაურის უნივერსიტეტში? –  უნივერსიტეტის ეზოს შესასვლელ კართან დგას დაცვა, რომელიც გამოწმებს. დაცვის ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ. 

 

რატომ ვამბობ, რომ მეუფემ მიჩივლა და არა დაცვის უფროსმა, როგორც ეს შეტყობინებაში წერია?მეუფის ნებართვის გარეშე ხიჭაურის უნივერსიტეტში არაფერი წყდება. დაცვის უფროსი არ არის უფლებამოსილი პირი, რომელიც მსგავს საკითხს გადაწყვეტდა. 

 

ვაპირებ თუ არა ჩივილს?ამ წუთას ვფიქრობ, რომ არ ვიჩივლებ. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის დაცვის უფროსი დაისჯება, ხოლო ის ადამიანი, მეუფე სპირიდონი, რომლის უშუალო მითითებითაც დარეკეს პოლიციაში, დაუსჯელი დარჩება. 

 

არადა, ვფიქრობ, მეუფე სპირიდონმა ხელი შემიშალა ინფორმაციის მოპოვებაში და ამას გარდა, მისი წყალობით ერთი საათის პოლიციის სამმართველოში გატარება და ახსნა-განმარტების მიცემა მომიწია. 

 

ხიჭაურის უნივერსიტეტი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხიჭაურის უნივერსიტეტი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი