გიგი უგულავა: რამ გამოიწვია შეცდომა? ძალიან დიდმა სისწრაფემ [ვიდეო]

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს გენერალურ მდივან გიგი უგულავას ვკითხეთ: რა განასხვავებს მათ ახალ პარტიას ენმ-ისგან, რას ფიქრობს ის წარსულის შეცდომებზე და ამომრჩევლის რა სეგმენტზე აქვს გათვლა ახალ პოლიტიკურ გუნდს:

განსხვავებები

დროთა განმავლობაში საზოგადოება ძალიან მკაფიოდ დაინახავს განსხვავებას. ეს რომ არ ყოფილიყო, არც პარტია გაიყოფოდა. ჩვენი მიმართულებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ჩვენს ყოფილ კოლეგებს აქვთ. ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ  მაქსიმალური დერეგულაციისა და ლიბერალიზაციის მომხრე ვართ, პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით კი გაცილებით უფრო რადიკალური დღის წესრიგი გვაქვს.  მთავარი განმასხვავებელი, ჩემი აზრით, მაინც სახელმწიფოსა და ადამიანის დამოკიდებულებაზე ხედვა იქნება, ანუ რომელია პირველადი [ინტერესი]. ჩემი აზრით, სახელმწიფო ცალკე [აღებული] არ არსებობს, მას ქმნის ადამიანი და, შესაბამისად, ინდივიდუალური თავისუფლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აბსტრაქტულად აღებული სახელმწიფო ინტერესი. ჩემი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი წყალგამყოფი, როცა ხედვებზე ვსაუბრობთ. ანუ არ არსებობს სახელმწიფო ცალკე აღებული, არსებობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სახელმწიფოს. შესაბამისად, ადამიანი, როგორც მოქალაქე, უნდა იყოს ამოსავალი. ამასთანავე, სახელმწიფო არ უნდა იყოს დიდი (Big Government). სახელმწიფო უნდა იყოს მცირე. მოქნილი და დაბალბიუჯეტიანი იმისათვის, რომ  მეტი თავისუფლება იქნეს მიღწეული, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებები. ცალი ბორბლის [პრინციპით]. ანუ მხოლოდ პოლიტიკურ თავისუფლებებზე საუბარი არასწორია…  მაგალითად. დღევანდელი მთავრობა რასაც აკეთებს, როცა ეკონომიკას ხუნძლავს სხვადასხვა მავნე რეგულაციით და ეკონომიკურ თავისუფლებებს ზღუდავს.   თუ გინდა. რომ სახელმწიფო განვითარდეს,  ორივე ბორბალი [ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებები] სინქრონულად უნდა მუშაობდეს. არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლებები ეკონომიკური თავისუფლებების გარეშე და პირიქით, ქვეყანა ეკონომიკურად ვერ განვითარდება. თუ არ იარსებებს პოლიტიკური თავისუფლებები.  ამის  გარანტი აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ იქნება, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება ტრადიციულად აგრესიულია და  ხელისუფლების ყველა შტოს ხელში ჩაგდებას ცდილობს. ეს საბჭოთა ინერციაა, ამიტომ [ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებების] მთავარი გარანტი სასამართლო უნდა იყოს, რომელიც კვლავაც რჩება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევად. სწორედ თავისუფალი სასამართლოა ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებების მთავარი გარანტი. ამ მხრივ ჩვენ ჯერ, სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ სასურველისაგან.

წარსულის შეცდომები და მოქალაქეების ნაწილის შიში 

მე მესმის, ეს ლეგიტიმური შიშია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ამ შემთხვევაში არასწორი დისკურსი იქნებოდა გვეთქვა: ყველაფერი, რაც არ მოგვწონდა, იმათ [ენმ] დარჩათ და ყველაფერი კარგი – ჩვენ. საზოგადოება ამას [დასკვნას] თვითონ თუ გამოიტანს, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. როდესაც ხელისუფლებაში ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმ, ხარ, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც შენ კარგზეც იღებ და ცუდზეც. მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ არსებითად ვართ ის ძალა, რომელიც ვარდების რევოლუციის ღირებულებების გამტარებელი იქნება, რადგან ვარდების რევოლუცია მხოლოდ სახელმწიფოს კი არა, პირველ რიგში, ის ხალხს ეხებოდა. აქ ისევ იმ პარადიგმასთან მივდივართ: რაზე გააკეთებ სახელმწიფოს მშენებლობისას აქცენტს: მოქალაქეზე, თუ მოქალაქისაგან აბსტრაგირებულ სახელმწიფოზე. მე მეჩვენება, რომ სახელმწიფოს მმართველობის დროს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა სწორედ აბსტრაგირებულ სახელმწიფოზე ზრუნვა იყო, მათ შორის, შეიძლება, ხანდახან რიგით მოქალაქის ხარჯზე. მოქალაქე არ იქნება ძლიერი, თავისუფალი ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ვერც სახელმწიფო იქნება ძლიერი. ეს არის ის ნაწილი, რომელმაც შემდეგ სხვადასხვა ტიპის პრობლემები გამოიწვია. ახლა მე დეტალებში აღარ შევალ.

შეგიძლიათ დაასახელოთ შეცდომები?

შეცდომა რამ გამოიწვია, იმას ვიტყვი : ძალიან დიდმა სისწრაფემ… სისწრაფემ გამოიწვია სწორედ ის, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში ადამიანი დაიკარგა. შემდეგ ამან გამოიწვია ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენთვის ცნობილია, სამართალდამცავი სისტემის პრობლემები თუ… ამან წარმოქმნა დახურული სივრცეები, სადაც შეიქმნა ის ფურუნკული და პრობლემები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს მმართველობას თან ახლდა. მეორე მხრივ, მე ვთვლი, რომ ჩვენ ვართ სწორედ ის ძალა, რომელიც იმ პრობლემებსაც… საკუთარ შეცდომებსაც უკეთესად გამოვასწორებთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არაფრის მაქნისი მთავრობაა დღეს საქართველოში.

გიგი უგულავა © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

გიგი უგულავა © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი ტესტი. მართალია, ადგილობრივი არჩევნები Game changer (გადამწყვეტი) არ არის, მაგრამ თუ ლოკალურ პრობლემებზე არ დაიწყე საუბარი  და  მათი ადამიანებთან ერთად გადაწყვეტა, ვერანაირ მეგა არჩევნებს ვერ მოიგებ. ეს არის გრძელი ეტაპი, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს არ არის ხლაპუშკა, რომელსაც გაისვრი, ეს არის გრძელი, მომქანცველი, მაგრამ ძალიან სწორუპოვარი ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს.

ელექტორატის რა სეგმენტზე გაქვთ გათვლა?

საქართველოში დღეს ელექტორალური სურათი არეულია. მოგეხსენებათ, ძირითად პარტიებს კოლაფსი აქვთ და არ არსებობენ. ბევრი პარტია დღეს თავიდან იწყებს თავის ელექტორატთან მუშაობას, ამიტომ, გარდა ტრადიციული ძირითადი დაყოფისა (მემარჯვენე, მემარცხენე ცენტრისტი), მე პარტიული ბმით ელექტორატს არ დავყოფდი. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს უჭერენ მხარს, მაგრამ უდიდესი სეგმენტი  თავისუფალია.. მათ შორის ისეთებიც, ვინც, მაგალითად, “ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა ბოლო არჩევნებზე, ანუ ვისაც საერთოდ არ მოსწონდა “ოცნება” და ინერციით მისცა ხმა, რადგან სხვა არჩევანი ვერ ნახა. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, 500 000 ადამიანი, რომელმაც როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, ხმა მოგვცა – ისიც ჩვენი პოტენციური ამომრჩეველია და უამრავი სხვა, ვინც მემარჯვენე-ცენტრისტულ პოზიციებს იზიარებს.

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com